საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონმა ქუთაისმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში მარცხისა და ჯგუფურ ეტაპზე ვერმოხვედრის შემდეგ ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლა.
რიონისპირელებმა საკვალიფიკაციოში ტურნირის პირველ წრეში ბოლო წამებზე, ბრძოლაში წააგეს სლოვაკურ ლევიცესთან და ფიბა ევროპის თასის გათამაშების E ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ესპანური ბილბაო, ბერძნული პერისტერი და ჩეხური ბრნო ჰყავთ. სულ 10 ჯგუფია და მომდევნო, მეორე ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან.
ქუთაისელებს სავარაუდოდ გაუჭირდებათ ჯგუფიდან გასვლა, რადგან პირველივე ტურში საშინაო მატჩი უშუალო კონკურენტთან – ჩეხურ ბრნოსთან წააგეს. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმ მიზეზით გაიმართა, რომ ქუთაისის დარბაზი არაა მზად, საერთაშორისო მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ახლა სწორედ ამ მიზნით იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამ ევროსეზონში ვეღარ მოესწრება, თუკი ქუთაისი ჯგუფიდან არ გავიდა, რადგან დარბაზის ხელახალი გახსნა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, როცა ფიბა ევროპის თასის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულებული იქნება.
რაც შეეხება მატჩს: ბრნომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 84:66. სტუმრებმა შეხვედრა თავიდანვე უპირატესობით დაიწყეს და პირველ მეოთხედი შვიდქულიანი სხვაობით მოიგეს; მეორე პერიოდში ქუთაისელებმა ბრნოს ამერიკელ ლეგიონერს, ჯეიკობ გროუვსს ვერაფერი მოუხერხეს, თავის მხრივ ქართულ გუნდს შეტევაში თამაში აღარ გამოსდიოდა და ჩეხებმა პირველი ტაიმი 17 ქულით მოიგეს; მატჩს ინტრიგა მესამე მეოთხედში დაეკარგა, როცა ბრნოს უპირატესობამ 29 ქულა გახდა.
მატჩის საუკეთესო მექულე ზემოთხსენებული გროუვსი გახდა, რომელმაც 33 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა; ქუთაისელთა მხრიდან დეტრიკ ბრაუნინგმა კარგად კი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 16 ქულის დაგროვება შეძლო; შედეგიანობის მხრივ ნიკოლოზ დარბაიძე გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.
ქუთაისური გუნდი ფიბა ევრპის თასზე მეორე შეხვედრას 22 ოქტომბერს, ბერძნულ პერისტერის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს, რომელმაც პირველ ტურში, ესპანეთში, ბილბაო დაძაბულ ბრძოლაში – 84:81 დაამარცხა.