გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველომ ფიჯი ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა

გააზიარეთ

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში, ფიჯის 11-ქულიანი ჩამორჩენა ამოუქაჩეს და 29:23 დაამარცხეს.

გუნდები, რომლებიც საქართველოში გასამართ მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ერთმანეთს მეოთხედ შეერკინენ და საქართველომ მეოთხედაც მოახერხა მეტოქის დაჯაბნა. ბოლო ორი ჯახის მსგავსად, ეს თამაშიც დაძაბული გამოდგა. გუნდებმა 4-4 ლელო გაიტანეს და მატჩის ბედი კარში დარტყმების სიზუსტემ გადაწყვიტა.

ვიტო კოლელიშვილის შეგირდები დომინირებდნენ მოლში და უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში. ფიჯი ტრადიციულად სახიფათო იყო ხელდახელ სწრაფი კონტრშეტევებისას და ლელოებიც უმეტესად ჩვეულ სტილში გაიტანა.

პირველ ტაიმში ფიჯიმ ჩვენი შეცდომებით იხეირა. არადა, დებიუტში ჩვენები დაწინაურდნენ – ლელო დათა არობელიძემ დადო, გარდასახვა არაზუსტი იყო; ფიჯიმ სწრაფად გვიპასუხა, ხელდახელ შეტევისა და ოფლოუდების შემდეგ, წონასწორობა აღადგინეს; 24-ე წუთზე მეორედ შევედით მეტოქის 22-ში და იქ აგორებულ მოლს ჯერ ფიჯელი მორაგბის სინბინი, შემდეგ ეპიზოდში კი გიორგი ზაზაძის ლელო მოყვა. თემურ ძოძუაშვილმა გარდასახა; ფიჯიმ ერთ წუთში მეორედ გვიპასუხა, მაგრამ ვერ გარდასახა; ნახევარი საათის თავზე მესამე ლელო მივიღეთ, ხოლო ტაიმის მიწურულს მეოთხე ლელო მიითვალეს და 12:20 ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქემ ჯარიმა კარში დაარტყა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც უმცროსი ბორჯღალოსნები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას და ეს 17 უპასუხო ქულაში ასახეს: ჯერ ევან ეზიეშვილმა ლელოს ძოძუაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა; მერე ძოძუაშვილმა გაბრიელ რაზმაძის ლელო გარდასახა; ბოლოს კი, ძოძუაშვილმა ჯარიმა კარში დაარტყა და ანგარიში 29:23 გახადა; დარჩენილ დროში ფიჯიმ კი შემოგვიტია, მაგრამ კარგი დაცვით მეტოქეს ქულის აღების შესაძლებლობა არ მივეცით…

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე საქართველო მომდევნო შეხვედრას 26 მაისს ჩილეს წინააღმდეგ გამართავს, რომელიც სამხრეთ აფრიკამ დღეს 97:0 დაამარცხა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები