
ესპანური მედია საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას ბარსელონას გადასვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მეორე ახალგაზრდობას განიცდის.
აი, რას წერენ ესპანელები:
„თორნიკე შენგელიას რამდენიმე კვირა დასჭირდა, რათა ბარსელონას ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი გამხდარიყო და კლუბის მთავარი მწვრთნელის ჟოან პენაროიას იმედები გაემართლებინა.
ევროლიგაში დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ფორვარდი ესპანურ გრანდში კარიერის მიწურულს ჩაირიცხა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ჯერაც საუკეთესო ფორმაშია. თოკო ნამდვილ ლიდერად მოევლინა გუნდს, რომელსაც მიმდინარე სეზონში რომელიმე ტიტულის მოგება ძალიან სჭირდება.
შენგელიამ უმოკლეს დროში დაამტკიცა, რომ შეტევაში ჯერაც დიდებულია, შეუძლია რამდენიმე მეტოქე მიიზიდოს და სხვა თანაგუნდელებს სივრცე დაუტოვოს. ყველაზე რთულ მომენტებში კი, ინიციატივის საკუთარ თავზე აღებაც შეუძლია. ბოლოს ეს ყველაფერი უნიკახასთან მატჩში გამოჩნდა, სადაც 34 წლის კალათბურთელი სამწამიან ზონაში დამინირებდა.
შენგელიას იტალიაში არაერთი წარმატებული თამაში ჰქონდა და ბოლონია სკუდეტომდე მიიყვანა. თოკოს ბარსელონასთან უკვე ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, როდესაც იტალიაში რამდენიმე თამაში ლამის მარტომ მოიგო.
იტალიის დატოვების შემდეგ, შენგელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა. ეს მანამდე არასდროს მომხდარა.
მიმდინარე სეზონის წინ შენგელიასთან ერთად ბარსელონას კიდევ ერთი ვეტერანი უილ კლაიბერნი შეუერთდა და ამან ბევრი კითხვა გააჩინა. მიუხედავად ამისა, კლუბის სპორტული დირექტორი ხუან კარლოს ნავარო გადაწყვეტილებაში სრულიად დარწმუნებული იყო და ამბობდა – შენგელია ჩვენთვის ძალიან ღირებული შენაძენია.
მიზანდასახული იყო თავად შენგელიაც, რომელიც ბარსელონაში ტიტულების მოსაგებად მივიდა:
„მოხარული ვარ, რომ ამ კლუბს შევუერთდი. ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტია. ბარსელონაში თამაში ყოველთვის ჩემი სურვილი იყო“.
ხუან პენაროიას შენგელიას პოტენციალში ეჭვი ერთი წამითაც არ შეჰპარვია და მას სრული თავისუფლება მისცა. როგორც ევროლიგაში, ასევე ლიგა ენდესაში თოკო ბარსელონას სასტარტო ხუთეულის უცვლელ წევრად იქცა.
შენგელიას ევროლიგაში საშუალოდ 24 წუთში 12.8 ქულა უგროვდება, ყველაზე შედეგიანი კი დუბაისთან იყო, როდესაც 19 ქულა ჩააგდო. ესპანეთის ჩემპიონატში მისი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავია: 16.0 ქულა 22.0 წუთში.
ამ ფონზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ პენაროიამ გუნდის ლიდერი გადაღლისგან დაიცვას. ჯერჯერობით, მწვრთნელი ამას ახერხებს, რადგანაც შენგელიას საშუალოდ 30 წუთამდე თამაში არ უწევს. ასე რომ, ქართველ ფორვარდს კარგი შანსი აქვს, სეზონი მძიმე ტრავმების გარეშე განვლოს. ცხადია, ბარსელონას ფორვარდის პოზიციაზე სხვებიც ჰყავს, თუმცა, სეზონის სტარტმა გამოაჩინა, რომ თავის საქმეს ყველაზე უკეთ მაინც შენგელია აკეთებს“, – წერს SPORT.ES.
შეგახსენებთ, ბარსელონას ევროლიგაში ხუთიდან სამი მატჩი აქვს მოგებული და მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 23 ოქტომბერს, შინ, კაუნასის ჟალგირისთან ჩაატარებს. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, იქ ბარსამ სამ ტურში ერთი მოიგო და ამ დროისთვის მე-12 ადგილზე. ლიგა ენდესაში ბარსას მორიგი მატჩი 25 ოქტომბერს, ბრეოგანთან ელის.
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 15 წუთი agoშემადგენლობა ბულგარეთის ნაკრებმაც გამოაცხადა
გააზიარეთბულგარეთის ნაკრები 15 ნოემბერს თურქეთს ესტუმრება, ხოლო 18-ში საქართველოში ჩამოვა და 2026 წლის მსოფლიო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 6 საათის agoესპანეთი საქართველოში ჩამოსასვლელად მზად არის
გააზიარეთ15 ნოემბერს საქართველოს ესპანეთის ნაკრები ეწვევა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე ტურს ითამაშებენ....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 6 საათის agoსაქართველო ამერიკისთვის დაირაზმა
გააზიარეთსაქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 8 ნოემბერს აშშ-სთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი