
სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი, Sharks Academy-ს დამფუძნებელი რულოფ კოცე საქართველოში 10 დღე იმყოფებოდა და საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელს, გიორგი ნოზაძეს კონსულტაციებით ეხმარებოდა.
თავად ნოზაძე წლების წინ სწორედ Sharks Academy-ში სწავლობდა და კოცე წვრთნიდა. შვიდკაცას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ყოფილ მასწავლებელს კონსულტანტობა შესთავაზა და სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტიც თავისი გამოცდილების გაზიარებას დათანხმდა.
10 დღის განმავლობაში გიორგიმ და რულოფმა საწვრთნელი ვარჯიშები სამ ლოკაციაზე გამართეს – ფოთში, ქუთაისსა და თბილისში. კოცე ასევე დაესწრო მარტყოფში გამართულ 16-წლამდელთა საერთაშორისო ფესტივალს.
კოცესთან ინტერვიუ რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოჩნდა, სადაც საკუთარ გამოცდილებასა და ქართული შვიდკაცას პერსპექტივებზე საუბრობს.
– როგორ შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი Sharks Academy?
– მე და ჩემს მეგობარს დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა მაღალი დონის (HP) სარაგბო აკადემიის დაარსების სურვილი და ამაზე ბევრს ვფიქრობდით. ერთხელაც ჩვენი შეხედულებები ერთობლივი ძალისმხევით რეალიზდა და 1997 წელს სარაგბო აკადემია დავაარსეთ, სახელად SA Rugby Institute. ჩვენი კამპუსი დურბანში მდებარეობდა. სამი წლის შემდეგ ჩვენი პოტენციალი Sharks-მა დაინახა და ეს კომპანია შეიძინა, რის შემდეგაც Sharks Academy გავხდით.
– როგორ მოახერხა Sharks Academy-მ პროფესიული განათლებისა და ვარჯიშის დაბალანსება?
– სამწუხაროდ, როგორც ყველა სხვა სპორტის სახეობაში, ასევე რაგბშიც, კარიერა დიდხანს არ გრძელდება. ამიტომ გვესმოდა, რომ სპორტსმენები უნდა მოგვემზადებინა რაგბის შემდგომი ცხოვრებისთვისაც. ჩავრთეთ აკადემიური პარტნიორები და უზრუნველვყავით, რომ ყველა მოთამაშეს სწავლა გაეგრძელებინა. განრიგი ისე დავგეგმეთ, რომ აკადემიურ სწავლებას (სპორტული მედიცინა, სპორტის მენეჯმენტი, სპორტული ორგანიზაციის ადმინისტრირება), ფიზიკურ მომზადებას, რაგბის და ცხოვრების უნარებს ყოველდღიურად მოიცავდა.
– რა გამოცდილება გაქვთ კონკრეტულად შვიდკაცა რაგბში?
– შვიდკაცა რაგბის მწვრთნელობა ჩემს კლუბში, Durban Harlequins-ში დავიწყე. რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდით სინგაპურის CC ტურნირზე და ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო გამოცდილება. ვთამაშობდით სამხრეთ აფრიკის შიდა ტურნირებს, ასევე ლონდონის ტურნირშიც. როცა Sharks Academy დავაფუძნეთ, 2000 წელს იქაც შევქმენით შვიდკაცას პროგრამა და მოთამაშეებს თავად ვავარჯიშებდი.
2007 წელს გავხდი შარქსის შვიდკაცა გუნდის მწვრთნელი და ეს როლი 2012 წლამდე შევინარჩუნე. 2013 წელს დავტოვე შარქსი და გავხდი არაბთა გაერთიანებული საამიროების შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვავარჯიშებდი Pumas Union-ის შვიდკაცა გუნდს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში თამაშობდა.ასევემქონდა პატივი მემუშავა პაკისტანის შვიდკაცა ნაკრებთან აზიის Challenge Cup-ზე.
– რატომ შვიდკაცა რაგბი და რას აძლევს ის 15-კაცა რაგბს?
– 15-კაცადან შვიდკაცა რაგბში ადაპტირება უფრო რთული პროცესია, ვიდრე პირიქით. წარსული მაგალითები გვაჩვენებს, რომ მოთამაშეთა განვითარებაში და 15-კაცა რაგბისათვის უკეთესი მოთამაშეების ჩამოყალიბებაში, შვიდკაცას დიდი როლი აქვს და კარგი ხიდია რაგბის უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ.
– როგორ ჩაერთეთ საქართველოს შვიდკაცა ნაკრებში და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ამჟამინდელ სავარჯიშო გარემოზე?
– გიორგი ნოზაძე Sharks Academy-ში ჩემი სტუდენტი იყო. წლების განმავლობაში კონტაქტი შეგვინარჩუნდა და რაგბიზე ხშირად ვსაუბრობდით. როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, კონსულტაციებს უფრო ინტენსიურად გავდიოდით. როცა გამიჩნდა დრო, საქართველოში დასახმარებლად დამპატიჟა.
ვფიქრობ, ამჟამინდელ ჯგუფში ძალიან ნიჭიერი მორაგბეები არიან. მწვრთნელები პროფესიონალები. კარგად ემზადებიან და თითოეული ვარჯიში მიზანმიმართულია.
– ქართულ რაგბისთან უშუალო შეხების შემდეგ, რა იყო თქვენი პირველი საერთო შთაბეჭდილება?
– ქართული რაგბი ძალიან მტკიცედ მუშაობს იმისათვის, რომ მიაღწიოს მაქსიმუმს. პროცესში ბევრი გულშემატკივარი და ერთგული ადამიანია ჩართული, რომლებიც ცდილობენ კავშირის განვითარებას. არსებობს სირთულეები, მაგრამ ასევე აქვთ მკაფიო გეგმა მათ გადასაჭრელად.
– როგორ დაახასიათებდით საქართველოს შვიდკაცა რაგბის სტილს?
– ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს იმ ფუნდამენტურ უნარებზე, რასაც შვიდაკა მოიცავს და რასაკვირველია, ტრადიციულ ქართულ ძალაზე.
– რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად?
– რაგბი მეტად ლოგიკური თამაშია. მის ხარისხიანად სათამაშოდ, პირველ რიგში რაოდენობაა საჭირო. ჩემთვის ნამდვილად გასაკვირვია მცირე რაოდენობის ლიცენზირებულ მოთამაშეთა რაოდენობის ფონზე, ესეთი კონკურენტუნარიანი ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებები.
ეს იმას მიანიშნებს რომ თუკი რაგბი ქვეყანაში მეტად მასობრივი გახდება, სათამაშო ხარისხი და სტაბილურობა აიწევს.
– თქვენი აზრით, რა არის ქართველი მოთამაშეების მთავარი ძლიერი და სუსტი მხარეები?
– ძლიერი მხარეებია: ფიზიკურობა, სიძლიერე და სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება.
სუსტიმხარეები: ფიზიკურ მომზადებაზე მეტი მუშაობაა საჭირო, რაც თამაშის ტემპს გაზრდის – ამჟამად ტემპი შედარებით დაბალია.
– შვიდკაცა რაგბში რას მიიჩნევთ უმთავრეს ფაქტორად – ინდივიდუალურ უნარს, ფიზიკურ მომზადებას თუ დისციპლინას?
– ყველა მათგანი მნიშვნელოვანია – შვიდკაცაში დამალვის ადგილი არ არსებობს!
– თქვენ მოდიხართ სამხრეთ აფრიკიდან, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია შვიდკაცა რაგბში. რა არის მთავარი განსხვავება სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს მიდგომებს შორის?
– ჩვენს ეროვნულ სისტემაში პროგრამა სრულად პროფესიულია და მოთამაშეები სრულ განაკვეთზე არიან ჩართულნი.
– რამდენად განსხვავებულია ქართველ და სამხრეთაფრიკელ მოთამაშეთა სათამაშო სტილი?
– სამხრეთ აფრიკას მეტი სისწრაფე აქვს, ხოლო საქართველოს – მეტი ძალა. გამოწვევა იმაშია, რომ შევათავსოთ ძალა, სისწრაფე და ტექნიკა. ამ კუთხით სამხრეთ აფრიკა წინ არის.
– რა პოტენციალი და რესურსი აქვს საქართველოს შვიდკაცა რაგბის გუნდს მაღალი შედეგების მისაღწევად?
– საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი და სათამაშო რესურსი მაღალი დონისათვის, თუმცა მოთამაშეთა რაოდენობა პროგრამებში საკმარისი არ არის. ზოგიერთი მოთამაშე მხოლოდ შვიდკაცაზე უნდა იყოს სპეციალიზირებული. და, რა თქმა უნდა, პროგრამის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის დაფინანსებაც საჭიროა.
– თქვენი აზრით, რა აკლია საქართველოს, რომ მუდმივად იყოს კონკურენტუნარიანი World Rugby Series-ის გუნდებს შორის?
– სრულიად პროფესიული, მუდმივი პროგრამა შვიდკაცა მოთამაშეებისთვის.
– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს გამოცდილება? რა ისწავლეთ ქართველ მოთამაშეებთან მუშაობით?
– ძალიან გამიმართლა, რომ შანსი მომეცა მემუშავა საქართველოს შვიდკაცა პროგრამაში. ყოველთვის კარგია დაინახო, როგორ უმკლავდებიან სხვები გამოწვევებს და ისწავლო მათი გადაწყვეტილებებისგან. ეს გეხმარება საკუთარი სამწვრთნელო მიდგომების გაუმჯობესებაში.
– როგორ ხედავთ საქართველოს შვიდკაცა რაგბის მომავალს? რა არის მთავარი ნაბიჯები პროგრესისთვის?
– უმთავრესი ნაბიჯი იქნება პროფესიულ, სრულ განაკვეთზე შვიდკაცა მოთამაშეების განვითარება. ეს უდიდეს ცვლილებას მოიტანს შვიდკაცა პროგრამაში და დროთა განმავლობაში დადებითად იმოქმედებს საქართველოს 15-კაცა ნაკრებზეც.
იხილე მეტი
-
MMA
/ 9 საათის agoთოფურია: სიმართლეს ყვირილი კი არა, მოსმენა სჭირდება
გააზიარეთბოლო პერიოდში გავრცელებული ხმებისა და მოვლენების გამო, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია სოციალურ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 16 საათის agoკვარაცხელია და პსჟ დოჰაში მეექვსე ტიტულს შეუტევს
გააზიარეთ17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალია და გამარჯვებულია ვინაობას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 18 საათის agoბრონკანი თუ აზემა – საქართველო მწვრთნელის მოლოდინშია
გააზიარეთრამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი