შემადგენლობის გამოცხადებისა და პრესკონფერენციის გამართვის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩების წინ ორი ფეხბურთელი გამოაკლდა – გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე.
ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში მიზეზი ტრავმებია და ვილი სანიოლმა მათი შემცვლელებიც უცებ იპოვნა – ლიმასოლის არისის შემტევი გიორგი ქვილითაია და უკრაინული ჩერკასის ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი.
გასაკვირი ის არის, რომ ისედაც მწირი ფლანგის მცველების არყოფნაში, ფრანგმა სპეციალისტმა მარჯვენა მცველის ნაცვლად საყრდენ ნახევარდაცვაში მოთამაშე ფეხბურთელს უხმო. ამჟამად, ნაკრების განაცხადში ხუთი მცველი დარჩა, მათ შორის, ოთხი ცენტრალური და ერთი ფლანგის. ამ ხუთი მცველიდან ერთი დებიუტანტია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სადღეისოდ ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა).
თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი).
საქართველოს ნაკრები ვარჯიშს 10 ნოემბერს დაიწყებს, 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18-ში ბულგარეთს ესტუმრება.