ეროვნულ ლიგაში მეექვსე ტური გაიმართა. ხუთი მატჩიდან სამი ფრედ დასრულდა.
დილა-გაგრა 1:1
დილამ გორში ფრედ ითამაშა გაგრასთან. მასპინძლები ოთარ ფარულავას ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ – 1:0; გაგრამაც მალევე გაათანაბრა – ვლადიმირ არსიჩმა კუთხურს თავური შეაგება და გუნდს ქულა მოუტანა;
დილა ცხრილის შუაშია, გაგრა კი, აუტსაიდერია.
რუსთავი-დინამო (ბთ) 3:0
რუსთაველებმა მოგების გემო გაიხსენეს და ზღვიპირელებსაც დამაჯერებელი ანგარიშით აჯობეს. ისიც ვთქვათ, რომ ბათუმმა ამ სეზონში პირველად წააგო.
არადა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მერე კი რუსთაველებმა შანსები გამოიყენეს: არგენტინელი კევინ სეიხახის ჩაწოდებულ ორ კუთხურს ორი გოლი მოყვა: ჯერ ირაკლი იაკობიძემ გაიტანა, მერე ბრაზილიელმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ. ბრაზილიელს მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი გოლი მოუგროვდა.
ბოლო გოლი ავთანდილ გუჯაბიძემ გაიტანა – საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილად დაარტყა.
იბერია-სამგურალი 2:1
მოქმედმა ჩემპიონმა მინიმალური სხვაობით მოუგო სამგურალს. იბერიელები პირველი ტაიმის მერე 2:0-ს იგებდნენ. ჯერ გურამ გოშთელიანი კარგად გაერკვა სიტუაციაში და ცარიელ კარში გაიტანა; ერთ წუთში სამგურალს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ პირისპირ გასულ კლაუდიო სებოლინიას იბერიელთა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა აუღო.
იბერიელთა მეორე გოლს რაც შეეხება: ლუკას კაფემ ვახო ბედოშვილის დაფარული პასი გამოიყენა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ორამდე გაზარდა სხვაობა.
მე-80 წუთზე სამგურალი ლაშა კვარაცხელიამ დატოვა თამაშში, ვინაც ლევან პაპავას გამჭოლი პასის მერე გაიტანა, მაგრამ გუნდს ვერ უშველა.
მეშახტე-სპაერი 0:0
ტყიბულის მეშახტემ თბილისის სპაერთან 0:0 ითამაშა. ეს მეშახტეს მესამე უგოლო ფრეა ამ სეზონში. არადა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა.
ტორპედო-დინამო (თბ) 0:0
მეორე უგოლო ფრე ტურის ცენტრალურ მატჩში დაფიქსირდა. ქუთაისის ტორპედომ თბილისის დინამოს უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
სანახაობრივად კარგი თამაში გამოვიდა, მაგრამ ტრიბუნებზე შეკრებელმა მაყურებელმა გოლი მაინც ვერ იხილა.