გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

მარკიზ რიდი: ევრობასკეტზე საქართველომ გამაკვირვა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩისთვის საქართველოს ნაკრები დანიაში ჩავიდა, სადაც გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდნენ. თბილისიდან გაჰყვა გუნდს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი მარკიზ რიდი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა.

რიდის ინტერვიუ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

მარკიზ რიდი:

„საქართველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ევრობასკეტზე საქართველო-საფრანგეთის თამაშს ვუყურე და ძალიან გაკვირვებული დავრჩი. როდესაც შეთავაზება მივიღე, მაშინვე ევრობასკეტის თამაშები გამახსენდა, სადაც გუნდმა კარგად იასპარეზა, კარგი ენერგია ჰქონდა, კარგად შეთამაშებული იყვნენ, ამიტომ დიდად რთული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ვინაიდან აშშ-ს სახელით თამაშის საშუალება არ მაქვს, ყოველთვის მინდოდა რომელიმე ქვეყნის სახელით თამაში, ბრძოლა და მსოფლიო ჩემპიონატსა თუ ოლიმპიადაზე მოხვედრა…

მჯერა, ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. თურქეთისგან რომ მიმეღო შეთავაზება, დავთანმხდებოდი. იქ უკვე სამი წელია ვცხოვრობ და ჩემთვის კომფორტული ადგილია. ჩემი აზრით, კარიერის საუკეთესო პერიოდი თურქეთში მაქვს გატარებული. შევეწყვე მათ კულტურას, ჩემი შვილები იქაურ სკოლაში დადიან. შეიძლება ითქვას, იქ ცალკე ცხოვრება მაქვს. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს მათი გადაწყვეტილება იყო და მე ამასთან არაფერ შუაში ვარ. მთავარია, რომ მიხარია საქართველოს სახელით თამაში და ვაკონტროლებ იმას, რისი კონტროლიც შემიძლია…

პირველმა სავარჯიშო დღეებმა კარგად ჩაიარა. ყველამ თბილად მიმიღო და თავი სახლში მაგრძნობინეს. მთავარი მწვრთნელი ძალიან კარგი ადამიანია, ესმის კალათბურთი და ძალიან სურს გამარჯვებები. ვფიქრობ, ყველას სურს ლიდერის გზას გაყვეს. შესაბამისად, მეც შევეცდები მაქსიმალურად შევითავსო ეს როლი გუნდის სწორ გზაზე დასაყენებლად. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ. ჯერ მოახლოებული ორი თამაში უნდა მოვიგოთ, შემდეგ ზაფხულშიც და ასე გავაგრძელოთ. მთავარია, დიდი ამბიცია გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად, ხოლო შემდეგ ისტორიაში პირველად – ოლიმპიადაზე…

თავს კომბო უკანახაზელად მივიჩნევ, რაც კარგად თამაშს გულისხმობს ბურთით და უბურთოდ. ქულების მოპოვება ბუნებრივად გამომდინარე, თუმცა უფრო მიხარია, როცა თანაგუდელებს პასებით ვეხმარები…

კლემსონში ძალიან კარგი დრო გავატარე, ძალიან მაღალი დონე იყო, როცა იქ ვთამაშობდი, კოლეჯების კალათბურთში საუკეთესო კონფერენცია იყო, ვეთამაშებოდით ვირჯინიას, ჩრდილოეთ კაროლინას, ლუივილს, სირაკუზს, დიუკს… ვფიქრობ, ამ ჩემპიონატის დონემ მომამზადა იმისთვის, რომ ყველგან შემეძლო თამაში, NBA-ში თუ ევროპაში. NBA-ს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩემი ჩათვლით იქ თამაში ბევრ მოთამაშეს შეუძლია. ბევრი ფაქტორია, დრო, შანსი, ლიგის პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ NBA-ს ზაფხულის ლიგაში თამაში მომიწია, რამდენიმე გუნდის შეკრებაზე ვიყავი, მაგრამ კოლეჯების შემდეგ მალევე მსურდა პროფესიონალური კარიერის დაწყება და წავედი იქ, სადაც პირველად მომეცა თამაშის შესაძლებლობა…

რამდენიმე კარგ კლუბში მითამაშია. კარიერა საფრანგეთის ლიგაში დავიწყე, რაც პირველი ეტაპისთვის კარგი ვარიანტია. იქ სამი წელი დავყავი ისტორიულ კლუბებში: ნანტერში, გრაველინში, როანში. ვფიქრობ, კარგი დასაწყისი მქონდა, შემდეგ კიდევ ერთ კარგ ლიგაში გადავედი, იტალიაში და საბოლოოდ თურქეთში აღმოვჩნდი. კარგი გზა გამოვიარე. იმის თქმაც შეიძლება, რომ უკეთეს გუნდებში თამაში შემეძლო. თუმცა, იმაზე უნდა იფიქრო, რაზე გავლენაც შეიძლება ჰქონდეს. ვცდილობდი, მაქსიმალურად კარგად გამომეყენებინა ის, რისი შესაძლებლობაც მქონდა. შემოთავაზებები ყოველთვის მქონდა, მაგრამ არ იყო შესაბამისი სიტუაცია და დრო. სადმე დაუფიქრებლად წასვლა არასდროს მინდოდა. ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო, მწვრთნელი, თანაგუნდელები, ჩემი ოჯახისთვის კარგი გარემო უნდა იყოს და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი. უფრო მაღალი დონის კლუბში თამაში ბევრჯერ შემეძლო, მაგრამ იქ გადასასვლელად ყველა ფაქტორი უნდა იყოს დაკმაყოფილებული…

ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი დერეკ როუზია. ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს, სისწრაფეში, სწრაფი პირველი ნაბიჯის მხრივ სულ ვცდილობდი მიმებაძა. მისი ფეთქებადობა და სიმძლავრე არ მაქვს, მაგრამ ვცდილობდი მისი სტილიდან რაღაც გადმომეღო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში დავაყენებდი – მეჯიქ ჯონსონს, მაიკლ ჯორდანს, კევინ დურანტს, ლებრონ ჯეიმსს, შაკილ ონილს…

ბითაძე, შენგელია და მამუკელაშვილი? ძალიან კარგ კალათბურთელებზეა საუბარი, ძალიან მაღალი დონის. ჩემი აზრით, მათთან ერთად დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. თოკოს წინააღმდეგ მითამაშია, როცა იტალიაში ვიყავი, ძალიან მაგარი კალათბურთელია, ის მაშინვე შემეხმიანა, როცა ნაკრებს შევუერთდი. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები პირადად. რაც შეეხებათ NBA-ს მოთამაშეებს, რამდენჯერმე ვნახე მათი თამაში ტორონტოსა და ორლანდოში, ისინი თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ ლიგაში და ნაკრებშიც. მათთან შეხვედრასაც ველოდები და ერთი სული მაქვს, ერთად შევუდგეთ საქმეს…

აქ იმისთვის ვარ, რომ გავაკეთო ყველაფერი, რათა გულშემატკივრებმა და მთელმა ქვეყანამ ჩემით იამაყოთ. ბოლომდე იყავით ჩვენს გვერდით, იქნება წაგებები, იქნება მოგებები, ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ“.

რიდის ოფიციალური დებიუტი საქართველოს ნაკრებში 27 ტებერვალს, კოპენჰაგენში, დანიის წინააღმდეგ შედგება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ინტერვიუ