გამოგვიწერეთ

ნაკრები

თბილისში UEFA GROW-ს სესია გაიმართა

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრესსამსახურის ცნობით, თბილისში UEFA GROW-ს სესია გაიმართა. შეხვედრა სფფ-ის ოფისში დაიწყო, სადაც პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, უეფას წარმომადგენლებს საქართველოს ნაკრების ფორმები გადასცა.

მუშაობა სასტუმრო „პარაგრაფში“ გაგრძელდა. განხილულ თემებს შორის იყო ფინანსური ბენჩმარკინგი, ინფრასტრუქტურის შეფასება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმის შექმნა, რომელიც 2026-30 წლებზე იქნება გათვლილი.

ღონისძიებაში მონაწილეობენ სფფ-ის მენეჯმენტის და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე UEFA-ს ექსპერტები ილია კიტიჩი, ოლექსანდრ კუჩერიავი, ჯოზეფ კლიმენტი და დანიელ ფლეტჩერი.

დავით მუჯირი, სფფ-ს გენერალური მდივანი:

„საკმაოდ ნაყოფიერი დღე გვქონდა. უეფასთან ერთად შემუშავებული გვქონდა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც 2026 წლამდე იყო გაწერილი. საბედნიეროდ, ამ გეგმის საკმაოდ ბევრი კომპონენტი შესრულდა. დღეს კი, სამომავლო გამოწვევებზე ვისაუბრეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ერთად შევიმუშავოთ 2026-30 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთისადმი ინტერესის ზრდა თანხვედრაში იყოს ინფრასტრუქტურის ზრდასთან. ამისთვის აუცილებელია გაგრძელდეს მთავრობისა და უეფას მხარდაჭერის, რომელიც ახლა გვაქვს. ვიმედოვნებთ, ახალი სტრატეგიული გეგმაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორადაც ეს გასულ წლებში იყო“.

ოლექსანდ კუჩერიავი, უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი:

„ეს პროექტი ჩვენთვის სტრატეგიულ განვითარებასთანაა დაკავშირებული და გულისხმობს დეტალური სურათის დანახვას მონაცემებისა და საუკეთესო გამოცდილების გამოყენებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალ სტრატეგიულ ციკლს ვიწყებთ. ერთად ვიხილეთ ძველი სტრატეგიის პერიოდში მიღებული შესანიშნავი შედეგები, რომელიც სფფ-ის მენეჯმენტის ლიდერობით განხორციელდა – საოცარი ასპარეზობა და წარმატება ევროპის ჩემპიონატზე. დავინახეთ, რომ ქვეყანაში ფეხბურთი ვითარდება.

ახლა ახალ ჰორიზონტს ვუყურებთ, რათა გასული ციკლისა და საუკეთესო ევროპული გამოცდილების გამოყენებით შევქმნათ ახალი გეგმა და ქართული ფეხბურთი კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს“.

UEFA GROW სტრატეგიული განვითარების პროგრამაა, რომელიც ეროვნული ასოციაციების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. მისი მიზანია ქვეყნებს დაეხმაროს ფეხბურთის მდგრად განვითარებაში – როგორც სპორტულ, ისე ინფრასტრუქტურულ, ორგანიზაციულ და ფინანსურ მიმართულებებში.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები