გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომის მეტოქე და ფლეი ოფის შანსები

გააზიარეთ

მონტობანთან საფრანგეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, შავმა ლომმა ჩელენჯ თასის ფლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. საამისოდ, 17 იანვარს იტალიური ძებრეს მიხეილ მესხზე დამარცხება მართებს.

მარკო ბორტოლამის, ლადო კილასონიასა და ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, მონტობანს 45 წუთში ხუთი ლელო გაუტანა და ბონუს-ქულაც ჩაიწერა. შედეგად, შავი ლომი ხუთი ქულით მეხუთე ადგილზეა და სამით ირლანდიურ კონახტს, ხოლო ოთხით იტალიურ ძებრეს ჩამორჩება. ფლეი ოფში ჯგუფიდან ოთხი გუნდი გადის.

ჩვენმა მომავალმა მეტოქე ძებრემ პირველ ტურში მონტობანი ბონუს-ქულით დაამარცხა, შემდეგ მონპელიესთან დამარცხდა, ვოლოს კი ოსფრიზს სძლია და საქმე გაგვირთულა. მეტოქეს ჩვენთან შედარებით გატანილ-გაშვებული ქულების ბევრად უკეთესი ბალანსი აქვს (+4 და -60). შედეგად, იტალიელებს ოთხი ლელო უნდა გავუტანოთ, მათ ქულა ვერ უნდა აიღონ. თუ ძებრემ მაინც შეძლო ოთხი ლელოს გატანა, მაშინ მინიმუმ 32-ქულიანი სხვაობით უნდა მოვუგოთ.

არაფერი გვითქვამს კონახტზე, რომელიც დასკვნით ტურში უმოტივაციო მონტობანს მასპინძლობს და დიდი ალბათობით გამარჯვებასაც მოიპოვებს, რითაც ფლეი ოფის საგზურს გაინაღდებს.

ამრიგად, 17 იანვარს „მიხეილ მესხზე“ ერთგვარად არაოფიციალური ფინალი გველის მეტოქესთან, რომელიც უპირატეს მდგომარეობაშია.

მეორედ ძებრესთან

შავი ლომი ძებრეს წელს მეორედ ეთამაშება. პირველად მეტოქეს სექტემბერში, იტალიური ტურნეს ფარგლებში შევხვდით და „სერჯიო ლანფრაკიზე“ დიდი ბრძოლა გავუმართეთ. მაშინ მასპინძლებს ოთხის წილ ორი ლელო გავუტანეთ და 12:26 დავმარცხდით. ახლა სატურნირო მიზნებთან ერთად, რევანშის შანსიც გვეძლევა.

ძებრეს წინამორბედი გუნდი 1973 წელს დაარსდა და 1997 წელს დაიშალა. 2012 წლის ივნისში კი, უკვე იტალიის რაგბის ფედერაციის პატრონაჟით, პროფესიონალური ფრენჩაიზის სახით აღდგა და იმავე წელს რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში (იმხანად პრო 12, მოგვიანებით პრო 14) და ევროპის პროფესიულ საკლუბო რაგბის ტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასი) ჩაერთო.

ძებრე იტალიის ოთხ რეგიონს აერთიანებს – ემილიო-რომანი, ლიგურია, ლომბარდია და პიემონტი, რომელიც რამდენიმე სარაგბო კლუბსა და 10 000-მდე მოთამაშეს მოიცავს.

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბოლო სეზონში ძებრემ 18-იდან ხუთი მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 29 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილი დაიკავა. 2012 წლიდან დღემდე, სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა თასზე, 10 სეზონი კი ჩელენჯ თასზე გაატარა, სადაც ორჯერ გადალახა ჯგუფური ეტაპი.

წლევანდელ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში, ძებრემ ცხრიდან ორი მოიგო და ჯამში 11 ქულით ისევ ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

თებერვალი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  

იხილეთ სრულად რაგბი