
თანამედროვე რაგბი თამაშთან ერთად ტექნოლოგიების ჭიდილიცაა. მწვრთნელები სხვადასხვა საშუალებებით იღებენ ინფორმაციას როგორც საკუთარი გუნდისა და მოთამაშეების, ასევე მოწინააღმდეგეების შესახებ, რის საფუძველზეც გეგმავენ თამაშს, ვარჯიშებს და არჩევენ შემადგენლობას.
ერთ-ერთი ასეთი, უმნიშვნელოვანესი საშუალებაა ვიდეო-ანალიზი, რომელიც გუნდის მზადებაში უდიდეს როლს თამაშობს. საქართველოს ნაკრებში ეს პრაქტიკა 2010 წლიდან დაინერგა და მუდმივად ვითარდება, პირველი მერცხალი კი დავით რამიშვილი იყო, რომელიც აგერ უკვე 15 წელია ამ საქმეს ემსახურება:
„რაგბის კავშირს ადრეც ქონდა ნაკრებში ვიდეო-ანალიზის სისტემის დანერგვის მცდელობა, თუმცა შესაბამისი კადრის არარსებობის გამო, ეს ვერ მოხერხდა. 2009 წლის დეკემბერში საქართველოში ფრანგი სპეციალისტი ჩამოვიდა, რომელსაც ფრანგული პროგრამა ქონდა ჩამოტანილი – Tech XV და სჭირდებოდა ადამიანი, რომელმაც კომპიუტერიც კარგად იცოდა და რაგბიც. იმ დროს რაგბში აღარ ვმუშაობდი. ლევან მაისაშვილს გავახსენდი და რაგბის კავშირს ჩემი კანდიდატურა შესთავაზა. პროგრამის მუშაობის გასაცნობად სამი დღე დამჭირდა და დავიწყე მუშაობა…
2010 წლის ბოლოდან ახალ პროგრამაზე, SportsCode-ზე გადავედით და დღემდე ამით ვმუშაობთ. ეს პროგრამა ბევრად უფრო სწრაფია და თითქმის ყველა წამყვანი სარაგბო ქვეყანა იყენებს. ეგრეთწოდებული კოდირება ეპიზოდებად დაყოფას მოიცავს. ნებისმიერი სახით შემიძლია თამაშის დაყოფა, მაგალითად, თითოეული გუნდის დერეფანი, შერკინება, ცენტრიდან დაწყება, რაქი, მოლი, ტერიტორია, ბურთის ფლობა, მოწინააღმდეგის 22-ში შესვლის ეფექტურობა, კონტაქტის მოგება, ჯარიმები, ბურთის დაკარგვა, ხაზის გაჭრა, ფეხით თამაში და ა.შ…
ეს მწვრთნელებს უმარტივებს თამაშის ნახვას და ანალიზს. სრული თამაშის დრო დაახლოებით 40-50 წუთამდე მცირდება. ასევე შეგიძლია კონკრეტული ეპიზოდების შერჩევა დაწვრილებითი ანალიზისთვის (მაგ. დერეფნები, რომლებიც სუფთად მოვიგეთ და ა.შ.). ასევე შესაძლოა შეირჩეს ინდივიდუალური მოთამაშეების ეპიზოდები. ეს ყველაფერი ხდება როგორც თამაშის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ…
ასევე, ჩვენს ფუნქციებში შედის მოწინააღმდეგე გუნდის თამაშების ანალიზი. მწვრთნელებს ვაცნობთ ჩვენი თვალით დანახულ ძლიერ და სუსტ მხარეებს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ეს ყველაფერი კი იმის გამო კეთდება, რომ მწვრთნელებს მეტი კონცენტრაცია ქონდეთ უშუალოდ მოედანზე…
ციფრებით თამაში
შეკრებაზე ყოფნის პერიოდში ვიდეო-ანალიტიკოსებს განსაკუთრებით მძიმე სამუშაო გრაფიკი აქვთ, შედარებით მსუბუქ დღეებში კი ახალ ფანჯრებს ქმნიან, რათა მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ციფრების აღქმა გაუადვილდეთ. გარდა ამისა, ხალისის შემოსატანად ისინი გარკვეულ შეჯიბრობითობის პრინციპსაც ნერგავენ:
„ციფრებში ყურება მოთამაშისთვის შესაძლოა მოსაწყენი იყოს, ამიტომ ვაძლევთ შედარების საშუალებას. მაგალითად, ის ხედავს ბოჭვების კუთხით რა იყო მისი საუკეთესო მაჩვენებელი სეზონში, ან მის დასაწყისში და რა იყო ბოლო თამაშში. ეს მას დაფიქრების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, რგოლებს შორის გვაქვს შეჯიბრობითობის პრინციპი. მაგალითად, ვადარებთ ბოჭვებს, ოღონდ არა რაოდენობის, არამედ შესრულების ხარისხის კუთხით. ამან გააჩინა მოლოდინი და უკეთესი თამაშის სურვილი…
ყველა მორაგბეზე ყველა თამაშის შემდეგ მზადდება ინდივიდუალური სტატისტიკა და თავადაც შეუძლიათ მისი ნახვა. გუნდის ოთახში რამდენიმე კომპიუტერია და იქ არის როგორც სტატისტიკური მონაცემები, ასევე კონკრეტული ეპიზოდების ვიდეოები. არიან მოთამაშეები, რომლებსაც მთელი თამაში ზეპირად ახსოვთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც უკვირთ გარკვეული ეპიზოდები თუ მაჩვენებლები. ზოგს უარყოფითი სიურპრიზები ხვდება, ზოგს სასიამოვნო. მათ უყვართ საკუთარი ჰაილაითების ხილვა…
არის ძირითადი პარამეტრები, რასაც მუდმივად ვიყენებთ. ეს აძლევს მწვრთნელს საშუალებას შეაფასოს რამდენად ეფექტურად იმუშავა გუნდმა კვირის განმავლობაში და რამდენად შეძლო იმ პარამეტრების გაუმჯობესება, რაზეც თამაშიდან თამაშამდე მუშაობდა, თუმცა ეს უფრო დამხმარე საშუალებაა…
დრონები ცაში
2018 წლიდან დავით რამიშვილს მიმდევარი გამოუჩნდა – მისი შეგირდი ლაშა მჭედლიშვილი გახდა:
„ტრავმის გამო რაგბის თამაშს თავი ნაადრევად დავანებე, მაგრამ ამ საქმეში დარჩენა მსურდა და გადავწყვიტე ბედი ვიდეო-ანალიტიკოსად მეცადა. მივებარე დავით რამიშვილს და პრაქტიკები ეროვნულ გუნდთან გავიარე. შევისწავლე პროგრამის საფუძვლები, მაგრამ იმდენად მოცულობითი საქმეა, ახლაც სწავლის პროცესში ვარ. პირველი შეხედვით წარმოუდგენლადაც კი მეჩვენა ამ პროგრამის ათვისება იმდენი ციფრი და მონაცემი იყო, თუმცა ნელ-ნელა წნეხს მივეჩვიე. საქმე საპასუხისმგებლოა, რადგან შენი ნამუშევარი მიგაქვს მწვრთნელთან, საიდანაც მან უნდა გამოიტანოს დასკვნა და მიიტანოს მოთამაშემდე, მას კი მთელი საქართველო უყურებს“.
მჭედლიშვილი პირველი სამი წლის განმავლობაში 7-კაცა და 18-წლამდე ნაკრებებთან მუშაობდა, მერე კი ეროვნულ გუნდს და შავ ლომს შეუერთდა:
„ყველა გუნდთან მუშაობას თავისი სირთულე აქვს. 18-წლამდელთა თამაშები ახლო-ახლოა (3 დღის ინტერვალით) და ტურნირის დროს გადაბმულად გიწევს რამდენიმე დღე მუშაობა. თამაშის დღესვე უნდა მოასწრო სრულფასოვანი ვიდეო-ანალიზის დადება, როგორც ჩვენი, ასევე მოწინააღმდეგე გუნდის. შვიდკაცას შემთხვევაში, დღეში სამი მატჩი იმართება და მათ შორის უნდა წარმოადგინო სრული სტატისტიკა, მაგრამ სათამაშო დრო 14 წუთია, მორაგბეთა რაოდენობაც ნაკლებია და ეს საქმეს აიოლებს. შავ ლომსა და ეროვნულში მეტი მუშაობა გიწევს, რადგან უფრო მეტ კომპონენტს აქცევ ყურადღებას, ვიდრე ვთქვათ ასაკობრივ გუნდში“.
რადგან ვიდეო-ანალიზისთვის გადაღების ხარისხი მნიშვნელოვანია, ვარჯიშებს დავით რამიშვილი და ლაშა მჭედლიშვილი კამერებით და დრონებით ერთდროულად იღებენ. მჭედლიშვილი გვიხსნის, რა დროსაა ეს აუცილებელი:
„არის შემთხვევები, როდესაც გუნდი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ერთი ნაწილი დარბაზში ვარჯიშობს. ამ დროს ერთი დრონი საკმარისია, მაგრამ, როდესაც ორი ჯგუფი მოედანზე ერთდროულად ვარჯიშობს, ორი დრონის გამოყენება გვიწევს. შერკინებების დროს ერთდროულად ორი კამერითა და დრონით ვმუშაობთ, რათა მწვრთნელს ყველა რაკურსის ხედი ქონდეს. სტატისტიკა ვარჯიშების დროსაც წარმოებს და ჩვენ ვალდებულები ვართ, მწვრთნელებს იდეალური მონაცემები მივაწოდოთ“.
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 34 წუთი agoნერგაძე, იონსენი და სიმბოლური ნაკრები
გააზიარეთსაქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და სიმბოლური...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 19 საათის agoფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა
გააზიარეთიტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 21 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება
გააზიარეთშავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი