გამოგვიწერეთ

რაგბი

შავმა ლომმა ჩელენჯ თასი მარცხით დაიწყო

გააზიარეთ

შავი ლომი (საქართველო) – ოსფრიზი (უელსი) 14:39

ჩელენჯ თასის პირველ მატჩში უელსურმა ოსფრიზმა შავ ლომს ორის წილ შვიდი ლელო გაუტანა და 39:14 გაიმარჯვა.

სტუმრები ფაქტობრივად ყველა კომპონენტში უპირატესობას ფლობდნენ. ისინი მაღალ ტემპში ბურთაობდნენ, სივრცეებს პოულობდნენ და საკუთარ შესაძლებლობებს კარგად იყენებდნენ. მასპინძლებმა ტაიმში თითო ლელო გაიტანეს, რომელთაგან პირველი განსაკუთრებით კარგი სანახავი იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

უელსელებმა საწყის 12 წუთში სტატიკური ფაზებიდან ორი ლელო გაგვიტანეს: ჯერ ხუთმეტრიანი დერეფნიდან კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მოლი დააყენეს და მიზანს გვილიმ ევანსმა უწია; მერე ხუთმეტრიანი შერკინებიდან მორგან მორსმა შეუტია და მისი შეჩერება ვერ მოვახერხეთ.

ტაიმის შუაში გიორგი სპანდერაშვილმა შერკინებიდან გამოსული ბურთი მიიღო, ცრუმოძრაობებით გვერდი რამდენიმე მცველს აუარა, დაახლოებით 25 მეტრი დაფარა და ძელებსშუა შეფრინდა. ლუკა ცირეკიძემ გარდასახვით ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა. თუმცა, შესვენებამდე ოსფრიზმა კიდევ ორი ლელო მიითვალა, ერთი გარდასახვაც გამოიყენა და ტაიმი 22:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თავისუფალი ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ლელო ალამთან მივიღეთ; 50-ე წუთზე ხაზის გაჭრის შემდეგ ლუის ჰლოიდმა ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა; ტაიმის შუაში ხაზის გაჭრას სტუმართა მეშვიდე ლელო მოყვა, რაზეც მატჩის მიწურულს ოთარ გიორგაძემ უპასუხა, ცირეკიძემ კი, გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 14:39.

შავი ლომი ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს 13 დეკემბერს საფრანგეთში გამართავს და ტოპ 14-ის ერთ-ერთ გრანდ ტულონს ეწვევა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად რაგბი