27 თებერვალსა და 2 მარტს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის დანიის ეროვნულ გუნდთან. ჩვენებმა თბილისური შეკრება უკვე დაასრულეს და 23 თებერვალს კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.
მანამდე მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ჯიკიჩმა მზადებისა და მომავალი მატჩების შესახებ ისაუბრა.
ალეკსანდრ ჯიკიჩი:
„როგორც ყოველთვის, თბილისში ადრეული შეკრება გავიარეთ, სადაც 15 კალათბურთელსა და ახალ ლეგიონერს ვუხმეთ. შეკრება რამდენიმე კალათბურთელისთვის ახალი გარემო იყო და ასეთი დატვირთვა პირველად გამოსცადეს. მათგან ხუთი ჩვენთან ერთად დანიაში მოდის. შეკრებაზე მყოფი მოთამაშეებისგან ზოგიერთით ძალიან კმაყოფილი ვარ, ზოგიერთით – პირიქით. სავარაუდოდ, მომიწევს ნაკრებში მათი მომავლის გადახევდა. დანიაში კიდევ რვა კალათბურთელი შემოგვიერთდება, სადაც ერთად სამი სრული ვარჯიში გვექნება და ერთი უკონტაქტო ვარჯიში შენგელიასთან, რაც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. თოკო მზადაა ითამაშოს კლუბში, შემდეგ ჩამოვიდეს და ჩვენ დაგვეხმაროს, აღარც გავაგრძელებ ამაზე საუბარს.
რაც შეეხება დანიას, ახლა სხვა გუნდია, ვიდრე ბოლოს ვეთამაშეთ. ისინი ძალიან სწრაფად და აგრესიულად თამაშობენ, რამდენიმე კარგი, ახალი მოთამაშე ჰყავთ. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი მათი სწრაფი შეტევების და ჩვენს ფარზე მოხსნების შესაჩერებლად. როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის ეს აუცილებლად მოსაგები თამაშებია და ვნახოთ, რა მოხდება.
მარკიზ რიდი ერთ-ერთია, ვისაც ვაკვირდებოდით. ვაანალიზებდით სიტუაციას მოახლოებული ფანჯრისთვის და გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა ქულების ჩამგდები უკანახაზელი, ისეთი – როგორიც რიდია“.
შეგახსენებთ, პირველი ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრები შინ უკრაინასთან 79:92 დამარცხდა, ესპანეთთან კი სტუმრად წააგო – 61:90; ორივე მატჩი აქვთ წაგებული სკანდინავიელებსაც.
პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 3-3 საუკეთესო ნაკრები მეორე რაუნდში აღმოჩნდება და უკვე ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის. ნაკრებებს პირველი ეტაპის შედეგები გადაჰყვებათ და მეორე ეტაპზე მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ. ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.