საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
თურქეთთან მატჩის შესახებ ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა:
„ყოველთვის ველოდებით სანაკრებო პაუზას. ერთმანეთის ნახვა, საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. მეტოქეები მაღალი დონის გვყავს და ყვეალფერი სტადიონზე გადაწყდება. მაყურებელთან ერთად თავს არ დავზოგავთ. მთელი საქართველო ჩვენს გვერდით იქნება და ვეცდებით, რომ იმედები არ გავუცრუოთ ჩვენს გულშემატკივარს.
თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, უნდა გადავიტანოთ სტადიონზე და სასურველ შედეგს მივიღებთ.“
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი, მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი);
ნახევარდაცვა: გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი (ორივე მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი);
თავდასხმა: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)