
ფრანგულ გამოცემა Le Parisien-შუ ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.
_ შეგვიძლია, დასაწყისშივე უხერხული შეკითხვებით შემოგიტიოთ?
_ პრობლემა არ მაქვს, თავის დაცვა შემიძლია.
_ კლუბში ამბობენ, ცხოვრებაში საკმაოდ მხიარული ადამიანი ხართ, მაგრამ მოედანზე არასდროს იღიმით.
_ მართლა? თავს პოზიტიურ ადამიანად მივიჩნევ. მოედანზე მთელი ყურადრება თამაშისკენ მაქვს მიპრყობილი და, ალბათ ასე ამიტომ სჩანს. ცხოვრებაში მხიარული ბიჭი ვარ. ვცდილობ, ჩემი ქცევებით პოზიტიური ადამიანი ვიყო. როდესაც გარშემომყოფებს პოზიტიურ ენერგიას გადასცემ, მათგან იმავეს იღებ.
_ კიდევ ერთი რამ, რაც გამოგარჩევთ, ჯორჯ ბესტს გადარებენ. განგებ ბაძავთ?
_ არა. მოედანზეც ისეთი ვარ, როგორიც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასეთი ვარ და არავის ვბაძავ. მესმის, ასეთი კომენტარების ავტორების. ნეაპოლშიც უთქვამთ, რომ ჯორჯ ბესტს ვგავარ. ის განსაკუთრებული და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ალბათ კიდევ უკეთესი იქნებოდა, მისი ცხოვრება ისეთი რთული რომ არ ყოფილიყო… მაგრამ ვაღიარებ , რომ მომწონს ასეთი შედარებები.
_ როგორ დაახასიათებდით რამდენიმე სიტყვით საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს?
_ ამტანი ვარ. აგრესიული, მებრძოლი… და ქართველი! ბოლო ორი სიტყვა დაახლოებით ერთსა და იმავეს ნიშნავს, მაგრამ ნიუანსს მხოლოდ ქართველები თუ ჩაწვდებიან.
_ შეგიძლიათ ეს ფრანგულ პუბლიკას აუხსნათ?
_ ძალიან პატარა ქვეყნიდან ვართ, რომელიც გვინდა, მსოფლიოში გამოვაჩინოთ. მაგალითად, როდესაც საქართველოში ვინმე სტუმრად ჩამოდის, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საუკეთესოდ ვუმასპინძლოთ. როდესაც ვთამაშობ, პირველ რიგში, ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ, შემდეგ საკუთარი თავისთვის. როდესაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნიდან ისეთ გრანდში ხარ, როგორიც პსჟ-ია, თამაშის შანსი ძალიან მცირე გაქვს. დღეს ძალიან ვამაყობ იმით, რომ ცნობილი ვარ, როგორც ქართველი პარიზიდან.
_ აი, თურმე რატომ იზეიმეთ ჩემპიონთა ლიგის მოგება მხრებზე საქართველოს დროშით…
_ ფინალიში, მიუნხენში გამგზავრებამდე, პირველი, რაც ბარგის ჩალაგებისას გავაკეთე, საქართველოს დროშის ჩადება იყო. თანაც, მუდმივად ვფიქრობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდით. ყველაზე მეტად რაც მსურდა, მატჩის შემდეგ მოედანზე დროშით შერბენა იყო. სიამაყის საოცარი განცდაა! საერთოდაც, დროშა პირველია, რასაც მატჩის წინ თან ვიყოლებ.
_ როგორ ატარებთ დროს საფეხბურთო მოედნის გარეთ?
_ მოედნის გარეთ თავშეკავებული ვარ. მთელი ყურადღება ფეხბურთისკენ მაქვს, ვერ ვიტყვი, რომ ბევრ თამაშს ვუყურებ. მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანს. წლინახევრის ბიჭუნა მყავს, რომელზეც უნდა ვიზრუნო. სხვათა შორის, გიჟდება ფეხბურთის თამაშზე. მარცხენა ფეხით საოცრად თამაშობს და, იმედია, ჩემზე მაგარი იქნება. ყოველთვის მხარში დავუდგები.
_ როგორც მამათქვენი დაგეხმარათ?
_ მამასთან ხშირად ვერ ვთამაშობდი, რადგან მე და დედა საქართველოში ვცხოვრობდით, მამა კი, აზერბაიჯანში თამაშობდა. მახსოვს, მის თამაშებს დედა მაყურებინებდა DVD-ზე. როდესაც ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ მესიზე და მარადონაზე უკეთესი იყო. სკოლაში ბავშვები საპირისპიროს მიმტკიცებდნენ, მაგრამ ჩემსას არ ვიშლიდი და ვამბობდი, რომ მამა საუკეთესო იყო. ის ჩემი კუმირი იყო!
_ ოცნებობთ, რომ თქვენც იგივე იყოთ თქვენი შვილისთვის?
_ დიახ… ჩემი ბიჭი როგორც კი ვინმეს შეხვდება, ჩემზე უყვება – მამა გოლი… ფეხბურთზე გიჟდება. პსჟ-ის ლამის ყველა ფეხბურთელს ცნობს. განსაკუთრებით ბარკოლა უყვარს. როგორც კი დაინახავს, მის სახელს იმეორებს – ბაკოლა, ბაკოლა…
_ პარიზში თავს როგორ გრძნობთ?
_ მიყვარს პარიზი, აქ ყველაფერი მხიბლავს. ხშირად ვფიქრობ, როგორი ზრდილობიანები არიან აქ ადამიანები. ქუჩაში არასდროს გაწუხებენ. მაგალითად, რესტორანში ფოტოს გადაღება თუ სურთ, ჯერ ნებართვას ითხოვენ. ეს ძალიან მომწონს. ეს საუკეთესო ქალაქია ცოლთან ერთად გასასეირნებლად.
_ პარიზში თქვენი საყვარელი ქუჩა და უბანი რომელია?
_ გამიმართლა, რომ დიდი სახლი მაქვს. არ მივეკუთვნები მათ რიცხვს, ვისაც ქალაქის ცენტრში დროსტარება უყვარს. შინ ყოფნა მირჩევნია. თუმცა, გასვლა მაინც მიწევს და ამას ფეხით ვამჯობინებ, რადგან ადამიანები არასდროს მაწუხებენ. ეს მართლა შთამბეჭდავია.
_ რა აღმოაჩინეთ აქ ისეთი, რაც უწინ ნანახი არ გქონდათ?
_ დისნეილენდი! იქ ცოლთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი. მაგრამ პარიზი არაჩვეულებრივია! აქ ყველაფერია და თანაც, ეს სიყვარულის ქალაქია! როდესაც პსჟ-იდან დამიკავშირდნენ, ჩემი ცოლი პლანეტაზე უბედნიერესი ადამიანი იყო. სანამ პსჟ-იდან დამიკავშირდებოდნენ, ყოველთვის მეუბნებოდა – წარმოიდგინე, სათამაშოდ ერთ დღეს პსჟ-ში რომ აღმოჩნდე. რა მაგარი იქნებოდა პარიზში ცხოვრება. სულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ აქ მოხვედრა ძალიან რთული იქნებოდა. და არამხოლოდ იმის გამო, რომ ამ კლუბში ისეთი ვარსკვლავები გამოდიოდნენ, როგორებიც იყვნენ: მესი, ნეიმარი და მბაპე…
_ პსჟ-ში გადმოსვლა თქვენთვის ოცნების ასრულება იყო?
_ რა თქმა უნდა, როდესაც ისეთი პატარა ქვეყნიდან ხარ, როგორიც საქართველოა, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში თამაში ოცნებაა! ჩემთვის ნაპოლიში გადასვლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ამ მიღწევით ძალიან ვამაყობდი, მაგრამ როდესაც პსჟ დამიკავშირდა, მივხვდი, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გავხდი და ძალიან ამაყი ვიყავი.
_ ალბათ, ამიტომ იყო ძნელი უარის თქმა და ცოლის განაწყენება.
_ მქონდა სხვა ვარიანტებიც, წინადადებები, მაგრამ მწვრთნელის და სპორტული დირექტორის პროექტმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. ჭოჭმანის გარეშე ვუთხარი აგენტს, რომ პსჟ-ში გადასვლა მსურდა.
_ პარიზში გადასახლება, ქორწილი, ჩემპიონთა ლიგის ტიტული… 2025 წელი იდეალური იყო?
_ გამიმართლა, რადგან ნეაპოლში სკუდეტო წლების განმავლობაში არ ჰქონდათ მოგებული და ეს კლუბიდან ჩემს წასვლამდე შევძელით. იგივე მოხდა პსჟ-სა და ჩემპიონთა ლიგასთან დაკავშირებითაც. საქართველოში ამბობენ, რომ როდესაც ოთახში მარჯვენა ფეხით შეაბიჯებ, წარმატებას შეიტან. პარიზშიც მარჯვენა ფეხით ჩამოვედი. პირველად სიტისთან მატჩს დავესწარი. მაშინ ვიფიქრე, ეს ბიჭები არაჩვეულებრივები არიან, ამ გუნდში ჩემი ადგილი სად იქნება?. როდესაც მათი ვარჯიში ვნახე, მივხვდი, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვეძლო.
_ ერთ მომენტს რომელს გამოარჩევდით?
_ ეჭცგარეშეა, გოლს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მინდა ეს სიამოვნება კიდევ ბევრჯერ გამოვცადო. ისეთი აღელვებული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ უნდა მეზეიმა. ალბათ იმ წუთებში პლანეტაზე ყველაზე ამაყი ადამიანი ვიყავი.
_ ძნელია ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ მოტივაციის პოვნა?
_ როდესაც აღწევ მიზანს, რისკენაც მიდიხარ, შესაძლოა, გარკვეულწილად დუნდები, მაგრამ პსჟ-ში მწვრთნელი, პერსონალი და მთელი გუნდი ერთმანეთის მოტივირებაზე ზრუნავს, რათა კიდევ ბევრჯერ ვიზეიმოთ გამარჯვება.
_ რა არგუმენტს დაასახელებთ, რომ პსჟ-ს შესწევს ძალა ჩემპიონთა ლიგაში ტიტულის დასაცავად?
_ ჩვენ პსჟ ვართ და მართლა არაჩვეულებრივი კლუბია. ვიცით, რომ შეგვიძლია წარმატება გავიმეოროთ, რადგან ფეხბურთელებს, პერსონალს, მწვრთნელებს, მფლობელებს, ყველა მუშაობს და გამარჯვება კიდევ სურთ.
_ არასტაბილური შედეგების გათვალისწინებით, ეს შესაძლებელია?
_ რა თქმა უნდა. ვიცით, რომ თუ ბოლომდე დავიხარჯებით, ნებისმიერის დამარცხებას შევძლებთ, რადგან არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ნებისმიერთან შეიძლება დამარცხდე. ეს ფეხბურთია.
_ ძნელია შეინარჩუნო თავმდაბლობა, როდესაც ჩემპიონთა ლიგას იგებ?
_ ყველანი ძალიან თავმდაბლები ვართ. პატივს ვცემთ ყველა მეტოქეს და 100%-ით ვიხარჯებით, იქნება ეს ლიგა 1 თუ ჩემპიონთა ლიგა. მოედანზე მაქსიმუმს ვდებთ. ყოველთვის გვაქვს მოგების წყურვილი და სწორედ ამის წყალობით გავაგრძელებთ ტიტულების მოგებას.
_ საიდან ასეთი თავდაჯერება? უკავშირდება თუ არა ეს მწვრთნელის ფაქტორს?
_ რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი მწვრთნელია, რადგან ძალიან რთულია გუნდის შიგნით ერთნაირი მოტივაციის შენარჩუნება. მწვრთნელი წარმოუდგენელ სამუშაოს ასრულებს და მისთვის თითოეული ბოლომდე იხარჯება. შემიძლია გითხრათ ისიც, რომ ფეხბურთელები ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ. გვსიამოვნებს ერთმანეთის დანახვა, ერთად ვარჯიში და თამაში.
_ თანაგუნდელებიდან რომელს გამოარჩევთ, რომელიც აღგაფრთოვანებთ?
_ ერთის გამორჩევა არ შემიძლია. არაჩვეულებრივი ფეხბურთელები გვყავს. გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, „ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე. ის მართლაც განსაკუთრებულია და გუნდს პოზიტიურ ენერგიას აძლევს. ყველანი ვხედავთ, რა შეუძლია მოედანზე.
_ ლუის ენრიკესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
_ ურთიერთობა ძალიან კარგი გვაქვს. ის მწვრთნელია. შეუძლია დამიყვიროს და მითხრას, რაც სურს. ვიცი, სურს, უკეთესი გავხდე. ყველაფერს მარტივად ხსნის და ყოველთვის ცდილობს, რაღაც გასწავლოს. თუ განვითარება გსურს, მისი რჩევა უნდა გაითვალისწინო.
_ ინდივიდუალური თვალსაზრისითი, რა არის პსჟ-სა და საქართველოს ნაკრებში შენი მთავარი ოცნება?
_ პსჟ-სთან ერთად შარშანდელი გამეორება მსურს, საქართველოს ნაკრებთან ერთად კი, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ვოცნებობ. ისტორია უკვე დავწერეთ, როდესაც ევროპაზე მოვხვდით, მაგრამ მუნდიალი…
_ ბავშვობაში ვინ იყო თქვენი კუმირი?
_ გუტი. თუმცა, მისი მაისურის საყიდლად საკმარისი თანხა არ მქონდა. ამიტომ, თეთრ მაისურზე ზურგზე მარკერით „14 გუტი“ დავიწერე. როდესაც ვუყურებდი, მართლა აღფრთოვანებული ვიყავი მოედანზე მისი მოქმედებებით, პასებით და სათამაშო ინტელექტით.
_ შემდეგ მოგეცათ მასთან შეხვედრის საშუალება?
_ არა, მაგრამ მაისურები გავცვალეთ. ნეაპოლში ინტერვიუში ვახსენე, შემდეგ დამიკავშირდა და მაისური გამომიგზავნა. ძალიან გამიხარდა და საჩუქარს საქართველოში, ჩემს სახლში ვინახავ.
_ ვილი სანიოლი ამბობს, რომ ფრანკ რიბერივით თამაშობთ. მართალია?
_ ეს ჩვენი შეხვედრის შემდეგ თქვა და ძალიან მომეწონა. რიბერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი იყო. ყოველთვის ვაკვირდებოდი მის თამაშს, ბაიერნში რობენთან ერთად არაჩვეულებრივები იყვნენ.
_ ნაპოლის ფანებმა კვარადონა შეგარქვეს. მოგწონთ ეს მეტსახელი თუ ის ერთვარი ტვირთია?
_ რა თქმა უნდა, მარადონასთან შედარება ტვირთია. მას ვერავინ შეედრება, მაგრამ როდესაც გულშემატკივრება კვარადონა მიწოდეს, ძალიან მესიამოვნა. ამან დამანახა, თუ როგორ ძლიერ ვუყვარდი მათ.
_ თქვენი სავიზიტო ბარათი დრიბლინგი გახდა. თქვენი აზრით, რაშია თქვენი მთავარი სიძლიერე?
_ ვფიქრობ, დრიბლინგია ჩემი მთავარი ძლიერი მხარე, მაგრამ რაც პარიზში ვარ, თამაში მთლიანად გავაუმჯობესე და მოედანზე მებრძოლად ვიქეცი. ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო, მათ შორის დაცვაშიც. ნაპოლიში ასეთი არ ვიყავი და აქ სწორედ მწვრთნელი დამეხმარა გაუმჯობესებაში.
_ სპორტული ტანსაცმლის სარეკლამო რგოლში გადაიღეთ, კარიერის დასრულების შემდეგ მსახიობობაზე ხომ არ იფიქრებდით?
_ სიამოვნებით, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. რეკლამის ნახვის შემდეგ ყველა ამბობდა, რომ კარგად გამომივიდა. ყველას უკვირდა, როგორ შევძელი. არ ვიცი, უბრალოდ შევასრულე. სხვათა შორის, ფილმს ყურებისას, თავს ყოველთვის მთავარი გმირის როლში წარმოვიდგენ ხოლმე. ასე რომ, ვისურვებდი მსახიობად გახდომას, მაგრამ ეს განხორციელებადი მხოლოდ ოცნებებშია.
იხილე მეტი
-
ფარიკაობა
/ 5 საათის agoსანდრო ბაზაძემ 2026 წელს პირველი მედალი მოიპოვა
გააზიარეთსამხრეთ კორეაში მოფარიკავეთა გრან პრი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ წლის პირველი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 20 საათის agoიბერია ლიდერია, დინამოები ბათუმში დაზავდნენ
გააზიარეთდასრულდა მეორე წრის პირველი ტური, რომლის მეორე დღე ბევრად უფრო გულუხვი აღმოჩნდა. სამ მატჩში...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 21 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ეს ბავშვობის ოცნება იყო
გააზიარეთბუდუ ზივზივაძემ „ალიანს არენაზე“ მიუნხენის ბაიერნს ორი გოლი გაუტანა. ქართველი თავდამსხმელი ბუნდესლიგაში მეორე სეზონს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი