გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: რთული თამაშისთვის მზად ვართ

გააზიარეთ

11 ოქტომბერს, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სტუმრად ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს ეთამაშება. მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

გეტყვით, რომ ცუდი ამინდის გამო, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ფიტნეს დარბაზში გამართა, ხოლო ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში ისაუბრა.

ვილი სანიოლი:

ხვიჩა კვარაცხელიას საკითხის შესახებ: პარი სენ-ჟერმენთან კომუნიკაცია გვქონდა. დამიდასტურეს, რომ ხვიჩას ტრავმა არ ჰქონდა. უბრალოდ, მცირე ხნით გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა. ამიტომაც, არ ითამაშა პსჟ-ს ბოლო მატჩში. კვარა მზადაა და ეს ძალიან გვიხარია. არ არსებობს კვარაცხელიას რისკის საკითხი.

ესპანეთის ნაკრებზე: ვხედავთ განსხვავებას ჩვენსა და ესპანეთს შორის, მაგრამ ვცდილობთ, თამაშიდან თამაშამდე ვისწავლოთ და სხვა გუნდებთან ჩამორჩენა შევამციროთ. ფეხბურთელები შიშის გარეშე, კიდევ უფრო მეტი ამბიციით ითამაშებენ და ეცდებიან, დაამტკიცონ, რომ უფრო ნაკლებია ჩვენს შორის სხვაობა, ვიდრე აქამდე იყო. ესპანეთთან წაგების შიში არ უნდა გვქონდეს. მთავარი ისაა, რომ ვაჩვენოთ კარგი თამაში და დავამტკიცოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

ჯგუფში შექმნილ მდგომარეობაზე: ესპანეთი ლიდერია და მსოფლიოს ჩემპიონატზე ალბათ პირდაპირ გავა. თურქეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი და გამოცდილია. თუმცა, უნდა ვაჩვენოთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია. შემადგენლობასთან დაკავშირებით შეიძლება გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მივიღოთ, რომ წინ თურქეთთან მატჩია. ჩვენი მიზანი მეორე ადგილისთვის ბრძოლაა. ცხადია, აქ წინასწარ წასაგებად არ ჩამოვსულვართ. მატჩი წინასწარ არასდროსაა წაგებული. ამ ორ თამაშშიც ზუსტად ერთნაირი თავდადებით ვიბრძოლებთ.

იამალზე: ვინაიდან ფეხბურთი ძალიან მიყვარს, სულ ვამბობ ხოლმე, რომ მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები უნდა იყვნენ, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. იამალს სწრაფად გამოჯანმრთელებას და მოედანზე მალე დაბრუნებას ვუსურვებ, რადგან ის გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს.

ესპანეთის ნაკრების ტრავმირებულ ფეხბურთელებზე: როცა ჩვენ გვყავს 4, 5 ან 6 მოთამაშე დაშავებული, შეიძლება მეტოქემ გააანალიზოს სიტუაცია და დაფიქრდეს, როგორ ითამაშოს სხვანაირად, მაგრამ ესპანეთს, პორტუგალიას ან ამ დონის სხვა გუნდებს თითოეულ პოზიციაზე ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ, ასეთ შემთხვევაში კი, ტრავმები არაფერს ცვლის. იამალი არ იქნება, ოლმო თუ ნიკო ვილიამსი, ჩვენთვის მაინც რთული თამაში იქნება და ამისთვის მზად ვართ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები