გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

გიორგი ნემსაძე: ყველა ბურთს ხელით არ წამოვიღებთ

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები ახალ ერას იწყებს. გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი ნემსაძის დანიშვნის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი კიდევ ორი ვეტერანი ბორჯღალოსნით გაძლიერდა.

შერკინების მწვრთნელად შალვა მამუკაშვილი დაინიშნა, ხოლო ირაკლი ყიასაშვილი ხაზთან იმუშავებს. გუნდში რჩებიან შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე.

საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე ნემსაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა.

გიორგი ნემსაძე:

„ზურაბ ამონაშვილმა დიდი და შრომატევადი სამუშაო გაწია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. უდიდეს გამოცდილება აქვთ მასთან მომუშავე პაატა მაისურაძესა და მიშა სუჯაშვილსაც, რომლებიც გუნდის ორგანიზებასა და სამომავლო გეგმებში ძალიან დიდ დახმარებას მიწევენ. მათი გამოცდილება კოლოსალური და ფასდაუდებელია და მათ გარეშე ბევრი რამ ძალიან გართულდებოდა…

რაც შეეხება ახალ სახეებს, მე და შალვა მამუკაშვილი წლების განმავლობაში ერთად ვთამაშობდით. კვაჭი, პოზიციიდან გამომდინარე, თავიდანვე ფლობს გუნდის ლიდერობისთვის საჭირო თვისებებს და თამაშის დროსაც მოედანზევე აქვს სამწვრთნელო უნარები. შალვა, სუჯაშვილთან ერთად, კვაჭების ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაზე და მთელს პირველ ხაზთან იმუშავებს. შალვა ძალიან კარგი პიროვნებაა. ვფიქრობ, ერთ-ერთი ნათელი წერტილი იქნება ნაკრების სამწვრთნელო ვერტიკალში…

ყიასაშვილი კი, დიდი ხანია ლელოში მუშაობს. თამაშზე თავი ახალი დანებებული აქვს და უკვე ლელოს აკადემია ჩაიბარა, სადაც კარგად გამოჩნდა მისი დადებითი მხარეები. ფაქტობრივად, გუნდში ერთი თაობის მორაგბეები ვართ. ჩემი აზრით, ყველანი ერთად, გუნდში ახალ ენერგიასა და სასარგებლო სიახლეებს შევიტანთ…

საქართველოს ნაკრებში მუშაობა, ჩემთვის საამაყო და საპასუხისმგებლო საქმეა. როდესაც საუბარია საქართველოს ნაკრებზე და ეროვნულ ჰიმნზე, ეს არის ამაღელვებელი და ამავდროულად, მძიმე ტვირთი. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომელთაც ზუსტად ასეთივე განცდა აქვთ, ვეცდები დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გავართვა…

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ რაგბი თამაშია და ჩვენც უნდა ვითამაშოთ. სადაც აქამდე მიმუშავია, ჩემი მიზანი ყველგან მეტი რაგბი და თამაში იყო. ასე იქნება ახლაც. მთელს სარაგბო სამყაროში ეს არის განვითარების ასაკი, სადაც მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპლექსების გარეშე თამაშია…

რა თქმა უნდა გვექნება სისტემური რაგბიც, დარტყმა-ახურვის თამაშიც. არ ვამბობ, რომ ყველა ბურთს ხელით წამოვიღებთ. ასე არ იქნება. ძალიან მომწონს სისტემური და ტაქტიკური რაგბი, მაგრამ ეს უნდა იყოს დაფუძნებული უნარებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ ღია თამაშში უნარებს…

ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშეებისთვის პრიორიტეტების დასახვა. მინდა, რომ ყველას ქონდეს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ამას კარგად იაზრებდეს. მორაგბეები მაქსიმალურად იქნებიან ჩართული გუნდის ცხოვრებაში, მიიღებენ გადაწყვეტილებებს როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი რაგბის და სტატიკური ფაზების ორგანიზებაში. მათ უნდა გაითავისონ, რომ ჩვენ ყველანი ერთი მთლიანის ნაწილი ვართ…

დღევანდელ რაგბიში კომბინაციები ისეა დახვეწილი, რომ თეორიულად, ხაზს ნებისმიერ გუნდს გაუჭრი, მაგრამ აქ უკვე გადამწყვეტი ხდება ჩვენი უნარები. როდესაც მოედანზე ვიყავი, ყველაზე კარგად ვიცოდი რისი გაკეთება შემეძლო. მწვრთნელმა შეიძლება მოგცეს დავალება, რომელსაც ვერ შეასრულებ. ამიტომ, ჯერ უნდა შევთანხმდეთ შეგვიძლია თუ არა რაიმე კონკრეტულის შესრულება, მერე კი, მის აღსრულებაზე ვიყოთ პასუხისმგებელი“.

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი ნემსაძე ქუთაისის აიას მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და სრულად ჩაერთვება ჭაბუკთა განვითარებაში:

„აია ყოველთვის იქნება ჩემს გულში, მაგრამ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მასთან პროფესიულ კავშირს ვწყვეტ. 18 წლამდე ნაკრების მწვრთნელობა რთული და შრომატევადი საქმეა, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს…

მომავალი სეზონიდან მაქსიმალურად ვიქნები ჩართული ა ლიგისა და ზოგადად ასაკობრივი კლუბების საქმიანობაში, იქნება ეს მენტორული საქმიანობა თუ მასტერკლასები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ უნარებიანი მოთამაშეების შექმნა, რომელთაც ამ უნარების მაღალ წნეხში გამოყენება შეეძლებათ. ძალიან რთულია ამ ყველაფრის ერთ კვირიან, თუნდაც ერთთვიან შეკრებაზე მოხერხება. ეს მხოლოდ ერთობლივი მუშაობით მიიღწევა და მუდმივი კონტაქტი მექნება ჭაბუკთა ლიგის მწვრთნელებსა და მენეჯერებთან. მწვრთნელების მიზანი უნდა იყოს, რომ ნაკრებში მათი აღზრდილი რაც შეიძლება მეტი მორაგბე მოხვდეს. ვფიქრობ, ეს მიდგომა მოგვცემს იმ ხარისხის მოთამაშეებს, რაც დაგვაახლოვებს ტიერ 1-ის ქვეყნებთან“.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად ინტერვიუ