გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სუპერლიგა დაიწყო, ფავორიტებიდან ვსა-მ წააგო

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ჩემპიონატი – სუპერლიგა დაიწყო. სეზონის პირველ მატჩს გურჯაანმა უმასპინძლა, სადაც დელტა ბათუმს დაუხვდა. პროგნოზმა გაამართლა და აჭარულმა გუნდმა გურჯაანში დელტა 107:81 დაამარცხა.

მასპინძლებმა მეტოქეს წინააღმდეგობა პირველ პერიოდში გაუწიეს, თუმცა ათწუთეული 20:25 წააგეს. მეორე პერიოდის ნახევარიც და ბათუმელებმა გაილაღეს. მათმა ამერიკელმა ლეგიონერებმა – ჯერემი შოუმ და მაირინ ტომასმა დელტას დაცვასა და შესაბამისად, ქულების გროვებას ალღო აუღეს. შედეგმაც არ დააყოვნა და ამას გიორგი ოჩხიკიძის სამქულიანებიც დაემატა და ბათუმელთა ლიდერობამ დიდი შესვენებისთვის 17 ქულას მიაღწია.

ვითარება არ შეცვლილა მეორე ნახევარში. ბათუმელთა ლიდერობამ 30 ქულას უწია და მატჩის ბედიც ბოლო პერიოდის დასაწყისშივე გადაწყდა. ზღვისპირელებს 25 ქულითა და 16 მოხსნით ტომასმა ულიდერა; 20 ქულა ჰქონდა შოუს; 18 ქულა და 9 პასი გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა.

რაშისა და კსუ-ს დაპირისპირებაში, ბექა წივწივაძის გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა. ასე მოხდა – კსუ სოლიდურად გამოიყურებოდა და ლიდერობას დასაწყისშივე რომ დაეპატრონა, ბოლომდე შეინარჩუნა.

რაში ცდილობდა თამაშის შემობრუნებას, მაგრამ არ გამოუვიდა და კავკასიამ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა – 94:78. გამარჯვებულებს ნიმაია ბენსონმა 21 ქულითა და 8 მოხსნით ულიდერა; 19 ქულა და 8 პასი ჯასტინ ფორესტმა მიითვალა; 18 ქულა და 7 მოხსნა ქსავიერ ბელის ანგარიშზე დაგროვდა.

თსუ-სა და ზესტაფონის მატჩი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო – 94:86. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ზესტაფონელებს დიდი დახმარება გაუწია კახა ჯინჭარაძემ, რომელიც საზღვარგარეთ წასასვლელადაა გამზადებული და მარგვეთში დროებით თამაშობს.

თუმცა, ჯინჭარაძის 25 ქულა და 9 პასი გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. თსუ-მ ბოლო წუთებზე უფრო მეტი მობილიზებით ითამაშა და გამარჯვებამდეც მივიდა. საუკეთესო შედეგი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც 24 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მიითვალა; 18 ქულა დააგროვა ბექა ბექაურმა; 17 – გიორგი ტურძილაძემ.

ყველაზე დაძაბული მატჩი, რომელიც გორში გაიმართა. ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი ბოლო პერიოდამდე უგებდა ივერიონს, მაგრამ მასპინძლებმა დასკვნით ათწუთეულში მაინც თავისი გაიტანეს და 62:57 გაიმარჯვეს. გორელებს 15 ქულითა და 7 მოხსნით ენდრიუ ლუისმა ულიდერა.

ტური ზესტაფონში დასრულდა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისმა იმერულ დერბიში ტყიბულის ორბს უმასპინძლა. შეხვედრას უმეტესწილად ქუთაისელები იგებდნენ, თუმცა ორბს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბოლო პერიოდის შუაწელში, ბრაიან ბეიონის სამქულიანის შემდეგ ტყიბულელები ხუთი ქულით – 81:76 დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ლიდერობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისმა ბოლო წუთებზე პრაგმატულად და შედეგიანად ითამაშა. ხუთქულიანი ჩამორჩენა შვიდქულიან ლიდერობად აქციეს, რაც ძირითადად გიორგი სულაბერიძისა და ლუკა ალავიძის დამსახურება იყო. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა ორბმა შეხვედრა ბოლო წუთებზე, ბრძოლაში 86:93 დათმო.

ქუთაისს დეტრეკ ბრაუნინგმა ულიდერა, რომელმაც 35 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა; 22 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე დაგროვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი