გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საკანდელიძე-ქორქიას 21-ე მემორიალი დაიწყო

გააზიარეთ

ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

რადგან სუპერლიგის 11 გუნდიდან ორმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა, ცხრა გუნდი სამ ჯგუფში გადანაწილდა. შესაბამისად, თითო დღეს ჯგუფის თითო მატჩი ტარდება.

A ჯგუფი

ვსა-რუსთავი 96:85

(26:22; 25:23; 24:18; 21:22)

მატჩი ვსა-ს უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. რუსთავი მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, ჩამორჩენას ხან ამცირებდა, ხან სხვაობა ორნიშნა რიცხვით გამოისახებოდა. თამაში ისე დასრულდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ვსა-მ დაგეგმილი გამარჯვება მიითვალა და ნახევარფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი აკლია.

ამ ჯგუფში გორის ივერიონი ისვენებდა, რომელიც 10 იანვარს რუსთავს ეთამაშება.

B ჯგუფი

თსუ-რაში 95:76

(19:22; 30;15; 28:15; 18:24)

თსუ მემორიალის მოქმედი გამარჯვებულია და ტიტულის შენარჩუნებაც ჩაუფიქრიათ.

პირველი პერიოდი რაშმა მოიგო 22:19, თუმცა მეორე და მესამე ათწუთელებმა თსუ-ს დომინაციით ჩაიარა. უნივერსიტეტელებმა ჯერ 30:15 მოიგეს პერიოდი, შემდეგ კი 28:15 იმარჯვეს და მატჩს სპორტული ინტერესი დაუკარგეს. შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო და ბოლო პერიოდში ასპარეზი ძირითადად სათადარიგოებს დაეთმოთ. თსუ-მ საბოლოოდ 19-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა.

ამ ჯგუფში ტყიბულის ორბი ისვენებდა, რომლის მეტოქეც 10 იანვარს რაში იქნება.

C ჯგუფი

დელტა-მარგვეთი 80:86

(14:21; 24:22; 23:27; 19:16)

გურჯაანელებს მიმდინარე სეზონში თამაში არ მოუგიათ და ვერც ამ ტურნირზე იხეირეს.

მარგვეთმა ექვსი ქულით მოიგო, რაც გუნდური და სტაბილური თამაშის დამსახურებაა. ზესტაფონელებს ულიდერა 21 წლის გიორგი შალიკიანმა, რომელმაც 14 ქულა, 15 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ნოემბრის ფანჯარაში ეროვნულ გუნდში გამოძახებული გიორგი კობახიძე, რომელმაც ხუთი სამქულიანი და ჯამში 19 ქულა ჩაუგდო გურჯაანელებს.

ქუთაისი ისვენებდა, რომელიც 10 იანვარს დელტას დაუპირისპირდება.

რიონისპირელებს საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი ხუთჯერ აქვთ მოგებული. ცნობისთვის, ამ მხრივ რეკორდსმენი რუსთავია – ქვემო ქართლელებს ექვსჯერ აქვთ ტიტული შემართული.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი