საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიასთან (54:3) მოგებული მატჩის შემდეგ, შემადგენლობაში ცვლილებები მრავლად განხორციელდა.
15 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ ბორჯღალოსნების კვართით პირველ თამაშს ჩაატარებს აჟენის ბურჯი მამუკა მსტოიანი, მაგრამ მოედანზე მარქაფიდან შევა.
სასტარტო შემადგენლობაში კი, შვიდი ცვლილებაა. ცხრა ნომრის პოზიციაზე თამაშს იწყებს გელა აფრასიძე, რომელიც ერთი კვირის წინ მარქაფაში იყო; ცენტრში გიორგი კვესელაძეს ამჯერად გიორგი შველიძე შეუწყვილდება, რომელსაც შევეიცარიასთან არ უთამაშია; განაცხადში გამოჩნდა და ფულბეკად იწყებს დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო ოთარ მეტრეველმა ფრთაზე გადაინაცვლა; კვლავ დამწყებთა შორის არიან მგეზავი ლუკა მატკავა და ფრთა აკაკი ტაბუცაძე.
შეიცვალა ორივე ბურჯი და სასტარტო შემადგენლობაში ლუკა გოგინავას და ირაკლი აფციაურს ვიხილავთ; შვეიცარიასთან არ უთამაშია და ახლა თამაშს იწყებს მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი; მეორე ხაზში მარქაფიდან დავით ლაგვილავა დაწინაურდა, რომელსაც ივერდონში სანაკრებო დებიუტი ჰქონდა.
მორკინალებიდან დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ვანო კარკაძემ, მეორეხაზელმა მიხეილ ბაბუნაშვილმა და მესამეხაზელებმა – ბექა საღინაძემ და თორნიკე ჯალაღონიამ.
მსტოიანის გარდა, მარქაფაშია კვაჭი ლუკა ნიორაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე; მარქაფაში გადაინაცვლეს მესამეხაზელმა იოანე იაშაღაშვილმა და ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ; კვლავ შეცვლაზე არიან მესამეხაზელი ანდრო დვალი და მგეზავი თედო აბჟანდაძე.
შეგახსენებთ, პირველ წრეში ნიდერლანდებმა ესპანეთმა 33:51 წააგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: დაჩი პაპუნაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი შველიძე, გიორგი კვესელაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა მატკავა, გელა აფრასიძე;
შერკინება: ლუკა გოგინავა, ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური, მიხეილ ბაბუნაშვილი, დავით ლაგვილავა, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია;
მარქაფა: ლუკა ნიორაძე, მამუკა მსტოიანი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ლადო ჩაჩანიძე, ანდრო დვალი, იოანე იაშაღაშვილი, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე.