8 თებერვალს საქართველოს რაგბის ნაკრები სტუმრად შვეიცარიას ეთამაშება. ეს იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი.
შვეიცარიისთვის რაგბი ისტორიული ამბავია, მაგრამ შედეგები ნამდვილად არ აქვს. ქვეყანაში პირველი სარაგბო მატჩი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 157 წლის წინ გაიმართა. ლოზანას სარაგბო კლუბმა თავისი პირველი თამაში 1869 წელს ჩაატარა, მაგრამ პოპულარობა ვერ მოიპოვა და რაგბის ფედერაცია საუკუნის შემდეგღა დააარსა.
შვეიცარიის რაგბის ფედერაცია 1972 წელს დაარსდა და თავდაპირველად რაგბი უსისტემოდ ვითარდებოდა. შვეიცარიის ნაკრები 1973 წელს ჩამოყალიბდა და პირველი თამაში 11 აპრილს, პორტუგალიის (4:23) წინააღმდეგ გამართა. პირველი გამარჯვება კი, 1975 წელს იზეიმა, როდესაც სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებს (12:3) სძლია.
გუნდის თიკუნი „ედელვაისია“ და ეს თეთრი ყვავილი შვეიცარიის რაგბის კავშირის გერბზეა წარმოდგენილი. შვეიცარიის რაგბის კავშირი 1974 წელს რაგბი ევროპის, ხოლო 1988 წელს მსოფლიო რაგბის წევრი გახდა.
შვეიცარია 2000 წელს რაგბი ევროპის გათამაშების მესამე დივიზიონში ჩაერთო, 2016 წლიდან მეორე დივიზიონში თამაშობდა, სადაც 2024 წელს პირველი ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად, ჩემპიონატზე აღზევდა, სადაც მათ პირველი ოთხი მატჩი დათმეს. თუმცა, ბოლოს გერმანიას 20:17 სძლიეს და მეშვიდე ადგილი დაიკავეს.
შვეიცარიას არასდროს უთამაშია მსოფლიო თასზე, რეიტინგში კი, 55,26 ქულით, 28-ე ადგილზეა.
ქვეყანაში 50 კლუბი და 6 000-მდე რეგისტრირებული მორაგბეა.
შვეიცარიასთან აქამდე ორჯერ გვითამაშია. დამოუკიდებელი ქართული რაგბის გარიჟრაჟზე, 1994 წლის 4 ივნისს, ჩვენმა გუნდმა შონ დე ფონში მეტოქე მინიმალური სხვაობით, 22:21 დაამარცხა. შემდეგ ქართულმა რაგბმა უდიდესი პროგრესი განიცადა, რაც ამ გუნდების მეორე შეხვედრაში აისახა და 2025 წლის 1 თებერვალს მეტოქეს 16 უპასუხო ლელო გავუტანეთ – 110:0.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან მარცხი შვეიცარიის ნაკრებისთვის ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებაა, თავად კი, 2000 წელს, ბულგარეთი დაამარცხეს 90:9.