გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ეროვნულ ლიგას იბერია ერთპიროვნულად ლიდერობს

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური დასრულდა, რომელიც ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

გაგრა-ტორპედო 2:2

გაგრა ტორპედოსთან ჯერ აგებდა, შემდეგ იგებდა, საბოლოოდ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სწრაფი გოლი ვნახეთ: ტორპედოელთა კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა  დიეგო დეისაძის პასით გაიტანა; პირველი ტაიმის ბოლოს ანდრი ანდრეიჩუკმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ერთი შეხებით დარტყმა მიაყოლა და ანგარიში გაათანაბრა;

58-ე წუთზე ილია სკრიპნიკის გოლით გაგრა წინ წავიდა; მერე ვნახეთ ფელიპე პირესის გოლი: ბრაზილიელის დარტყმული პენალტი ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე პირესმა იმარჯვა და 2:2.

გაგრა ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა, ტორპედო მეხუთეზე.

დინამო (თბ)-მეშახტე 1:1

დინამო თბილისსაც და მეშახტესაც შვიდ მატჩში ხუთი ფრე მოუგროვდათ. ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ და ასეც გაგრძელდა.

28-ე წუთზე დინამო განელმა ნანა-კოფი დონკორმა დააწინაურა; ოთხ წუთში კი ცოტნე ფაცაციამ ვარდნაში დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ბარნს ოსეიმ მეორე გაფრთხილება მიიღო და დინამო ათი კაცით დარჩა, მაგრამ გაძლო და ფრეს გამორჩა.

სამგურალი-დილა 0:1

გორის დილამ სტუმრად სძლია წყალტუბოს სამგურალს. ბოლო წუთები იყო, როცა მამინ სანიანგი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, მერე დაარტყა და ბურთი კარში აღმოჩნდა. რიკოშეტიც დაეხმარა. სანიანგი გამბიელია, დილას ახალწვეული გახლავთ.

სპაერი-რუსთავი 1:1

ეროვნული ლიგა 2-დან დაწინაურებული გუნდები მშვენივრად გამოიყურებიან. მეორე-მესამე ადგილებზე არიან.

მე-13 წუთზე რუსთავი დააწინაურა პრინს ოსეიმ, რომელმაც სოლომონ კესის ეფექტური პასი გამოიყენა, მეკარესთან პირისპირ გასულმა კი ზუსტად დაარტყა; სპაერმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში გაათანაბრა: გიგა სამხარაძის კუთხური და გუნდის კაპიტნის, ნიკოლოზ კენჭაძის ზუსტი თავური ვნახეთ – 1:1.

დინამო (ბთ)-იბერია 0:3

მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმში გაიმარჯვა და სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.

იბერიელებმა მე-10 წუთზე გახსნეს ანგარიში – გოლი პაატა ღუდუშაურმა შეაგდო; 58-ე წუთზე ბათუმელთა მცველმა ლუკა ლაკვეხელიანმა საჯარიმოში ვახო ბედოშვილი წააქცია, პენალტი გიორგი ჯინჯოლავამ ზუსტად შეასრულა; ბოლოს არმელ ზოურის ჩაწოდებას ამირან ძაგანიას ერთი შეხებით დარტყმა მოჰყვა – 0:3.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი