შავმა ლომმა ჩელენჯ თასის მესამე ტურში საფრანგეთის ტოპ 14-ის მონტობანი მისსავე სტადიონზე 31:28 დაამარცხა და პირველად ისტორიაში, ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც მოიპოვა.
შავი ლომი მესამე წელია ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ტურნირში მონაწილეობს და ყველა სეზონში თითო-თითო გამარჯვების მოპოვება მოახერხა, მაგრამ შეტევის ბონუს-ქულა აქამდე არასდროს. ამასთან, საფრანგეთში მოპოვებული გამარჯვებით გუნდი ინარჩუნებს ფლეი ოფში გასვლის რეალურ შანსს და ამისათვის აუცილებელია, რომ 17 იანვარს იტალიური ძებრე დაამარცხოს.
მთლიანობაში, შავმა ლომმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანა, საიდანაც ორი ლუკა ცირეკიძის ანგარიშზეა, თითო-თითო აკა ტაბუცაძისა და გიორგი სინაურიძის, საჯარიმო ლელო კი ჩვენმა მოლმა გამოიმუშავა. ორი გარდასახვა გაიტანა და შავ ლომში საკუთარი ანგარიში გახსნა ლუკა თაყაიშვილმა.
შავმა ლომმა მატჩის პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი შესანიშნავად ჩაატარა. საწყის 40 წუთში სრულად დომინირებდა, ფლობდა ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას და ეს შედეგზეც აისახა. კარგი იყო როგორც დერეფანი და შერკინება, ასევე დაცვა და ხელდახელ თამაში.
პირველი ტაიმი 17:7 მოვიგეთ, რასაც მეორეს დასაწყისში კიდევ 14 დავუმატეთ და თითქოს პრობლემების გარეშე უნდა მოგვეგო. თუმცა, მასპინძლები გააქტიურდნენ და ძალიან დიდ წნეხში მოგვაქციეს და მონტობანმა სამი გარდასახული ლელოს გატანა შეძლო და სხვაობის სამ ქულამდე დაყვანა. თუმცა, დასკვნით წუთებში ბურთს გაუფრთხილდა და დამსახურებული, ისტორიული გამარჯვება იზეიმა.
შავი ლომი ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 17 იანვარს თბილისში, იტალიური ძებრეს წინააღმდეგ გამართავს. თუ როგორი იქნება ფლეი ოფში გასვლის შანსები, იმაზეა დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ ჩვენი კონკურენტები მესამე ტურში. 11 იანვარს კონახტი სტუმრად მონპელიეს ეთამაშება, ხოლო ძებრე შინ ოსფრიზს მასპინძლობს. ამ მატჩების შემდეგ გამოიკვეთება თუ რა შანსები აქვს შავ ლომს…