გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ოჩხიკიძის და ბარტონის რეკორდები სუპერლიგაში

გააზიარეთ

საქართველოს სუპერელიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. თუმცა, არის საკითხები, რომელიც უკვე გარკვეულია.

გათამაშების ლიდერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტურ დერბიში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უმასპინძლა და 86:78 დაამარცხა.

კავკასიელები შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ თსუ მუდმივად წინ იყო და ლიდერობა არ დაუთმია. მაქსიმუმი რაც კსუ-მ მოახერხა, ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება იყო. თსუ-მ ამ გამარჯვებით ფაქტობრივად გაინაღდა რეგულარული ჩემპიონატის მოგება.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც შესაძლოა, უნივერსიტეტელებს გადაასწროს, ბათუმია. აჭარულმა გუნდმა მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა მრავალქულიანობაში და გორის ივერიონი 47 ქულით – 115:68 დაჩაგრა. გიორგი ოჩხიკიძემ კი, სეზონის რეკორდი დაამყარა და საკუთარ გუნდს 21 პასით შეეწია.

ბათუმი მდევართაგან ერთადერთია, ვისაც თსუ-სთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. ამ გუნდებს შორის სხვაობა ორი ქულაა და სწორედ ორი ტურია დარჩენილი. შანსი თეორიულია: თსუ-მ ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა წააგოს, ბათუმმა კი, მოიგოს რომ ლიდერი შეიცვალოს.

თუმცა, შესაძლოა ისიც, რომ ბათუმი სულაც მეოთხეზე გავიდეს. საქმე ის არის, რომ ზღვიპირელთა მსგავსი ქულები კიდევ ორ გუნდს აქვს. ქუთაისმა კახეთში თელავი 104:96 დაამარცხა. რიონისპირელთა სამიზნედ მეორე ადგილი დარჩა და თელავში მოპოვებული ორი ქულა სახეირო იყო. რაც შეეხება თელავს, მეექვსე ადგილამდე დაეშვა.

რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, გარკვეულია, რომ გურჯაანის დელტამ სუპერლიგა დატოვა, მაგრამ უცნობია, რომელი გუნდი დაიკავებს ბოლოსწინა, მე-10 ადგილს და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

მე-10 ადგილზე გასვლის რეალური კანდიდატი რუსთავია. ქვემოქართლელებმა ზესტაფონში წააგეს. როგორც თითქმის ყველა აქამდელ მატჩში, რუსთაველები ახლაც ბოლომდე ინარჩუნებდნენ შანსს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს.

ბოლო პერიოდში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ბოლო წუთებზე ზესტაფონელებმა 10-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებულის ვინაობა გადაწყვიტეს – 97:87. მარგვეთი მესამე ადგილზეა, ხოლო რუსთავის ვითარება რთულზე რთული გახდა. მას შემდეგ, რაც ტურის ბოლო შეხვედრაში რაშმა გამარჯვება იზეიმა.

რუსთავს რთული მდგომარეობა მას შემდეგ შეექმნა, რაც უკვე გავარდნილმა დელტამ რაშს უმასპინძლა და უშანსოდ – 77:118 წააგო.

რაშმა ცხრილში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ სხვა საინტერესო ამბებიც მრავლად მოხდა: ფენომენალური შედეგი აჩვენა რაშის ცენტრმა, ანდრე უეირმა, რომელმაც 42 ქულა, 22 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა; კიდევ უფრო არარეალური რამ დაფიქსირდა გურჯაანის გუნდში – 77 ქულიდან 50 კრისტოფერ ბარტონის ანგარიშზეა…

წესით ბოლო, 22-ე ტური 15 და 16 აპრილს გაიმართება, ხოლო ბოლო ტური გამოტოვებული იქნება. მე-18 ტური 20-21 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ პატრიარქის გარდაცვალების გამო გადაიდო და 18-19 აპრილს ჩატარდება, რითაც სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი