კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური ორი მატჩით დასრულდა და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ერთი გადანაცვლება მოხდა.
სპაერი-დინამო (ბთ) 3:3
0:1 ჯაფარიძე (39); 0:2 მარა (45); 1:2 კოხრეიძე (49); 1:3 ხოზრევანიძე (69); 2:3 ბუნტური (80); 3:3 კენჭაძე (83)
მატჩი უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა. ზღვისპირელები ორჯერ იგებდნენ ორბურთიანი უპირატესობით, მაგრამ ე უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელებმა ზედიზედ ორჯერ გაიტანეს: ჯერ გურამ ჯაფარიძემ სიზუსტეზე გათვლით დაარტყა და ანგარიში გახსნა; შესვენების წინ კი ნიკა კალანდარიშვილის მშვენიერ გარღვევასა და პასს ალბანელი უერდი მარას ზუსტი დარტყმა მოჰყვა.
შესვენების მერე მალევე მოახერხა სპაერმა სხვაობის შემცირება – ლაშა კოხრეიძემ თავურით გაიტანა; 69-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძემ მარას პასის მერე კარგად იმოქმედა, მცველს გაექცა და დაბალ კუთხეში დარტყმით ორბურთიანი სხვაობა აღადგინა; და მაინც, დარჩენილ დროში სპაერმა თამაშის გადარჩენა შესძლო: ჯერ გიორგი ბუნტურის ზუსტი თავური ვნახეთ, მერე კი, ნიკოლოზ კენჭაძემ გაიტანა… სპაერის კაპიტნის თავური მეკარე ლაზარე კუპატაძემ მოიგერია, მაგრამ მეორე დარტყმულს ვეღარაფერი მოუხერხა.
ბათუმის დინამოს ოთხმატჩიანი, სპაერს კი, სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
რუსთავი-სამგურალი 1:0
1:0 კესი (20)
რუსთავმა სამგურალს სოლომონ კესის გოლით აჯობა. განელმა ფორვარდმა მე-20 წუთზე სტუმართა მცველ რიანს მოუგო პოზიცია, ბურთთან შეხებაც მშვენიერი იყო და დარტყმაც კარგი მიაყოლა.
მომენტი ბევრი არ შექმნილა, საბოლოოდ, რუსთავმა მშრალად შეინახა კარი და ამ მოგებით ქუთაისის ტორპედოს ქულებით გაუთანაბრდა და თბილისის დინამოს გადაასწრო.
სატურნირო ცხრილი:
1.იბერია 14 8 3 3 20-11 27
2.ტორპედო 14 6 5 3 25-12 23
3.დინამო (თბ) 14 5 7 2 17-13 22
4.რუსთავი 14 6 5 3 17-12 23
5.დილა 14 6 2 6 11-10 20
6.დინამო (ბთ) 14 4 6 4 20-23 18
7.სპაერი 14 4 5 5 20-18 17
8.სამგურალი 14 4 3 7 14-22 15
9.გაგრა 14 2 5 7 11-21 11
10.მეშახტე 14 1 7 6 9-22 10