გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლი: ტაქტიკა პრობლემა არ არის, უფრო სხვა ფაქტორებია

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 10 ნოემბრიდან დაიწყებს. ესპანეთთან (15 ნოემბერი) შინ და ბულგარეთთან (18 ნოემბერი) სტუმრად გასამართი მატჩებისთვის, მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობის გამოქვეყნების შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა და ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ევროპის ჩემპიონატი ჩვენი საფეხბურთო ისტორიის მაღალი წერტილი იყო. ცხოვრებისეული მაგალითი მოვიყვანოთ: როდესაც მეგობრებთან ერთად კარგ წვეულებაზე ერთობი, შემდეგ რამდენიმე დღე ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად გადაწყობა გჭირდება. ვფიქრობ, ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. ეს მოსალოდნელიც იყო. ამას გარდა, გვაქვს თაობათა ცვლა, ჩვენ გამოგვაკლდნენ ხოჭოლავა, კვირკველია და გველესიანი, კაშიასაც ასაკი ემატება. თუმცა, დადებითი ის არის, რომ სხვა ახალგაზრდა მცველები მოდიან – გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ნარიმანიძე. ვიცით, რომ 21-წლამდელებს მნიშვნელოვანი მატჩები აქვთ, მაგრამ გუნდის შენების პროცესში ვართ და სწორედ ამიტომაა ნარიმანიძე გამოძახებული და, გვინდა, გამოვცადოთ. რაც შეეხება სიგუას, ბაზელში რთული პერიოდი ჰქონდა, ახლა გვიბრუნდება, რადგან ბოლო პერიოდში ლოზანაში კარგად ითამაშა, მისი მწვრთნელიც მესაუბრა და მინდა, მას ვაჩვენო, რომ ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა“.

ნაკრების მომავალზე: ზოგჯერ რთული მომენტები გვეხმარება, დადებითად აისახება, უფრო მეტ გამოცდილებას ვიღებთ და შეცდომებს ვხედავთ. ამ ეტაპზე შენების პროცესში ვართ, უფრო მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რადგან კარგი მომავლის აშენება ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც გუნდში მოვედი, სამმცველიან სქემაზე მუშაობა დავიწყე, მჯეროდა, რომ ეს იმუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებთან პირველი მატჩი 0:3 წავაგეთ. სწორედ ესაა ფეხბურთის პრობლემა, რომ დრო საჭიროა. მაგალითად, შემიძლია მოგივყვანოთ ლუის ენრიკე, რომელსაც პსჟ-ში შესანიშნავი შედეგები აქვს, მაგრამ პირველ სეზონში ხალხი გუნდიდან მის წასვლასაც კი ითხოვდა. დრო მოითხოვს გუნდის შენებას.

ნაკრებში არსებულ პრობლემებზე: ტაქტიკას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს არ არის პრობლემა. უფრო აგრესიის, კონცენტრაციის, დისციპლინის და სხვა ფაქტორების პრობლემას ვხედავ. თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ. თურქეთთან ორივე მატჩში სტანდარტულ სიტუაციებზე კატასტროფა იყო. თუმცა, რეალურად არაფერი შეგვიცვლია, დაცვაში იმავე ტაქტიკით ვთამაშობთ სტანდარტებზე, როგორც 4-5 წლის წინ. თუ მაშინ მუშაობდა და ახლა არ მუშაობს, პრობლემა დამოკიდებულებაშია და არა კონკრეტულ პოზიციურობაში. როდესაც ისეთ მაღალ ფეხბურთელებს კარგავ, როგორებიც გველესიანი და კვირკველია არიან, შეიძლება გამოჩნდეს რაღაც პრობლემები, მაგრამ ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, გამოსავალს მივაგნებთ.

სჭირდება თუ არა ნაკრებს ცალკე სტანდარტულების მწვრთნელი: გუნდი ერთიანად ვმუშაობთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მე ვიღებ, ამიტომ, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის, არასწორ გადაწყვეტილებაზე, პასუხისმგებელი მე ვარ. რაც შეეხება სტანდარტული მდგომარეობებისთვის ცალკე მწვრთნელის ყოლას, ძალიან რთული კითხვაა: რა თქმა უნდა, გვჭირდება, მაგრამ, თუ შევედრებით პრემიერლიგის გუნდებს, რომელთა ბიუჯეტი 600 მილიონია, ცოტა რთული იქნება შედარების გაკეთება. ექვსი თვის წინ ჩვენს სტანდარტულ მდგომარეობებზე არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ თურქეთთან გამოჩნდა პრობლემები, რომელთა გამოსწორებაზე ვმუშაობთ.

აზაროვისა და დვალის არგამოძახებაზე: ირაკლი აზაროვმა კონფერენსლიგაზე მას შემდეგ ითამაშა, რაც ჩვენი განაცხადი გამოქვეყნდა. შახტარში ხშირად სათადარიგო სკამზეა და საშუალოდ, თვეში ერთი სრული მატჩის ჩატარებაც არ უწევს. ამიტომაც, არ არის განაცხადში. დვალმა ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ვერ ჩაატარა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დაბრუნდება ნაკრებში. პირიქით, ეს არის მესიჯი, რომ უფრო მეტი იმუშაოს. ის ძალიან მიყვარს და ვაფასებ, გამოცდილი და კარგი ფეხბურთელია. საბერძნეთთან საუკეთესო იყო და ევროპის ჩემპიონატზეც საკმაოდ კარგად ითამაშა. თუმცა, ის ერთ-ერთია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვერ ბრუნდება იმ ფორმაში, როგორშიც იყო. სხვები მუშაობენ და ლაშასაც შეუძლია, რომ იმუშაოს და ნაკრებში დაბრუნდეს.

მარცხენა ფლანგის პრობლემებზე: გვინდა, გოჩოლეიშვილს მეტი დრო მივცეთ. მარჯვნივ უკეთესია, მაგრამ მარცხნივ იმათზე კარგია, რომლებიც მარცხენა ფეხით თამაშობენ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები