გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ბათუმის დინამო დაუმარცხებელია, ლიდერი სპაერია

გააზიარეთ

ეროვნული ლიგა განახლდა. მეხუთე ტურში 17 გოლი ვნახეთ. აქედან რვა თავით გავიდა, თან ლამაზი გოლები. არცერთ მატჩში ფრე არ დაფიქსირებულა. სამ-სამი ქულა აიღეს დილამ, სამგურალმა, დინამო ბათუმმა, იბერია 1999-მა და ტორპედომ.

დინამო (თბ)-დილა 1:2

ეს გორელთა ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. ქართლელები მე-20 წუთზე დილა ლაშა მენთეშაშვილმა დააწინაურა. მან ტრეი ფულერის კარგი პასის მერე გაიტანა.

დინამოელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს. ბარნს ოსეის ჩაწოდება და გიორგი გვასალიამ თავით ზუსტად დაარტყა – 1:1.

57-ე წუთზე კი ზურაბ მუსელიანმა ლამაზი თავურით ისევ წინ გაიყვანა დილა. ეს მუსელიანის პირველი გოლია დილას მაისურით. საგოლე პასი კი მენთეშაშვილმა გააკეთა…

დინამომ ზედიზედ მესამეს ვერ მოიგო…

სამგურალი-რუსთავი 2:1

წყალტუბოელებმა პირველი ტაიმი წააგეს რუსთაველებთან, მაგრამ საბოლოოდ სამი ქულა აიღეს.

შესვენებამდე რუსთაველთა ბრაზილიელმა ფორვარდმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ არსენ სიუკაევის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა საკუთარი გუნდი დააწინაურა. რუსთავს ამ სეზონში სამი გოლი აქვს გატანილი და სამივე ალმეიდამ მიითვალა.

სამგურალმა 51-ე წუთზე გაათანაბრა: ნიკა ხორხელმა ფლანგიდან კარგად შეასრულა საჯარიმო.

გადამწყვეტი გოლი კი მე-80 წუთზე გავიდა. წყალტუბოელთა შემტევი ნიკო ცეცხლაძე წააქცია დავიდ ოლივეირამ, დაინიშნა პენალტი და ბრაზილიელმა ველისოლმა გაიტანა – 2:1.

გაგრა-იბერია 1:2

ამ შეხვედრაში სწრაფი გოლი ვნახეთ, იბერიელთა საყრდენმა ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ შორიდან დარტყმით გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს გაგრამ დავით მუჯირის გოლით გაათანაბრა: მუჯირმა ვანდერსონ სილვას პასის მერე შეაგდო.

69-ე წუთზე კი მოქმედი ჩემპიონი მეორედ დაწინაურდა და როგორც აღმოჩნდა, ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა გურამ გოშთელიანმა მართლაც მშვენივრად ითამაშა, ნახტომში თავურით გადაგზავნა ბურთი ოლექსანდრ ვორობეის კარში.

ტორპედო-მეშახტე 3:0

ქუთაისელებმა დიდი ანგარიშით სძლიეს ტყიბულელებს, რომლებსაც საწყის სამ ტურში გოლი საერთოდ არ ჰქონდათ გაშვებული.

მე-17 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ჩაწოდებულ ბურთს დიეგო დეისაძემ მიაყოლა თავური და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში კი ტორპედომ კიდევ ორჯერ იზეიმა გოლი: ისევ მამუჩაშვილის საგოლე პასს მოჰყვა გიორგი არაბიძის დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმა; მერე არაბიძემ ფელიპე პირესს გაატანინა.

დინამო (ბთ)-სპაერი 4:1

დინამო ბათუმმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, თანაც ლიდერ სპაერთან. ზღვისპირელები მე-14 წუთზე უკვე სამი ბურთის სხვაობით იგებდნენ…

ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა თავით; მერე კონტრშეტევისას თორნიკე კირკიტაძემ ჩააწოდა და დმიტრი მანდრიჩენკომ ასევე თავურით ორამდე გაზარდა სხვაობა; მალევე კიდევ ერთხელ გაიტანა მანდრიჩენკომ და ისევ კირკიტაძის გადაცემის შემდეგ.

სპაერმა პირველივე ტაიმში შეამცირა სხვაობა – საბა გეგიაძემ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა. ერთ წუთში გეგიაძეს ცოტა დააკლდა დუბლის შესრულებამდე: ძელს მოარტყა ბურთი…

მეორე ნახევარში ერთი გოლი ვნახეთ, კერძოდ, მასპინძელთა ალბანელმა ლეგიონერმა უერდი მარამ საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილი დარტყმით გაიტანა – 4:1.

დინამოს ამ ტურამდე სამი მატჩიდან სამი ფრე ჰქონდა და აი, ახლა გაიმარჯვა. ერთადერთი გუნდია, რომელიც ეროვნული ლიგის ამ სეზონში არ დამარცხებულა.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი