11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩს ესპანეთთან სტუმრად გამართავს. მატჩის წინ „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„იმედია ამინდი არაფერს შეცვლის და თამაშს შევძლებთ. რაც შეეხება ლაპორტს – ყოველთვის ვამბობდი, რაც უფრო მეტი ესპანელი ფეხბურთელი იქნება ესპანეთში, უკეთესია, რადგან საუკეთესო ლიგაა. ახლა ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში თამაშობს, შესაბამისად, საუკეთესო ლაპორტი დაბრუნდა…
ლამინთან დაკავშირებულ სიტუაციაზე საუბარი არ მსურს, უკვე ყველაფერი ითქვა. მინდა, საქართველოსთან მატჩზე ვისაუბროთ…
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად მატჩების მოგება აუცილებელია, რაც ადვილი არ იქნება. რთული მატჩი გველოდება, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. როგორც ყოველთვის ვამბობ ხოლმე, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ. ბიჭები კონცენტრირებული არიან…
ოლმომ გარკვეული დისკომფორტი იგრძნო, თავს კარგად ვერ გრძნობდა და 15 წუთის შემდეგ ვარჯიში შეწყივიტა და სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება…
კუბარსის დაცვის ცენტრის ორივე მხარეს თამაში შეუძლია, როგორც ლე ნორმანს. რაც რთულ სიტუაციებში ლავირების საშუალებას გვაძლევს…
არანაირი კონფლიქტი არ არის, არც ბარსასთან, არც ფლიკთან და ფედერაციის მხრიდანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. კონტრაქტი 2028 წლამდე მაქვს და მინდა, რომ 2030 წლის მუნდიალამდე დავრჩე, როცა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენთან გაიმართება…
ტრავმებზე არ ვნერვიულობ, რადგან უამრავი ვარიანტი გვაქვს. ფერანს შეუძლია ფლანგზე თამაში, ისევე, როგორც ხესუს როდრიგესს და სხვა ფეხბურთელებს. ვფიქრობ, დიდი არჩევანი მაქვს, რადგან შემიძლია 40-დან 50-მდე ფეხბურთელის არჩევა. შემიძლია, ორი ან სამი ეროვნული გუნდის ჩამოყალიბება. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ისაა, რომ მინდა ყველა ჯანმრთელი იყოს“.
შეგახსენებთ, სექტემბერში საქართველომ ორი საშინაო მატჩი გამართა: თურქეთთან 2:3 წააგო, ხოლო ბულგარეთი 3:0 დაამარცხა. 11 ოქტომბერს, სანიოლის გუნდი ესპანეთს ეთამაშება, ხოლო 14-ში, იზმითში – თურქეთს.
სატურნირო ცხრილს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს; საქართველოსა და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ; ბულგარეთი უქულოა.