
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ჩეხეთში 15-22 ნოემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შემადგენლობაში 14 შერკინებისა და 12 ხაზის მოთამაშეა. მათგან 11 მორაგბე 2008 წელსაა დაბადებული, რაც ნიშნავს, რომ გაისადაც შეეძლებათ ამ ასაკის ნაკრებში თამაში. შემადგენლობაშია ორი ლეგიონერიც – ტულონის ბურჯი გიორგი ბერძენიშვილი და მონპელიეს მეორეხაზელი ნიკოლოზ ჩხორთოლია, რომელიც ჩეხეთში გუნდის კაპიტანი იქნება.
მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელი ზურა ამონაშვილი საუბრობს:
„მოცემულობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. 26-კაციან განაცხადში რამდენიმე ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. ისინი გადადიან კლუბების განკარგულებაში და განვითარებას იქ აგრძელებენ. ასევე გვყავს რეზერვის მოთამაშეები. ერთი კვირის განმავლობაში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ფაქტობრივად ყველა ტურნირზე გვიწევს მოთამაშეების დამატება და სავარაუდოდ ახლაც ასე იქნება. დარწმუნებული ვარ საჭიროების შემთხვევაში რეზერვის მოთამაშეები მაქსიმალურად მომზადებული იქნებიან…
სამწუხაროდ, გვაქვს დანაკლისი. გამოგვაკლდა ორივე კაპიტანი: დავით ბარამია ტულონმა არ გამოუშვა. საქმე ის არის, რომ 18-წლამდელთა ფორმატიდან გამომდინარე, კლუბების ნება-სურვილზეა გამოუშვებენ თუ არა მოთამაშეს და ჩვენ მათზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. კუნთი დაიზიანა დემეტრე დევდარიანმა. ასევე ტრავმირებულია გოგა ბერიძე და შესაბამისად, დაგვაკლდება ორივე ცენტრი რომლებიც წინა ტურნირზე გვყავდა. ფრანგულმა კლუბებმა არ გამოუშვა გაბრიელ რაზმაძე და ნიკოლოზ ბალანჩივაძე…
მათ ნაცვლად გვყავს მორაგბეები, რომლებიც მზად არიან სათამაშოდ. გავიარეთ ძალიან კარგი მომზადება. გვქონდა ოთხი მოკლე კვირა: ორი ოთხდღიანი და ორი ხუთდღიანი, რომლის განმავლობაში ჩავატარეთ ამხანაგური თამაშები და მართვადი ვარჯიშები. ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ სელექციისა და შეთამაშებისთვის. ორი მართვადი ვარჯიში ჩავატარეთ ვეფხვებთან, ასევე ამხანაგური შეხვედრები გავმართეთ ლელოსა და არმიას ესპუარებთან. ბოლოს სამი 15-წუთიანი ტაიმებით ვეთამაშეთ 20-წლამდელთა ნაკრებს. მათთვის ეს იყო სასელექციო შეხვედრები, ჩვენ კი აქცენტი შეთამაშებაზე გავაკეთეთ“.
გუნდი ხვალ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შევა, ხოლო ჩეხეთში 14 ნოემბერს გაემგზავრება, 15-ში კი პირველ თამაშს გამართავს. გუნდი ტიტულის დაცვას პოლონეთით დაიწყებს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო ნახევარფინალში ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს შეერკინება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
„მოცემული მომენტისთვის პოლონეთზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენი ვიდეო-ანალიტიკოსი ამ დღეებში მოიპოვებს მეტოქის თამაშის ვიდეო-ჩანაწერს და სრულად გადავერთვებით პირველ შეხვედრაზე. ჯერ არ ვიცით რომელ საათზე დაიწყება მეორე თამაში. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული შეძლებს თუ არა მასპინძელი ჩეხეთი პორტუგალიის დამარცხებას. შარშან ჩეხეთმა შეძლო იმავე პორტუგალიასთან გამარჯვება და წელს არავინ იცის რა იქნება.დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი თაობა ყავს ესპანეთს, რომელმაც გაზაფხულზე გამართულ ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდია დაამარცხა. მარტივი ტურნირი არ იქნება, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ ღირსეულად წარვსდგეთ ევროპის ჩემპიონატზე და ზედიზედ მეშვიდედ მოვიპოვოთ ტიტული“, – ამბობს ამონაშვილი.
საქართველოს 18-წლამდელთა შემადგენლობა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე
შერკინება: საბა მშვილდაძე, ლუკა ბარბაქაძე, გოჩა ფიცხელაური, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, იაგო ღუდუშაური, ანდრია ბილანიშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია, საბა გიორგიძე, ლუკა შულაია, მათე ბერუაშვილი, გიორგი ქევანიშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე;
ხაზი: გოგა უშვერიძე, ალექსანდრე გაგუა, ლევან ბუცხრიკიძე, მათე მახარაძე, გიორგი გაბუნია, დათა ახვლედიანი, გიორგი კეკელია, ლუკა ტაბატაძე, გიორგი მუშკუდიანი, ავთანდილ ზვიადაძე, დავით არობელიძე, ლუკა ჭაკუა.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 18 საათის agoფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა
გააზიარეთიტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 20 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება
გააზიარეთშავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 1 დღის agoეკიპი: რენთან თამაში კვარას აქტივია
გააზიარეთფრანგული პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მე-15 ტურში, რენის (5:0) წინააღმდეგ დუბლი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი