საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა 8 ნოემბერს აშშ-სთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
თამაში ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ 16:00 საათზე შედგება და „ბორჯღალოსნები“ „არწივებთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეეცდება. აქამდე მეტოქეს შვიდჯერ ვეთამაშეთ და ოთხი მოვიგეთ.
რაც შეეხება შემადგენლობას: შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯები – დავით აბდუშელიშვილი და ბექა გიგაშვილი; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილს, ბექა საღინაძეს და გუნდის კაპიტან ბექა გორგაძეს ვიხილავთ.
ღერძზე ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იქნებიან; ცენტრში თორნიკე კახოიძესა და გიორგი კვესელაძეს დუეტი დადგება; ფრთებზე გიორგი შველიძე და აკაკი ტაბუცაძე იქნებიან; ფულბეკის პოზიციაზე კი – დავით ნინიაშვილი.
შერკინების მარქაფაში არიან კვაჭი ვანო კარკაძე, ბურჯები გიორგი თეთრაშვილი და ლუკა ჯაფარიძე, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე და მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი. ხაზში გუნდს გააძლიერებენ გელა აფრასიძე, ლუკა მატკავა და დემე თაფლაძე.
შეგახსნებთ, ნოემბრის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები (74.69 ქულა) მსოფლიო რეიტინგში მე-11 პოზიციაზე ხვდებიან. თუ ჩვენი გუნდი ამ ადგილს შეინარჩუნებს, დეკემბერში გასამართ 2027 წლის მსოფლიო თასის წილიყრას უკეთესი განთესვით შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აშშ-სთან:
ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი კვესელაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე;
შერკინება: დავით აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე, ბექა გიგაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე;
მარქაფა: ვანო კარკაძე, გიორგი თეთრაშვილი, ლუკა ჯაფარიძე, დემურ ეფრემიძე, ილია სპანდერაშვილი; გელა აფრასიძე, ლუკა მატკავა, დემე თაფლაძე.