
ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა და ახალგაზრდულ აკადემიებს, რომლებიც მომავალი თაობის ფეხბურთელებს ზრდიან. ერთ-ერთი ასეთი პროექტია სელერო – აკადემია, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე წელში შეძლო საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა ქართულ საფეხბურთო სივრცეში. აკადემიის დამფუძნებელი, სანდრო ტატიშვილი, გვიყვება და გვიზიარებს სელეროს შექმნის ისტორიას, ფილოსოფიას, გამოწვევებს და გეგმებს.
– როდის დაარსდა აკადემია და რატომ გადაწყვიტეთ სახელად სელერო დაგერქმიათ?
„აკადემია 2020 წელს დავაარსეთ. ძალიან დიდხანს ვფიქრობდით, რა სახელი დაგვერქვა. უამრავი ვარიანტი გვქონდა, მაგრამ საბოლოოდ ძველ ლათინურ სიტყვას მივადექით. სელერო ლათინურად სისწრაფეს ნიშნავს, რაც ფეხბურთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ეს სახელი ჩვენს ხედვასაც ასახავს – სწრაფი, პროგრესული და თანამედროვე მიდგომები.“
– ჰყავს თუ არა აკადემიას სხვა თანადამფუძნებლები და რა როლი აქვთ მათ?
„მე და ნიკოლოზ ჭუმბაძე ვართ დამფუძნებლები – თითოეულს 50%-იანი წილი გვაქვს. მანამდე ინდივიდუალური მომზადების ცენტრი გვქონდა, შემდეგ კი გადავწყვიტეთ, სრულფასოვანი საფეხბურთო სკოლა და აკადემია გაგვეხსნა. ნიკა აკადემიის ადმინისტრაციულ ნაწილს ხელმძღვანელობს, მე კი საფეხბურთო მხარეს.“
– რამდენი ბავშვი ირიცხება სელეროში და რამდენი ასაკობრივი ჯგუფი გაქვთ?
„ჩვენთან თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფია წარმოდგენილი, გარდა U19-ისა. ამჟამად 600-ზე მეტი ბავშვი გვყავს.“
– რა ლოკაციებზე ფუნქციონირებს აკადემია და გაქვთ თუ არა საკუთარი სტადიონი?
„ამ ეტაპზე საკუთარი სტადიონი არ გვაქვს, მაგრამ მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ – თუნდაც ხანგრძლივი იჯარით. ამჟამად გვაქვს ორი დიდი მოედანი: ერთი დიდ დიღომში, ფედერაციის ბაზაზე, ხოლო მეორე ოლიმპიურ კომპლექსში არსებულ სტადიონებზე.“
– როგორია ბავშვების მიღების კრიტერიუმები?
„10 წლამდე ასაკში ნებისმიერ ბავშვს ვიღებთ. ამ ასაკის შემდეგ კი შერჩევებს ვატარებთ.“
– როგორ მოხდა თქვენი და „ორბის“ თანამშრომლობა?
„ამერიკაში მცხოვრები ჩვენი მეგობრები – სანდრო ქოროღლიშვილი და გიორგი ძაგნიძე დამეგობრდნენ, იქიდან დაიწყო ურთიერთობა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ ერთად გვემუშავა. სელერო გახდა საფეხბურთო კლუბ ორბის თანამფლობელი და ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები გადადიან მთავარ გუნდში. ჩვენი თანამშრომლობა 50/50-ზეა. გუნდის 50% მე და ნიკას გვეკუთვნის, 50% კი – გიორგი კოროხაშვილის, სანდრო ქოროღლიშვილს და ბესო ზედელაშვილს ეკუთვნით. მომავალში ორბს სახელი შეეცვლება და სელერო დაერქმევა.“
– უცხოეთშიც გაქვთ აკადემია – რატომ შეარჩიეთ აშშ?
„გიორგი ძაგნიძე, სანამ ამერიკაში წავიდოდა, ჩვენს აკადემიაში მუშაობდა, როდესაც წავიდა, იქაც დავეხმარეთ და გახსნა სელერო. ინტერესიც არის – ძირითადად ქართველები მოდიან ნიუ ჯერსსა და ნიუ იორკში. უკვე 2 ამერიკელი ბავშვიც ვარჯიშობს, და თუ სხვა ეროვნების ბავშვებს ექნებათ სურვილი, რა თქმა უნდა მივიღებთ.“
– ორბში უკვე პროფესიონალური კონტრაქტები გააფორმეს თქვენს რამდენიმე აღზრდილთან. წარსულში იყო პრობლემა, რომ ნიჭიერ ფეხბურთელებს 17 წლის შემდეგ ვერ ინარჩუნებდით?
„კი, ეს იყო სერიოზული პრობლემა. ახლა კი, ორბთან გაერთიანებით, ჩვენს ბიჭებს შეუძლიათ პირდაპირ მთავარ გუნდში ითამაშონ. უკვე მოხდა ორი ფეხბურთელის ინტეგრაცია – ზუკა ქავთარაძე (18 წლის) და დაჩი მერკვილაძე (15 წლის.“
– იწვევენ თუ არა თქვენი აკადემიის ფეხბურთელებს ასაკობრივ ნაკრებებში?
„ჩვენი აკადემიის ორმა აღზრდილმა – საბა ნიორაძემ და ნიკა გოგოლიმ – უკვე ითამაშეს U17 ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე. ასევე, დაჩი მერკვილაძე იყო u16-ს შეკრებაზე, მას მთავარი მწვრთნელი სანდრო კობახიძე ახლაც აკვირდება და გამოიძახებს კიდევ თუ არა, ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ასევე, 2010-იანების ნაკრებში ჩვენმა კიდევ ორმა მოთამაშემ იასპარეზა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მათი კარიერა. გარდა ამისა, ჩვენს გუნდს უკვე აქვს საერთაშორისო გამოცდილება – ვყოფილვართ ტურნირებზე კვიპროსში, სომხეთსა და ესტონეთში, სადაც სამეულში მოვხვდით.“
– რა არის თქვენი ხედვით მთავარი, რომ საქართველოში ბავშვთა ფეხბურთი განვითარდეს?
„ყველაფერი ინფრასტრუქტურიდან იწყება. საქართველოში უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდსაც კი არ აქვს საკუთარი მოედანი, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ამის გარეშე მაღალი დონის განვითარება შეუძლებელია.“
– რა გეგმები გაქვთ მომდევნო 5 წლის განმავლობაში?
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყოველ წელს შევქმნათ ეროვნული ნაკრებისთვის ახალი ფეხბურთელები. ამას ვუყურებთ როგორც მთავარ ამოცანას.“
– რით განსხვავდება სელერო სხვა აკადემიებისგან?
„სელეროში მთავარი ყურადღება და აქცენტი ადამიანურ ღირებულებებზე კეთდება – ჯერ პიროვნულ განვითარებაზე, შემდეგ კი საფეხბურთო უნარებზე. ამ ფილოსოფიით ამაყად ვმუშაობთ და უკვე არაერთმა აკადემიამ დაინახა ამ მიდგომის ღირებულება. ამ გზაზე კი მშობლის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია – მათი ჩართულობა, მხარდაჭერა და ჯანსაღი კომუნიკაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვი როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც სწორად განვითარდეს. სელეროსთვის აკადემია და ოჯახი თანაბრად მნიშვნელოვანია.
თამაშის მხრივ კი ბურთის კონტროლი, პასით თამაში, მოძრაობა, პრესინგი, პოზიციური თამაში, დაცვითი ორგანიზაცია, კრეატიულობა, მენტალური გამძლეობა, ფოკუსი და ყურადღება ჩვენი პრიორიტეტებია.“
– რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ბავშვთა ფეხბურთში და როგორ ებრძვით მას?
„ინფრასტრუქტურა. დარბაზები და სათანადო მოედნები არ არის, რაც უშუალოდ აფერხებს ფეხბურთელების განვითარებას.“
– ვინ მუშაობს აკადემიის ბრენდზე (ლოგო, ფორმები, ფერები) და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის?
„ამ მიმართულებას ნიკა ჭუმბაძე ხელმძღვანელობს. მე საფეხბურთო ნაწილს ვუვლი, ნიკა კი – ადმინისტრაციულს და ბრენდინგსაც.“
– როგორია თქვენი ფინანსური მოდელი – გყავთ თუ არა სპონსორები?
„კი, გვყავს. მაგალითად, “დი ეიჩ ელი”, „ბაკურიანი“, KFS და „ალპენა“. მათი ლოგოები ჩვენს ფორმებზეა დატანილი.“
– გეგმავთ თუ არა გოგონათა გუნდის შექმნას?
„აუცილებლად. უბრალოდ, ინფრასტრუქტურული პრობლემები გვიშლის ხელს ამ ეტაპზე.“
– რა არის სელეროს გრძელვადიანი მიზნები?
„მთავარი მიზანია საკუთარი ბაზა; მოთამაშეების საექსპორტო რაოდენობის ზრდა ევროპაში და ინოვაციური ტრენინგ ცენტრის შექმნა.“
სელერო სულ რაღაც რამდენიმე წელში იქცა ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და სწრაფად განვითარებად აკადემიად. მიზანდასახულობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გეგმა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების სურვილი ამ აკადემიას განსაკუთრებულ შესაძლებლობებს უქმნის. თუ გეგმები რეალობად იქცევა, სელერო შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო ცენტრი.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 8 საათის agoახალგაზრდულმა შეკრება ცვლილებით დაიწყო
გააზიარეთსაქართველოს 21 წლამდე ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის შეგირდები 5 ივნისს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 20 საათის agoვილი სანიოლი: წინსვლა და პროგრესი გვაქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩში რუმინეთს გაეჯიბრა და 1:1 ეთამაშა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 22 საათის agoსაქართველო რუმინეთს ამხანაგურად დაუზავდა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩში რუმინეთს გაეჯიბრა და 1:1 ეთამაშა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი