სუპერლიგის მეორე ტური დასრულდა. ცხრილია სათავეში სამი გუნდია.
ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა კსუ კავკასიამ გურჯაანში 91:71 დაამარცხა დელტა და ქუთაისის მსგავსად ორი მოგება მოუგროვდა.
ორი მოგება ჯერ არაფერს ნიშნავს, მაგრამ კავკასიას თამამად შეუძლია თავი ფავორიტებში ჩაიყენოს. შემადგენლობის მხრივ გუნდი არც ერთ სუპერლიგის გუნდზე ნაკლებად არაა დაბალანსებული, ლეგიონერებიც ჩინებული ჰყავს და ქართველებიც დიდად მარჯვე ბიჭები არიან.
კავკასიელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს გამთამაშებლებმა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანმა ერთნაირი მაჩვენებელი დააფიქსირა: ძირითადში მყოფმა ხავიერ ბელმა და შეცვლაზე შესულმა ლუკა მაზიაშვილმაც 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დააფიქსირა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ორივემ თითქმის იდენტური პროცენტულობით ისროლა და ორივეს სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა.
ორი მოგების მქონე კავკასიასა და ქუთაისს გორის ივერიონიც შეუერთდა. ქვემო ქართელელებმა ზესტაფონში მოიგეს, სადაც მარგვეთი 94:80 დაამარცხეს.
ივერიონს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. მხოლოდ მესამე პერიოდი, ისიც სამი ქულით დათმო, დანარჩენებში კი დამაჯერებლად იმარჯვა. შესაბამისად, საბოლოო სხვაობაც საკმაოდ სოლიდური გამოვიდა, რაც უპირველესად გორელთა აფრო-ევროპელი ცენტრის – მუბაშარ ალის დამსახურებაა, რომელიც ფინეთის მოქალაქეა. ალიმ ფარქვეშეთი დაიპყრო და 22 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა.
ტურის ბოლო მატჩი დიღომში გაიმართა, სადაც ვსა-მ რაშს უმასპინძლა და 83:75 დაამარცხა. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა რაშმა კი იბრძოლა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. ამაში ვსა-ს მოთამაშეების გამართულმა და შედეგიანმა გარჯამ შეუშალა ხელი. ვსა-მ დიდებული მეორე პერიოდი ჩაატარა და ამის ხარჯზე პირველი ნახევარი დამაჯერებლად – 46:34 მოიგო. მესამე ათწუთეულში ანდრე უეირისა და ტრევონ ტომასის მეოხებით რაშმა ჩამორჩენა კი შეამცირა, მაგრამ სიტუაცია აღარ დაძაბულა.