გამოგვიწერეთ

ნაკრები

უკვე ოფიციალურად – ბრონკანი საქართველოს გაწვრთნის

გააზიარეთ

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, 2026 წლის ივნისიდან ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება. ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ეს მოსალოდნელიც იყო. ისევე როგორც ის ინფორმაცია, რომ ივნისამდე ორივე გუნდს მისი იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაწვრთნის. შავ ლომში ბორტოლამის დებიუტი 10 იანვარს, ჩელენჯ თასზე ფრანგულ მონტობანთან შედგება.

ბორტოლამი გაიყვანს ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 8 და 15 თებერვალს სტუმრად, შესაბამისად შვეიცარიასა და ნიდერლანდებს ეთამაშება, ხოლო 21 თებერვალს თბილისში ესპანეთს დაუხვდება. ნახევარფინალები 7-8 მარტსაა ჩანიშნული, ფინალი კი, 15 მარტს მადრიდში გაიმართება.

პიერ-ანრი ბრონკანი

51 წლის პიერ-ანრი ბრონკანი გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც ფრანგულ, ქართულ და საერთაშორისო რაგბის კარგად იცნობს. ითვლება ძლიერ ტაქტიკოსად, რომელიც უპირატესობას ფიზიკურ და დისციპლინირებულ რაგბის ანიჭებს.

ბრონკანი 1992-2006 წლებში სხვადასხვა ფრანგულ კლუბებში თამაშობდა, მათ შორის ოშში, მონტობანსა და ბეზიეში. 2006 წლიდან კი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და სამოყვარულო ლიგებიდან ტოპ-დონემდე ყველა საფეხური გაიარა.

პირველი გუნდი იყო ბლანიაკი, რომელიც პირველსავე სეზონში პრო დე 2-ში აიყვანა; 2007-14 წლებში მუშაობდა ოშში, ორიაკში, კოლომიესა და ტარბში, სადაც მრავლად  იყვნენ ქართველი მორაგბეები.

2015 წლიდან ბრონკანი ფრანგულ გრანდს, ტულუზას შეუერთდა და დაცვის მწვრთნელად სამი წელი იმუშავა. 2018-20 წლებში ინგლისურ ბათში მუშაობდა, სადაც იმ დროს ინგლისელთა მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსს დაუკავშირდა და 2023 წლის მსოფლიო თასზე, უკვე ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში, მის სამწვრთნელო შტაბში მოლის კონსულტანტად იმუშავა.

მანამდე სამი წარმატებული სეზონი ჰქონდა კასტრის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და გუნდი 2022 წელს ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა.

2023 წლიდან პიერ-ანრი ბრონკანი ფრანგული ბრივის მთავარი მწვრთნელია, რომლის შემადგენლობაში ამჟამად სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს – კოტე მიქაუტაძე, ვახო აბდალაძე და გიორგი შველიძე. ბრივში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, მერე კი საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს.

მარკო ბორტოლამი

როგორც გითხარით, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ეროვნული გუნდისა და შავი ლომის საწვრთნელ პროცესს პიერ ანრი ბრონკანის იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაუძღვება, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის ხედვისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მასთან სრულ კოორდინაციაში იმუშავებს.

45 წლის მეორეხაზელის კარიერა პადოვაში დაიწყო, საიდანაც 2004 წელს ფრანგულ ნარბონში გადავიდა და ორი სეზონი გაატარა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მარკო ინგლისის პრემიერშიფის გლოსთერის ღირსებას იცავდა, ხოლო 2010 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ აირონის, მერე კი ძებრეს შემადგენლობაში თამაშობდა.

ბორტოლამის დებიუტი იტალიის ნაკრებში 2001 წელს შედგა და 2015 წლამდე 112 კეპი მოიხვეჭა (7 ლელო), რაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. არის იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი – გუნდს მოედანზე პირველად 2002 წელს, 22 წლის ასაკში წარუძღვა. ბორტოლამი სამი (2003, 2007 და 2011) მსოფლიო თასის მონაწილეა.

მოთამაშის კარიერის დასრულებისთანავე ბორტოლამის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და 2016-21 წლებში იტალიური ფრენჩაიზის, ბენეტონის მთავარი ასისტენტი-მწვრთნელი იყო, 2021 წლიდან კი, ოთხი წლით, ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. ამ პერიოდში გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და 2023-24 წლების სეზონში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ბენეტონს ბორტოლამის ხელმძღვანელობით წარმატებები ქონდა ევროტურნირებშიც. ჩემპიონთა თასზე მან ერთხელ ჯგუფური ეტაპი დაძლია, ხოლო ჩელენჯ თასზე ორჯერ ზედიზედ უწია ნახევარფინალს (2022-23 და 2023-24 წლები).

2025-26 წლების სეზონის დასაწყისში იტალიელმა ინგლისის პრემიერშიფის კლუბი სეილ შარქსი ჩაიბარა და გახდა პირველი იტალიელი მწვრთნელი, რომელიც ინგლისის პრემიერშიფის გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბორტოლამიმ შარქსი 2025 წლის დეკემბერში დატოვა და 2026 წლის იანვრიდან საქართველოში გადმოინაცვლა.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები