მარკიზ რიდი საქართველოშია და ნაკრებთან ერთად პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი დანიასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის უკვე ახალ ლეგიონერთან ერთად ემზადება.
რიდს საქართველოში ის კალათბურთელები დახვდნენ, რომლებიც სუპერლიგაში თამაშობენ. სადღეისოდ ჯიკიჩის განკარგულებაში არიან: გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა მაზიაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (ორივე კსუ), ლუკა ზაქრაძე (რაში), სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე, რომან ჭინჭარაული (ყველა მარგვეთი), კახა ჯინჭარაძე, გიორგი სულაბერიძე (ორივე ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), ლევან გოგიჩაიშვილი, ანზორ ნადირაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ყველა ვსა), ვილი ისიანი (რუსთავი).
ამ კალათბურთელებისგან ჯიკიჩი ხუთ შეარჩევს, რომლებიც ახალ ამერიკელთან ერთად დანიაში გაფრინდებიან. 23 თებერვალს კი, კოპენჰაგენში, გუნდს სხვა ლეგიონერები შეუერთდებიან: რატი ანდრონიკაშვილი (ალფანტესი, ისლანდია), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), ცოტნე ცარციძე (რეიკიავიკი, ისლანდია).
რაც შეეხება ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას, გუნდს 26 თებერვალს შეუერთდება, რადგან 25-ში ბარსელონას ევროლიგის თამაში უწევს.
27 თებერვალს კი, ჩვენი გუნდი დანიას სტუმრად ეთამაშება, ხოლო 2 მარტს, თბილისში უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, პირველი ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრები შინ უკრაინასთან 79:92 დამარცხდა, ესპანეთთან კი სტუმრად წააგო – 61:90; ორივე მატჩი აქვთ წაგებული სკანდინავიელებსაც.
პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები მეორე რაუნდში აღმოჩნდება და უკვე ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის. ნაკრებებს პირველი ეტაპის შედეგები გადაჰყვებათ და მეორე ეტაპზე მხოლოდ იმ გუნდებს შეხვდებიან, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ. ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.