
საქართველოს რაგბის ნაკრების ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე შავი ლომიდან ინგლისურ ექსეთერ ჩიფსში ზაფხულში გადავიდა და პრემიერშიფში პირველი მატჩიც ითამაშა.
23 წლის ქართველის ოფიციალური დებიუტი ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში, ნორთჰემპტონთან გასვლით შეხვედრაში შედგა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 33:7 მოიგეს, მაგრამ სტუმრებმა შესვენების შემდეგ უკეთ ითამაშეს და, საბოლოოდ, ფრე – 33:33. ჭუმბაძე თამაშში სწორედ მეორე ტაიმში, 58-ე წუთიდან ჩაერთო.
ჭუმბაძის ინტერვიუ რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ძალიან გამიხარდა პირველივე მატჩში განაცხადში რომ მოვხვდი და თამაშიც დრამატული და სანახაობრივი გამოვიდა. რომ არა გაუქმებული ლელო, მოგებაც შეიძლებოდა. ეს ჩემთვის განსხვავებული გამოწვევა იყო და დიდი გამოცდილება შევიძინე. ამ თამაშში ყველაფერი იყო საიმისოდ, რომ დებიუტი დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ტრიბუნები გადავსებული იყო, თავისუფალ ადგილს ვერ ნახავდი და გულშემატკივრობა წამითაც არ შეჩერებულა…
ინგლისურ რაგბთან ადაპტაცია არ გამჭირვებია. ძალისმიერ თამაშში – შერკინებებსა და მოლში ერთგვარ უპირატესობასაც ვგრძნობდი. ვფიქრობ, ამ კომპონენტებში ქართველი მორაგბეები არავისთან დავიჩაგრებით. აქამდე ჩატარებულ თამაშებთან შედარებით ღია თამაშში მაღალი იყო სისწრაფეები. ნელ-ნელა ამასაც ვეჩვევი და ვიმედოვნებ შემდეგი თამაშები უკეთესი იქნება“, – ამბობს ახალგაზრდა მორაგბე.
ჭუმბაძისთვის ექსეთერი პირველი უცხოური გუნდია. ახალი გარემო და გამოწვევები ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ქართველმა ბურჯმა სიახლეებს კარგად აუღო ალღო:
„გუნდში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, როგორც მწვრთნელებმა, ასევე მორაგბეებმა. ძალიან კარგი გარემოა და მსიამოვნებს როგორც ვარჯიშები, ასევე ბიჭებთან ურთიერთობა. მოსამზადებელი პერიოდის პირველ კვირაში გარკვეული სირთულეები იყო, მაგრამ ადაპტაცია სწრაფად გავიარე და შევეჩვიე ყოველდღიურობას. ახლა ვარჯიშებისგან სიამოვნებას ვიღებ და მოუთმენლად ველი ყოველ სათამაშო კვირას…
ოფიციალურამდე ერთი ამხანაგურიც ვითამაშე ოსფრეიზთან. მაშინ მხრის და მკერდის კუნთების ტრავმა მქონდა და არც ველოდი სასტარტო შემადგენლობაში თუ დამაყენებდნენ. სიმართლე გითხრათ თამაშიც არ წამივიდა და არც ნორთჰემპტონთან განაცხადში მოხვედრას ველოდი. თუმცა, მწვრთნელებმა ნდობა გამომიცხადეს, შეცვლაზე შევედი და ძალიან კარგი თამაში მქონდა“, – აგრძელებს ბაჩუკი.
ნოემბერში საქართველოს ნაკრებს სამი ტესტ-მატჩი ელის და ჭუმბაძე იმედოვნებს, რომ ამ პერიოდში ბორჯღალოსნების ნაწილი იქნება:
„ყველა სანაკრებო თამაში ჩემთვის მნიშვნელოვანია და დიდი იმედი მაქვს ნოემბერში ბორჯღალოსნების კვართის მორგების შესაძლებლობა მექნება. მინდა რომ მანამდე კლუბში ბევრი თამაში მომიწიოს, რათა გავიზარდო, დავიხვეწო, ინგლისური რაგბის ტემპი და თამაშის თავისებურებები სრულად შევიგრძნო. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი სანაკრებო თამაშებში გამომადგება…
რაც შეეხება თავად თამაშებს, ვფიქრობ სამივეს მოგება შეგვიძლია. ამის სურვილიც გვაქვს და შესაძლებლობაც და დარწმუნებული ვარ გულშემატკივრებთან ერთად მიზანსაც აუცილებლად მივაღწევთ“, – დასძინა ჭუმბაძემ.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 9 საათის agoსენსაცია კასპში და ბათუმელთა იოლი გამარჯვება
გააზიარეთსაქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალი სენსაციური შედეგით დაიწყო. A ლიგის კასპის გრიფინმა სუპერლიგელი კსუ 101:98...
ავტორი admin_etablo -
ხელბურთი
/ 22 საათის agoბრძოლა და მარცხი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან
გააზიარეთევროპის ჩემპიონატი სასტარტო მატჩი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ხორვატიის ნაკრებს ეთამაშა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ზამთრის სახეობები
/ 1 დღის agoნიკა ეგაძის ევროპული და ისტორიული ოქრო
გააზიარეთნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. შეფილდში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი