
2024 წელს საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტნი მერაბ შარიქაძე დოპინგ სკანდალში გაეხვა და ექვსწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. როგორც ამბობდნენ, ბუკა სხვის მაგივრად ჩავარდა. შარიქაძემ ამ დროის მანძილზე კომენტარი არ გაუკეთებია, ახლა კი, სეტანტასთან ღიად და ვრცლად ისაუბრა.
„იმ სკანდალის შემდეგ, არცერთ თამაშზე ნამყოფი არ ვარ. გულშემატკივრებისთვის არაფერი მითქვამს და ტრიბუნაზე რომ ვენახე მათ, უცნაური იქნებოდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ნაკრებში აღარ ვარ. 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშს ვაპირებდი, მერე კიდევ ერთი წელი დარჩენას და რაგბიდან წასვლას. რაგბიში ბევრ რამეზე პასუხისმგებელი ვიყავი და უცბად ყველაზე შორს მდგომი აღმოვჩნდი. ჩემი ისტორია ეგრე არ უნდა დამთავრებულიყო, ერთი სიტყვით ამას გულისწყვეტას დავარქმევ…
გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ვიღაცების სახელებს ნამდვილად არ ვიტყვი. არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. 2024 წლის ზაფხულში ფიჯისთან მატჩისთვის ვემზადებოდი. რაგბის კავშირის ხელმძღვანელები გიბარებენო, არადა ვარჯიშზე გავდიოდი. ავედი სასაუბროდ და მეუბნებიან, როგორ გადაგეკიდნენ მსოფლიო რაგბიდანო. ვიფიქრე, რომ ადრე ჩხუბის გამო მქონდა დისკვალიფიკაცია და იმავე თემაზე ჰქონდათ პრობლემა. საქართველოს შეაგინეს და ეგ არ ვაპატიე. მითხრეს, რომ დოპინგზე გადაგეკიდნენო. ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია, რადგან არასპორტულია. მითხრეს შარდის გაცვლას გედავებიანო. ამის გაგონებაზე გამაჟრიალა. იმ მომენტში არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. უკვე დისკვალიფიკაცია გაქვსო. საუბარი ცოტა გაიწელა, ყველას შეცდომა ეგონა, ბიჭებმაც ვერ გაიგეს, რატომ არ შეიძლებოდა ვყოფილიყავი მოედანზე. მერე ის ხალხიც დაიბარეს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ და ისინიც გაუშვეს. გუნდელებს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი რამე მოხდა.
ყველას ეგონა, ამ ამბავზე ვხუმრობდი. მეც მეგონა, რომ სიტუაცია დალაგდებოდა. ვიღაცამ ჩემი შარდი გამოიყენა, ამის გამო თუ დავისჯებოდი, ვერ ვიფიქრებდი. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად. დამნაშავეთა სია იმ წრეში მთავრდება, სადაც მე და ის მორაგბეები ვართ, რომლებმაც ჩემი ნიმუში გამოიყენეს. ამ წრიდან მთხოვა ერთ-ერთმა ადამიანმა და იმასაც არ დაუშვია, რომ ამას რამე მოჰყვებოდა.
ექვსი წლიდან ორ წელზე ამას არავინ ჩამოწევს. ანტიდოპინგურმა სააგენტომ მომწერა, რომ განცხადება ჯერ არ გამეკეთებინა. ჩემი სახელი დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენე. დოპინგ სააგენტოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შარდის გაცვლა დიდი დანაშაულიაო. ყველაფერი მე შემაწმინდა, არადა, თავიანთი ჩატარებული შემოწმების დროს რომ დარღვევა იყო, ამაზე არაფერი უთქვამს. მაგ კაცზე ძალიან გაბრაზებული ვარ, სადაც შემხვდება, აუცილებლად დავუფიქსირებ ამ ამბავს.
ეს ამბავი 2022 წელს მოხდა. სისულელეში რომ მოვყევი, გასაგებია. ხალხი იტყვის, რომ არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემს ადგილზე ნებისმიერი იმავეს გააკეთებდა. ყველაფერთან ფრთხილად ვიყავი, ძალიან სუფთად ვცხოვრობდი და სწორად ამიტომ მთხოვეს ნიმუშის ჩაბარება. ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი. სამწუხაროდ, ამ ამბავს ჩემთვის ბევრად ტრაგიკული გაგრძელება ჰქონდა, ვიდრე ამას წარმოიდგენენ. რაგბი ცხოვრების ტოლფასი იყო ჩემთვის’…
როგორ გააგრძელა ურთიერთობები: მხოლოდ ერთ ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა, დანარჩენი ყველასთან მაქვს კონტაქტი. ორი ჩემი საუკეთესო ძმაა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნერვიულობისგან კინაღამ მოკვდნენ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ სისულელეში როგორ მოვყევი. ნეტავ რაგბის კავშირში ცოდნოდათ, ეს ამბავი ჩაკეტილ წრეში მოხდა და სხვების დასახმარებლად გავაკეთე ეს’.
როგორ გაიგეს, რომ მერაბის ნიმუში სხვამ ჩააბარა: ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული. 25 დეკემბერს მივიღე წერილი, რომ ექვსწლიანი დისკვალიფიკაცია მქონდა. შეთავაზება იყო, რომ ჯაშუში ვყოფილიყავი ან მემხილებინა მორაგბეები. ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება. ისე დამენგრია ვინმესთვის ცხოვრება, როგორც მე დამენგრა.
რა კვალი დატოვა ქართულ რაგბიში: ახლა უკვე არ ვიცი, ქართულ რაგბიში რა კვალი დავტოვე. ჩემი მემკვიდრეობა, რისთვისაც ამდენი წელი თავგამოდებით ვიშრომე, დამახინჯდა. მერჩივნა ისეთი ტრავმა რომ ფეხზე ვეღარ გამევლო. ჩემს განვლილ გზას ეგეთი დასასრული არ ეკუთვნოდა. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე რაგბის მიმართ აბსოლუტური თავგანწირვით ვიყავი და ყველაფერი გავაკეთე. ბიჭებისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი, მაინც მელოდებიან.
ეს ამბავი ჯერ ვერ გადავაგორე. ოჯახში არაფერი მითქვამს, სანამ გაფართოებული შემადგენლობა არ გამოქვეყნდა. სახლში ვერ ავდიოდი, არ მქონდა იმის თავი, რომ სხვისთვის ამეხსნა და დამეწყნარებინა. ვითომ ეს ამბავი ისეთი დრამატულიც არ იყო, არადა 4-5 დღე თავიდან საჭმელიც არ მიჭამია. მშობლებმა კიდევ უფრო ინერვიულეს, დედაჩემს ჩემზე ზედმეტად გაფანატებული ჰქონდა. სახლში ავედი დედაჩემთან, ჩემი ფორმები და სურათები იყო კედელზე. ვუთხარი, ჩამოხსენით, ამის ყურება აღარ შემიძლია-თქო და წამოვედი სახლიდან. ორ დღეში სახლში ისევ ავედი და დედაჩემს ყველაფერი ჩამოხსნილი ჰქონდა. გული მწყდება, რომ დედაჩემის ხელით გაკეთებული ეს კედელი აღარ არის. ყველაზე მეტად კი იმაზე მწყდება გული, რომ დედაჩემი აღარ არის. ჩემი ფანატი იყო და ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად მიიღო. ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ. დოპინგზე ვამბობდი, რომ უარესებიც ხდება და მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მყავდა. სამწუხაროდ, უარესიც მოხდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ რკენაში მივიღებდი მონაწილეობას და მიხარია, რომ ამ ამბის თქმა მოვასწარი. მის საფულეში წერილი ვნახეთ. ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე.
ინტერვიუში ახალმა ამბავმაც გაიჟღერა – შარიქაძე MMA-ს ოქტაგონზე გავა და თავის პირველ ორთაბრძოლას პოლონელი პატრკ კონტნისთან 29 ნოემბერს გამართავს.
„სეტანტადან დამირეკეს და ბრძოლა შემომთავაზეს. სახელიც მომეწონა, ორგანიზაცია მომეწონა და გადავწყვიტე თანხმობა მეთქვა. თან არ მინდოდა ჩემი ამბის მოყოლის შემდეგ, ეს ისტორია ასე დასრულებულიყო. შესაბამისად, რკენაში მონაწილეობა მაძლევს ჩემი შესაძლებლობის გამოჩენის საშუალებას“.
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 30 წუთი agoნერგაძე, იონსენი და სიმბოლური ნაკრები
გააზიარეთსაქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და სიმბოლური...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 18 საათის agoფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა
გააზიარეთიტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 21 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება
გააზიარეთშავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი