გამოგვიწერეთ

ხელბურთი

რუბენ გარაბაია საქართველოში საქმეს შეუდგა

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებში ესპანელი სპეციალისტის, რუბენ გარაბაიასა და მისი თანაშემწეების – პაბლო კამპოსისა და ხავიერ სალვადორის სამწვრთნელო დებიუტი შედგა.

ერთი კვირით გამოყოფილი სანაკრებო ფანჯარა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა სრულად აითვისეს. გუნდი, რომელიც ოლიმპიურ სასახლეში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, დღეში ორჯერად ვარჯიშებს ატარებდა. ინტენსიურ წვრთნებზე ბევრი სიახლე იყო, თუმცა მოთამაშეებისთვის ბევრი რამ ნაცნობიც აღმოჩნდა.

მირიან გავაშელიშვილი:

„ესპანური სისტემით ვივარჯიშეთ, რაც პირადად ჩემთვის ახალი არ არის და ასე თამაშის გამოცდილება უკვე მაქვს. სხვათა შორის, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ესპანელებს საკმაოდ კარგი სისტემა აქვთ. დანარჩენი კი, მომავალში გამოჩნდება.

ახალ სამწვრთნელო შტაბს საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატებებს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, რომ ესპანური სკოლა ჩვენთანაც გაამართლებს“.

ხაზეინ რუსტამოვი:

„მწვრთნელს ახლებური, თანამედროვე სისტემა შემოაქვს, მაგრამ იყო ისეთი ვარჯიშებიც, რისი გამოცდილებაც უკვე გვაქვს. რაც შეეხება თავად სპეციალისტს, დიდი გამოცდილების მქონეა. იმედი გვაქვს, კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება. ჯერჯერობით მხოლოდ წმინდა სპორტული, საქმიანი კომუნიკაცია გვაქვს – თეორიულ-ტაქტიკურ სწავლებას გავდივართ, რის შემდეგ ამ ყველაფრის გამეორებას უკვე მოედანზე ვცდილობთ. ვნახოთ, რა და როგორ იქნება“.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, ახალ მწვრთნელთან ერთად შემუშავებულია ოთხწლიანი პროგრამა, მაგრამ მისი გადახედვა ყოველწლიურად მოხდება. ამ ეტაპზე ესპანელ სპეციალისტთან ერთწლიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რათა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლი წარმატებით დასრულდეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ხელბურთი