გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ალეკსანდრ ჯიკიჩი: ხატიაშვილს ბევრი სამუშაო აქვს

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დანია 89:60 დაამარცხა. მატჩის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ისაუბრა.

ალეკსანდრ ჯიკიჩი:

_ მიზანი მიღწეულია, მაგრამ გზა მარტივი არ ყოფილა. ვმუშაობთ რათა ყოველი მომდევნო მატჩი მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ვფიქრობ, პროგრესის რესურსი ჯერ კიდევ გვაქვს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ კალათბურთელს. მატჩებამდე აქ გავიარეთ მოსამზადებელი შეკრება, შემდეგ კი დანიაში გავემგზავრეთ. ეს ორი გამარჯვება იმათი დამსახურებაცაა, ვინც მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილში დაგვეხმარა და გუნდთან ერთად იმუშავა.

რაც შეეხება დანიას, ისინი სწორ მიმართულებას მიჰყვებიან, უკვე ახლა ამზადებენ ახალგაზრდულ გუნდს 2029 წლის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი და გამართლებული სტრატეგიაა.

მერკვილაძეს დრო მივეცით და სასარგებლო იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მეტის გაკეთება შეუძლია. ხატიაშვილის შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მდგომარეობა არ მომწონს. 17 წლის კალათბურთელია და, სამწუხაროა, რომ კლუბი არ აძლევს შესაძლებლობას, ნაკრებთან მეტი დრო გაატაროს. ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ბევრი აქვს სამუშაო – პირველ რიგში საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე უნდა იზრუნოს.

მათეს ორი წელია ვიცნობ და მისი პროგრესით კმაყოფილი არ ვარ. თუ სურს პროფესიონალი გახდეს და იმ დონეზე ავიდეს, რომლის პოტენციალიც აქვს, გარკვეული საკითხები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ნიჭი ნამდვილად აქვს, მაგრამ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ და და არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა მინახავს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოიყენეს. იმედი მაქვს, სწორად ესმის, რას ნიშნავს პროფესიონალიზმი. ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს. ეს პროფესია და შემოსავლის წყაროა, ჰობი არ არის. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ მუდმივად ვეტყვით, რომ დრო აქვს. დრო ძალიან სწრაფად გადის და ეს მან უნდა გააცნობიეროს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა, ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს პირველი ეტაპის ორი მატჩი. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 2 ივლისს უკრაინასთან სტუმრად ეთამაშება, ხოლო 5 ივლისს, ესპანეთს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი