2027 წლის მსოფლიოს წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო. თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ იმ კალათბურთელებით, რომლებიც ქართული კლუბების ღირსებას იცავენ.
ლეგიონერები გუნდს მოგვიანებით შეურთდებიან, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ გუნდს ვერ დაეხმარება კაპიტანი თორნიკე შენგელია. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გავრცელდა:
„სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად, ფიბა-ს დადგენილი წესებით, 25 ნოემბრიდან იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბებს, თუკი ამ თარიღამდე თამაში აქვთ, შეუძლიათ კალათბურთელი არ გამოუშვან და ეს, ასეც არის. უმეტეს ქვეყნებში, სადაც ჩვენები თამაშობენ, ტურის მატჩები შაბათ-კვირასაა. შესაბამისად – გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია და თად მაკფადენი ნაკრებში 24-25 ნოემბერს ჩამოვლენ. თორნიკე შენგელიას თემა სულ სხვაა. მისი კლუბი ბარსელონა ევროლიგაში თამაშობს, რომელიც 26 ნოემბერს ფრანგულ ვილერბანს მასპინძლობს. ეს მატჩი რომ დაიწყება, ნახევარ საათში საქართველოში უკვე უკრაინასთან თამაშის დღე – 27 ნოემბერი დადგება, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელს ხდის ჩვენი ნაკრების კაპიტნის თბილისში თამაშზე ჩამოსვლას“, – წერია განცხადებაში.
დავუბრუნდეთ სადღეისო მდგომარეობას: თბილისი არენას დარბაზში მზადებას გადიან რატი ანდრონიკაშვილი (უკლუბოდ), ლუკა ლიკლიკაძე, ლუკა კალატოზიშვილი (ორივე ვსა), ლუკა მაზიაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (ორივე კავკასია), გიორგი კობახიძე, რომან ჭინჭარაული, სანდრო სანაძე (ყველა მარგვეთი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), გუგა პატაშური (რუსთავი) და ილია ლონდარიძე (ორბი).
შეკრებას ჯერ არ შეერთებიან ქუთაისელი კალათბურთელები ლუკა ალავიძე და გიორგი სულაბერიძე, რომელთაც ფიბა ევროპის თასის ეგიდით ბილბაო ბასკეტთან თამაში ჰქონდათ.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში 27 ნოემბერს, თბილისში, უკრაინას უმასპინძლებს; 30 ნოემბერს კი, ტენერიფეში, ესპანეთთან თამაშია. A ჯგუფში, სადაც ქართველ კალათბურთელებს მოუწევთ ასპარეზობა, დანიის ნაკრებიცაა. 3 საუკეთესო ნაკრები მეორე რაუნდში გავა და ექვსგუნდიან ჯგუფში გააგრძელებს მუნდიალზე მოხვედრას.