სუპერლიგის მე-9 ტური 2 დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა, რის შემდეგაც ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა.
რუსთავს ზესტაფონის მარგვეთი ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში – 93:89 იმარჯვა. ქვემო ქართლელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო წუთზე ორი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მარგვეთმა ორჯერვე იხეირა, საჯარიმოები და ორქულიანი ჩააგდო და ოთხი ქულით გაიმარჯვა.
არადა, მეორე პერიოდში ზესტაფონი 20 ქულითაც იგებდა. სტუმრებს ყველაფერი გამოსდიოდათ, მასპინძლებს კი – არაფერი. თუმცა რუსთაველები მალევე გამოერკვნენ, თამაში დაალაგეს და ხანგრძლივი დევნის შემდეგ ბოლო მეოთხედში ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ…
ტურის მთავარი მატჩი მართლაც მაგარი გამოდგა. ქუთაისში ვსა-მ საკუთარ თავს აჯობა და ცხრილში ორი წაგების მქონე ქუთაისს, ოვერტაიმში, 102:100 მოუგო
ვსა-მ თითქმის უიმედო მატჩი შემოატრიალა.მატჩის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე მასპინძლები რვა ქულით დაწინაურდნენ: მარქუს გილსონის ორქულიანის შემდეგ ანგარიში 87:79 გახდა.
ვსა-მ მოახერხა დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა. ლუკა კალატოზიშვილის და ანზორ ნადირაძის ქულებს ლუკა ლიკლიკაძემაც შედეგიანი გარღვევა მიაყოლა და ძირითდი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე ვსა წინაც გავიდა – 88:87. დარჩენილ დროში ქუთაისმა ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ ნადირაძემ გამთანაბრებელი ბოლო წამებზე ჩააგდო და ძირითადი დრო ფრედ – 90:90 დასრულდა.
დამატებით დროში მნიშვნელოვანი იყო ვატო გაჩეჩილაძის სამქულიანი, რომელმაც ვსა 100:97 დააწინაურა. ქუთაისელებმა მაინც მოახერხეს გათანაბრება. ვსა-ს ბოლო შეტევისთვის 23 წამი დარჩა და დემარი კინგმა დასრულებამდე სამი წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო – 102:100.
ცხრა ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი თსუ გახდა – შვიდი მოგება და ორი მარცხი. შემდეგ მოდის სამი წაგების მქონე ოთხი გუნდი – ივერიონი, ვსა, ქუთაისი და მარგვეთი.
პირველი წრის ბოლო ტური 27-28 დეკემბერს გაიმართება.