
14 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკო ხუნაშვილი იტალიაში გამართული 15-წლამდელთა ტურნირის, Yebl-ის MVP გახდა.
ხუნაშვილს საუკეთესო მაჩვენებელი 80 ევროპული გუნდის 800-მდე ბავშვს შორის ქონდა. ახალგაზრდა ქართველი ადგილობრივ გუნდს, Magic basket Chieti-ს დაემატა, ოთხი მატჩი ითამაშა (ინგლისურ, იტალიურ, რუმინულ და ბულგარულ გუნდებთან) და საშუალოდ 19 ქულას, 12 მოხსნასა და 3 პასს აგროვებდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოს სამი მატჩის შემდეგ 23,7 ქულა და 14 მოხსნა ქონდა, მაგრამ მწვრთნელმა ბოლოს მხოლოდ 7 წუთი ათამაშა, თორემ მისი მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა.
როგორ მოხვდა მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე ნიკო ხუნაშვილი Magic basket Chieti-სში და რა გეგმები აქვს მომავალში, ამის შესახებ თავად გვიყვება:
„ფაჩულიას აკადემიაში კემპი ჩატარდა, რომელსაც იტალიელი აგენტი, სახელად ტომაზო ესწრებოდა და მან შემარჩია. აპენინებზე წასვლამდე ოთხი სხვადასხვა მოწვევა მქონდა, მაგრამ პირობები არ მოგვეწონა. იტალიიდან კი კარგი პირობები შემოგვთავაზეს, გამიკეთეს დაფინანსება და ტურნირის სათამაშოდ Magic basket Chieti-ს დავემატე. ისე მოხდა, რომ წასვლამდე მუცლის ტკივილები მაწუხებდა, ერთი კვირის უვარჯიშებელი ვიყავი და პირველი სამი დღე ძალიან გამიჭირდა. მერე ფორმაში შევედი და ძალიან კარგი თამაშები ჩავატარე…
თამაშების გარდა გვქონდა ვარჯიშები, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. იტალიაში ბევრად უფრო ინტენსიური ვარჯიშებია. მწვრთნელები ნაკლებად ერევიან საწვრთნელ პროცესში და სწორ მითითებებს ვარჯიშების დასრულების შემდეგ იძლევიან. ვესროდი ბევრად უფრო ბევრ ბურთს, ვიდრე საქართველოში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპულ და აქაურ გუნდებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. მაგალითად, იტალიაში ერთი თამაში რუმინულ საბავშვო კლუბთან გვქონდა, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა. 15-წლამდელთა გუნდს უკვე ამ ასაკში ჰყავდა ფიზ. მომზადების მწვრთნელები, მასაჟისტები, ექიმები, რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო…
ვგრძნობდი, რომ თამაშები კარგად მიმდიოდა, მაგრამ იმდენი კარგი კალათბურთელი იყო, არ მეგონა საუკეთესო თუ გავხდებოდი და ძალიან გამიხარდა. ეგრევე მამასთან გავიქეცი და თასი ვაჩვენე, მერე კი დედას და ბებიას დავურეკე. გაზაფხულზე კიდევ უნდა წავიდე იტალიაში და ამავე ტურნირის ფლეი ოფები ვითამაშო…
ტურნირის შემდეგ რამდენიმე გუნდმა კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. ვფიქრობ, გამოწვევებისთვის მზად ვარ, მთავარ ბარიერად კი ენის პრობლემაა და მის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაო“, – ამბობს ახალგაზრდა კალათბურთელი.
ნიკოსთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა მამამისი, ვეტერანი კალათბურთელი პაატა ხუნაშვილი, რომელმაც შვილის აგენტის ფუნქციებიც შეითავსა:
„აქედან წავედით გუნდზე შთაბეჭდილების მოსახდენად და შედეგმა აჩვენა, რომ პირობებს უკვე ჩვენ ვკარნახობდით. ნიკო მართლაც გამორჩეული იყო და მომენტალურად გაჩნდა რამდენიმე შეთავაზება. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება აღარ ვიჩქარეთ – ჯერ მხოლოდ 14-წლისაა და კალათბურთის გარეთ არის ნიუანსები, რაც ჩემი, როგორც მშობლის თვალით დანახული, მაინცდამაინც მომხიბვლელად არ გამოიყურებოდა…
Magic basket Chieti-სის შემდეგ წავედით უფრო ცნობილ საკალათბურთო აკადემიაში როზეტოში. გავეცანით იქაურ პირობებსაც. დაგვიკავშირდა კიდევ ორი აკადემია. ტურნირზე ნაჩვენები შედეგები და სტატისტიკა ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა. ახლა ჩვენი სურვილია, რომ უფრო ძლიერ გუნდში ვცადოთ ბედი და ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობთ…
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ 80 გუნდის 800-მდე ბავშვს შორის, 10 საუკეთესოს შორის სამი ქართველი კალათბურთელი მოხვდა. ერთი იტალიაში მოცხოვრები ქართველი იყო, ერთი კი ჩვენს მსგავსად დაემატა ადგილობრივ გუნდს. ეს იმაზე მეტყველებს, ქართველებს ძალიან დიდი სპორტული ნიჭი გვაქვს და ამ ნიჭს განვითარებისთვის შესაბამისი ნიადაგი ჭირდება. მინდა ყველა ბავშვს და მშობელს ვურჩიო, რომ სანამ საკუთარი თვალით არ ნახავენ პირობებს, უცხოური გუნდების შეთავაზებებს არ დათანხმდნენ, რადგან შესაძლოა მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდეს. იქ ბავშვებს ბიზნესის კუთხით უყურებენ და ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მათი ნიჭი „ჩააქროს“…
მთლიანობაში, ეს იყო ფასდაუდებელი გამოცდილება და მადლობა ყველას, ვინც ამ ასაკში ასეთი შესაძლებლობა მოგვცა. მე, როგორც ქართველი, სიამაყის გრძნობა დამეუფლა, როდესაც იტალიის კალათბურთის ფედერაცის გენერალურმა მენეჯერმა, ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ჯიჯი დატომემ ნიკოს წარმატება მომილოცა და ქართველი კალათბურთელები ძალიან თბილად მოიხსენია. მთავარი ისაა, თუ რა სახელს დავტოვებთ ქართველები უცხოეთში და ჩვენს სპორტსმენებს, გნებავთ კალათბურთელებს და გნებავთ ფეხბურთელებს, იტალიაში ძალიან დიდ პატივს სცემენ“.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 18 საათის agoფროზინონე გიორგი კვერნაძის დუბლით გალიდერდა
გააზიარეთიტალიის სერია B-ს მე-15 ტურში გიორგი კვერნაძის ფროზინონე შინ იუვე სტაბიას დაუხვდა და 3:0...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 20 საათის agoშავი ლომი ჩელენჯ თასზე 140 წლის გუნდს ეთამაშება
გააზიარეთშავი ლომი ირლანდიაში გაემგზავრება და 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში, 14 დეკემბერს, გალვეიში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 1 დღის agoეკიპი: რენთან თამაში კვარას აქტივია
გააზიარეთფრანგული პსჟ-ს ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მე-15 ტურში, რენის (5:0) წინააღმდეგ დუბლი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი