crocobet დიდი 10-ის პირველი წრის დასკვნითი ტურის პირველ მატჩში ერთმანეთის პირისპირ გასული ჩემპიონატის ფინალისტები წარსდგნენ. მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმმა ქუთაისში აია დაძაბულ ბრძოლაში, 26:22 დაამარცხა და ჩემპიონატის ლიდერს, მეორე ქუთაისურ გუნდ არესს გაუთანაბრდა.
არადა, აიამ ოთხი ლელო გაიტანა, ხოლო ზღვიპირელებმა იმავეს გაკეთება მხოლოდ ორჯერ მოახერხეს. თუმცა, ქუთაისელებმა გარდასახვაც არაზუსტად ურტყეს, დისციპლინაშიც მოიკოჭლეს, რის გამოც ბათუმმა ჯარიმებით ოთხჯერ იხეირა და მნიშვნელოვანი მოგებაც გაიფორმა.
აიას ნუგეშ-ქულა ერგო და 29 ქულით მესამე ადგილზეა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შუკაკიძე გახდა.
არესს შეეძლო ლიდერად დარჩენილიყო, მაგრამ ლელოსთან საშინაო მატჩი 5:12 დათმო. თავის მხრივ დედაქალაქელები „სარბიელის სინს“ დაეუფლნენ.
მიმდინარე სეზონში დიდ დიღმელებმა სინი უკვე მეორედ დაისაკუთრეს. ამასთან, ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და 21 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდნენ.
არესმა სეზონში მეორე თამაში დათმო, ორივე „აია არენაზე“. სამმატჩიანი გამარჯვებების სერიაც შეწყვიტეს, მაგრამ მცირედი სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულა ერგოთ, რაც ლიდერობის შესანარჩუნებლად საკმარისი აღმოჩნდა. ქუთაისელებს ბათუმის მსგავსად 33 ქულა მოუგროვდათ და ზღვისპირელებს ურთიერთშეხვედრებით სჯობნიან.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ციხისთავი გახდა.
თბილისის არმიამ სტეფანწმინდის ყაზბეგთან 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 25:19 გაიმარჯვა.
„რაგბი პლატოზე“ გამართულ აუტსაიდერთა ჯახში სტეფანწმინდელებმა 19-ივე ქულა პირველ ტაიმში მოიპოვეს. ერთი პერიოდი 19:5 დაწინაურდნენ, მაგრამ არმიელებმა ტაიმის ბოლომდე ლელო-გარდასახვა გაიტანეს.
მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში არმიელმა პიტერმა ორი ჯარიმა გაიტანა, რომელთა შუაში ლაშა ბარბაქაძის ლელოც გარდასახა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე დიდი დრო იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა – 25:19.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ბარბაქაძე გახდა.
არმიას 15 ქულა მოუგროვდა და მერვე ადგილამდე დაწინაურდა. ყაზბეგს ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 12 გაუხდა და გორს გაუტოლდა, რომელიც ტურის მატჩს კვირას, 23 ნოემბერს ხარებთან გამართავს. ამავე დღეს ხვამლი და წიქარაც ითამაშებებენ.