გამოგვიწერეთ

ნაკრები

უმცროსი ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატზე

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა ის 26 მორაგბე, რომლებიც ტიტულის დასაბრუნებლად 7-14 ნოემბერს პრაღაში იბრძოლებენ.

გუნდმა დასკვნითი, სამკვირიანი შეკრება მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე გაიარა, ჩეხეთის დედაქალაქშიში კი, 5 ნოემბერს გაემგზავრება. შემადგენლობაში 14 შერკინების და 12 ხაზის მოთამაშეა.

გიორგი ნემსაძე, 18 წლამდე ნაკრების მწვრთნელი:

„აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გამართული საერთაშორისო სერიის შემდეგ, ბიჭებს დასვენების საშუალება მივეცით, რის შემდეგ ვარჯიში კლუბებში გააგრძელეს, რათა სათამაშო პრაქტიკისთვის რაც შეიძლება მეტი ეთამაშათ. ჭაბუკთა ა ლიგის თამაშების დაწყებამდე გვქონდა ერთკვირიანი შეკრება. სამი ტურის შემდეგ გამოვიყენეთ ჩემპიონატში არსებული პაუზა და გავაკეთეთ სამდღიანი შეკრება, ბოლო სამი კვირაა კი, მარტყოფის ბაზაზე კვირაში ხუთი დღე ვვარჯიშობთ.

ექვსი ერის ფესტივალზე და სამხრეთ აფრიკაში აქცენტი თამაშის ხარისხზე კეთდებოდა, რადგან მოგების წნეხი არ გვქონდა. მორაგბეებს მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდათ. ჩვენი სურვილი იყო რაც შეიძლება მეტი გვეთამაშა. შევხვდით გუნდებს, რომლებსაც უდიდესი არჩევანი აქვთ. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ჩემი მეგობარია და მითხრა, რომ 26-კაციანი შემადგენლობა 21 000 მოთამაშიდან შეარჩია. ასეა ყველა წამყვანი სარაგბო ქვეყანა.

სამხრეთ აფრიკაში ბევრად უკეთესი გუნდი ვიყავით. თუმცა, ხელისშემშლელი ეროვნული გამოცდები იყო, რის გამოც ტურნირზე გამგზავრებამდე სრულფასოვანი შეკრება ვერ გავიარეთ. მიუხედავად ამისა, თამაშიდან თამაშამდე გვქონდა გაუმჯობესება და დღეს უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით აფრიკაში და ორჯერ უკეთესი, ვიდრე – საფრანგეთში.

ახლა წინ გველის ჩემპიონატი, სადაც მოგება მნიშვნელოვანია და აქცენტი გამოცდილ მორაგბეებზე გავაკეთეთ. ტრავმების გამო დაგვაკლდნენ საბა გიორგაძე და ლუკა გაბუნია. ვერ ვიტყვი რომ ისინი განაცხადში აუცილებლად იქნებოდნენ, მაგრამ შანსი ორივეს ექნებოდა. ვუსურვებ მათ მალე გამოჯანმრთელებას და იმედი მაქვს ორივე დიდ რაგბს ითამაშებს.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს: ვიცით, რომ ესპანეთმა რაგბში დიდი რესურსი ჩადო და ის გუნდი აღარაა, რაც წლების წინ იყო. მათ ბევრი ლეგიონერი ჰყავთ საფრანგეთიდან. ჩვენ რა თქმა უნდა გარკვეული გათვლები გვაქვს, მაგრამ პირველი თამაში პოლონეთთან გველის და ამაზე ვართ კონცენტრირებული.

როდესაც სამხრეთ აფრიკასთან კარგ თამაშს აჩვენებ და ირლანდიას ამარცხებ, მერე შეიძლება პოლონეთთან შესაბამისი განწყობის შექმნა გაგიჭირდეს, მაგრამ ბიჭებს ყოველთვის ვახსენებ – როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე. ამ კვართს დიდი ისტორია აქვს და ამ ბიჭებამდე უამრავმა ადამიანმა მოიტანა. გარდა ამისა, რაგბში მეტოქის დაფასებაა, როდესაც მისი ძალის მიუხედავად, თამაშს სერიოზულად უდგები და ესეც გასათვალისწინებელია.

მაქსიმალურად ვცდილობ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და შეძენილი ცოდნა, მოთამაშეებს გავუზიარო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანონ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს და აუცილებლად ვიბრძოლებთ უმაღლესი მიზნების მისაღწევად“.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი ფლეი ოფის სისტემით იმართება და საქართველო 1/4-ფინალში პოლონეთს (7 ნოემბერი) შეხვდება; გამარჯვებული, 10 ნოემბერს, ნახევარფინალში, ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის უმჯობესს შეერკინება. ფინალი 14 ნოემბერსაა ჩანიშნული და ბადის მეორე მხრიდან მისი საგზურისთვის ესპანეთი (მოქმედი ჩემპიონი), ჩეხეთი, გერმანია და ბელგია იბრძოლებენ.

საქართველოს 18 წლამდე შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: ლუკა ბარბაქაძე, საბა მერებაშვილი, ალექსანდრე გამყრელიძე, საბა ჯიბღაშვილი, გიორგი ბერძენიშვილი, გეგა გიორგობიანი, ნიკოლოზ ხარებავა, ნიკოლოზ ფანცულაია, გიორგი ქევანიშვილი, ლუკა შულაია, გიორგი სუთიაშვილი, ნიკა ჯანგულაშვილი, მათე ბერუაშვილი, დავით ლაცაბიძე;

ხაზი: გიორგი ხონელიძე, ალექსანდრე გაგუა, მათე მახარაძე, ნიკოლოზ ჩაჩანიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მიხეილ მგალობლიშვილი, გოგა ბერიძე, ალექსანდრე მამაიაშვილი, ლუკა მუშკუდიანი, ბართლომე ხამაშურიძე, რეზი ცხვედიანი, ლუკა ჭაკუა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები