
2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ, ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა.
„ავსტრალიაში წნეხის გარეშე მივდივართ და ფლეი ოფში გასვლით, ვეცდებით ისტორიაში შევიდეთ. მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ უკეთესები გავხდით და ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია კონკურენციის გაწევა. ფლეი ოფში გასვლის კუთხით გადამწყვეტი იტალიასთან მატჩი იქნება. დიდი ალბათობით, ჯგუფში პირველ ადგილს სამხრეთ აფრიკა დაიკავებს, ჩვენ და იტალიამ კი მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენი უმთავრესი კონკურენტი კი სწორედ იტალია იქნება.
იტალიასთან ბოლო წლებში დაძაბული და პრინციპული თამაშები გვაქვს. ბოლოს რომ ვეთამაშეთ, დიდ წნეხში მოვაქციეთ და მხოლოდ სამი ქულა დავთმეთ. ეს ძალიან მძიმე და რთული მატჩი, სადაც ძირითადი ზეწოლა მეტოზე იქნება, რადგან ტიერ 1-ის გუნდია, ექვს ერზე თამაშობენ, ჩვენ კი თამაშზე აუტსაიდერის რანგში გავალთ.
იოლი მატჩი არც რუმინეთთან იქნება, მაგრამ მათ კარგად ვიცნობთ და შესწავლილიც გვყავს. ძირითადი სამიზნე იტალიაა. გეუბნებით, რომ რეალური შანსი გვაქვს იტალიას ვძლიოთ, მერვედფინალში გავიდეთ და, სავარაუდოდ, ინგლისს დავუპირისპირდეთ. ბევრი მუშაობა მოგვიწევს, თუმცა, ამისთვის მზად ვართ. ჩვენი მორაგბეები ბოლო წლებში კიდევ უფრო უკეთესები გახდნენ. კარგი მოთამაშეები გვყავს როგორც შავ ლომში, ასევე საფრანგეთის TOP 14-სა და Pro D 2-ში.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მსოფლიო რაგბის მიერ შემუშავებული ახალი ტურნირის გამო, პირველი დონის ქვეყნებთან ტესტების ჩატარების საშუალება აღარ გვექნება. მხოლოდ მეორე დონის ნაკრებებს უნდა ვეთამაშოთ და ეს დიდი პრობლემაა.
ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შავი ლომის ისეთ ტურნირში ჩაბმა, როგორიც გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატია. ყოველკვირეულად მაღალი დონის მეტოქეებთან თამაში დიდ სარგებელს მოგვიტანს. სწორედ ეს გზა გაიარეს იტალიურმა ბენეტონმა და ძებრემ. ვცდილობთ, URC-ს ხელმძღვანელობას ამის თაობაზე მოველაპარაკოთ. ამ შემთხვევაში, საუკეთესო მორაგბეებს საქართველოში შევინარჩუნებთ და მათ განვითარებასაც უკეთ დავაკვირდებით“, – თქვა ქოქრილმა.
შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი B ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ერთად მოხვდა. ფლეი ოფში ჯგუფის ორი საუკეთესო გადის, მაგრამ შანსი მესამე ადგილოსანსაც აქვს – ექვსი ჯგუფის მესამე ადგილოსნებიდან ორს უნდა აჯობოს.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 22 საათის agoსენსაცია კასპში და ბათუმელთა იოლი გამარჯვება
გააზიარეთსაქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალი სენსაციური შედეგით დაიწყო. A ლიგის კასპის გრიფინმა სუპერლიგელი კსუ 101:98...
ავტორი admin_etablo -
ხელბურთი
/ 1 დღის agoბრძოლა და მარცხი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან
გააზიარეთევროპის ჩემპიონატი სასტარტო მატჩი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ხორვატიის ნაკრებს ეთამაშა და...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ზამთრის სახეობები
/ 2 დღის agoნიკა ეგაძის ევროპული და ისტორიული ოქრო
გააზიარეთნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია. შეფილდში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი