
საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგი სეზონი დასრულდა. წყალტუბოს სამგურალი მეშვიდე ადგილზე გავიდა. თუმცა, იმერული გუნდის ბრაზილიელი მწვრთნელი ტიაგო გომესი თვლის, რომ გუნდს მეტი შეუძლია და მათი მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრა.
გომესთან ვრცელი ინტერვიუ კლუბის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის, საქართველოზე. გომესი არც საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის.
_ სამგურალი მომავალ წელსაც ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. თუმცა, მეშვიდე ადგილი ის შედეგი არ არის, რაც კმაყოფილების საშუალებას მოგცემთ…
_ გვარდიოლა საკუთარ ბიოგრაფიულ წიგნში ამბობს, რომ საბოლოო შედეგებისთვის სეზონის საწყისი რვა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. მის ნათქვამს ვეთანხმები –ჩემპიონატის სტარტი უმეტეს შემთხვევაში აჩვენებს, ცხრილის რომელი ნაწილისთვის იბრძოლებს გუნდი.
იყო მომენტები, როდესაც შეგვეძლო უკეთესი შედეგების მიღწევა. შესაძლოა, სამგურალის ისტორიის შეცვლაც, თუ მეოთხე ადგილზე გავიდოდით. თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი წავაგეთ. ისეთებიც, სადაც მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ამისთვის მაღალი ფასი გადავიხადეთ.
ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი სამგურალის ევოლუციაა. ჩვენ ჩამოვყალიბდით შემტევ გუნდად, რომელიც ბევრ გოლს იტანს. ყოველთვის შეტევაზე ორიენტირებული საფეხბურთო სტილი გვქონდა – წყალტუბოშიც და გასვლაზეც. სეზონის ბოლოსთვის კი, გავარდნის პრობლემა აღარ შეგვქმნია.
_ ბოლო ტურში, თელავთან, სამგურალი უპირატესობას ფლობდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ დიდი ანგარიშით დამარცხდა. გუნდს მოტივაცია აკლდა გუნდს, თუ რა გახდა ასეთი მარცხის მიზეზი?
_ ვფიქრობ, გასულ სეზონში ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ბევრი მატჩი მსგავსი სცენარით წარიმართა – კარგად ვთამაშობდით, ბევრ შანსს ვქმნიდით, მაგრამ საბოლოოდ ან ვაგებდით, ანაც ფრედ ვასრულებდით. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და გუნდის თამაშის გაუმჯობესებაზე მეტი უნდა ვიმუშაო.
_ სამგურალში მე-14 ტურიდან დაინიშნეთ. რამდენად რთული იყო ქართულ ფეხბურთთან შეგუება და ადაპტაცია?
_ გუნდთან ჩემი ადაპტაცია გაცილებით სწრაფად მოხდა, ვიდრე ველოდი. პრეზიდენტის, დირექტორებისა და პერსონალის მხრიდან შესანიშნავ დამოკიდებულებას ვგრძნობდი, ხოლო ქართველი ფეხბურთელები საოცრად მეხმარებოდნენ სწრაფად ადაპტაციაში.
ეროვნული ლიგა ძალიან კარგად ორგანიზებული ტურნირია, რთული და მუდმივად კონკურენტუნარიანი მატჩებით. ეს სეზონი ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ვგრძნობ, რომ საქართველოში მუშაობით სწორი არჩევანი გავაკეთე.
_ გაგიადვილდათ თუ არა საქმე გუნდში ბრაზილიელი ფეხბურთელების ყოფნამ?
_ ჟანი, ბული და ვინი სამგურალში თითქმის სამი წელია თამაშობენ, ხოლო ჯეფი საქართველოში დაახლოებით 12 წელია ცხოვრობს. მათი რჩევები ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა.
_ გასული ჩემპიონატიდან სამგურალის რომელ თამაშს გამოარჩევდით, რომელი იყო საუკეთესო და ყველაზე ემოციური?
_ ლიგაში ზედიზედ ხუთი გამარჯვება მოვიპოვეთ, ხოლო მეხუთე, გარეჯთან სტუმრად 4:1 მოგებული მატჩი განსაკუთრებით ემოციური იყო. იმ თამაშის შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რომ სამგურალს გავარდნის საფრთხე აღარ ჰქონდა.
_ მატჩი, რომელმაც ყველაზე მეტად დაგწყვიტათ გული…
_ საქართველოს თასის მერვედფინალში გორის დილასთან პენალტების სერიაში მარცხი ძალიან მძიმე იყო. თამაში დაბალანსებულად წარიმართა და ბოლო წუთებში მოგების რეალური შანსი გვქონდა.
მანამდე ყველაფერი ზუსტად ისე მიმდინარეობდა, როგორც დაგეგმილი მქონდა – ვიცოდი, რომ მეორე ტაიმში გორი ჩვენზე ზეწოლას მოახდენდა, ამიტომ გუნდი ხუთი მცველით ვათამაშე, რათა კარი კარგად დაგვეცვა, სივრცეები გვეპოვა და კონტრშეტევებზე გვეთამაშა. ვიცოდი, რომ ჩემი გუნდი თავის შანსებს აუცილებლად იპოვიდა.
ძალიან ახლოს ვიყავით შემდეგ ეტაპზე გასვლასთან, მაგრამ თასის მატჩების ბუნებაა ასეთი… ბოლოს რეალური მომენტი ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ პენალტების სერია მეტოქემ მოიგო.
_ სამგურალს 26-ე ტურიდან ხუთმატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა, მაგრამ გუნდს სტაბილურობა აკლდა. რა იყო ამის მიზეზი?
_ გასულ ჩემპიონატში ჩვენმა გუნდმა შემტევი ფეხბურთი აჩვენა და ეს გატანილი გოლების რაოდენობაშიც ჩანს. ჩვენი ფორვარდი გიორგი ფანცულაია ეროვნული ლიგის ვიცე-ბომბარდირი გახდა.
თუმცა დილას, იბერიას, ტორპედოსა და თბილსის დინამოს წინააღმდეგ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრ საგოლე შანსს ვუშვებდით ხელიდან და დაცვაში საბედისწერო შეცდომები გვქონდა.
ზუსტად იმ მომენტებში, როცა ასეთი შეცდომა ყველაზე ძვირად გვიჯდებოდა – პირველი ტაიმის ბოლო წუთებში ან შეხვედრის მიწურულს. ძლიერ გუნდებთან ასეთ გარდამტეხ ეპიზოდებში შეცდომები დაუშვებელია.
გარდა ამისა, მნიშვნელოვან შეხვედრებში მიღებულმა წითელმა ბარათებმა თამაშის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. თუ არ ვცდები, ასეთი ოთხ მატჩში იყო. რეალურად, ამ თამაშებში, 6-8 ქულით მეტის აღების პოტენციალი ნამდვილად გვქონდა.
ეს ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის, პასუხისმგებლობაა. ბევრს ვმუშაობთ, რომ ხარვეზები გამოვასწოროთ. თუ მომავალში ცხრილის ზედა ნაწილისთვის ბრძოლა გვინდა, ასეთ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ.
_ ჩემპიონატის განმავლობაში არაერთ ექსპერიმენტს მიმართეთ, მაგალითად, ირაკლი ჯანჯღავა მარჯვენა მცველად გადაიყვანეთ, ხოლო შერგელაშვილი ნახევარდაცვის ცენტრში. ეს ფეხბურთელების დეფიციტით იყო გამოწვეული თუ სიახლეებს ეძებდით?
_ ზოგჯერ მწვრთნელისთვის აუცილებელია ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება. ყოფილა შემთხვევები, როცა გარკვეული მოთამაშეები ოპტიმალურ ფორმაში არ იყვნენ და სხვა ვარიანტები უნდა მეპოვნა. მიხარია, რომ ამ ექსპერიმენტებმა გაამართლეს.
ჯანჯღავამ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძალიან მაღალი დონის თამაშები აჩვენა, ხოლო შერგელაშვილი ცენტრალურ ნახევარმცველად ბრწყინვალედ ითამაშა. ორივე ჭკვიანი, ტაქტიკურად განსწავლული ფეხბურთელია, რომლებმაც ძალიან სწრაფად აითვისეს ის, რასაც მათგან ვითხოვდი.
_ შეიძლება თუ არა მეშვიდე ადგილზე გასვლის ერთ-ერთი მიზეზად მოკლე სათადარიგოთა სკამი დასახელდეს?
_ მიზეზი მარტო მოკლე სათადარიგოთა სკამი არ არის – ყველაფერი, რაც წინა პასუხებში განვიხილეთ, შედეგს ერთობლივად განსაზღვრავს, ამიტომ მეშვიდე პოზიციაზე გავედით. არადა, ბოლო მატჩი რომ მოგვეგო, ჩემპიონატს მეხუთე ადგილზე დავასრულებდით.
ჯანსაღი კონკურენცია ნებისმიერი გუნდის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა. ეს საკითხი უკვე განვიხილეთ კლუბის ხელმძღვანელობასთან.
_ სეზონი დასრულდა, არსებობს თუ არა მონახაზი, როგორი იქნება სამგურალი მომავალ წელს და რა მიზნებისთვის იბრძოლებს?
_ კარგად ვიცით, საით მივდივართ. კლუბის პრეზიდენტის, ჩემი და მთლიანად სამგურალის სტაფის საერთო მიზანია ევროტურნირებზე მოხვედრა. ცხადია, ამ მიზნის მისაღწევად ბევრ გამოწვევას შევხვდებით. მომდევნო კვირები და წინასასეზონო მომზადება გადამწყვეტი იქნება გუნდის სწორად დაკომპლექტებისთვის.
სამგურალის პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ იაშვილი, შესანიშნავი ადამიანია და ძალიან მიხარია მასთან და კლუბის ყველა თანამშრომელთან მუშაობა.
უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული სია, რომელი პოზიციების გაძლიერება და რომელი ტიპის მოთამაშეები გვჭირდება. პრეზიდენტი და დირექტორები დიდი მონდომებით მუშაობენ, რომ გუნდი უფრო ამბიციური მიზნებისთვის მზად იყოს. აუცილებელია, რომ თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ორი მოთამაშე გვყავდეს. კონკურენცია ვარჯიშებზეც მნიშვნელოვანია, ხარისხიც მეტი იქნება, რაც შესაბამისად თამაშზეც აისახება.
გავაგრძელებთ ჩვენი სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას, რათა ფეხბურთელების ინდივიდუალური საშემსრულებლო დონე კიდევ უფრო გაიზარდოს. მჯერა, ეს არის წარმატების მთავარი რეცეპტი.
_ როდის განაახლებს გუნდი ვარჯიშს და მოემზადება ახალი სეზონისთვის?
_ მომდევნო სეზონისთვის მზადებას 10 იანვარს დავიწყებთ. სამ კვირას საქართველოში ვივარჯიშებთ, შემდეგ შეკრებაზე თურქეთში გავემგზავრებით.
_ ზოგადად, ქართულ ფეხბურთსა და ეროვნულ ლიგას როგორ შეაფასებთ?
_ ეროვნულ ლიგაში ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. ქართველი მოთამაშეების ინდივიდუალური თვისებები ძალიან მომეწონა.
ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ედგნენ სათავეში. განსაკუთრებით აღვნიშნავ იბერიას, რომელიც საოცრად ორგანიზებული გუნდი იყო.
საოცარი სამუშაო გასწია გიორგი ჭიაბრიშვილმა ბათუმის დინამოში, ვიცი, რა სირთულეებიც ჰქონდა სეზონის განმავლობაში. მიუხედავად ყველაფრისა, შეძლო გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვება. ასევე საინტერესო სტილის გუნდი იყო გიორგი ონიანის გაგრა.
_ საქართველოში ცხოვრებაზე რას იტყვით, რასთან იყო ყველაზე რთული შეგუება და რა მოგეწონათ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად?
_ საქართველო ძალიან მომწონს! შვებულებასაც აქ გავატარებ, რომ ქვეყანა უკეთ გავიცნო. ხალხი ძალიან თბილი, თავაზიანი და გულწრფელია, ყველგან მეგობრულ დამოკიდებულებას ვგრძნობ. განსაკუთრებულ მზარდაჭერას კი, სამგურალის ქომაგებისგან, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო.
ქართული სამზარეულო ძალიან საინტერესოა, ხოლო თქვენი ღვინო მსოფლიოში საუკეთესო!
როგორც უკვე ვთქვი, ზამთრის შესვენებისას ბრაზილიაში არ წავალ – შვებულებას საქართველოში გავატარებ და იმ ადგილებს ვეწვევი, სადაც აქამდე წასვლა ვერ მოვახერხე.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 9 საათის agoბარსელონას მესამე მოგება და მესამე ადგილი
გააზიარეთევროლიგის მე-15 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და 98:85 დაამარცხა. ეს კატალონიელთა ზედიზედ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 11 საათის agoქუთაისმა ბათუმს მოუგო პირველობა გაიმყარა
გააზიარეთდაიწყო სუპერლიგის მერვე ტური და პირველი მატჩი ზესტაფონში გაიმართამ სადაც ქუთაისმა ბათუმს უმასპინძლა. მატჩი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 13 საათის agoყაზაიშვილი ჩინეთის სუპერლიგის MVP გახდა
გააზიარეთ32 წლის ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჟურნალისტების შემდეგ ჩინეთის სუპერლიგამაც გამოარჩია და ჩვენებური გასული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი