2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან (1:2) მარცხით დაასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ ყოველთვის ნეგატიურ განწყობაზე ხარ. თუმცა ხვალ, როდესაც ამ თამაშის სტატისტიკას ნახავთ, გაკვირვებულები ვიკითხავთ, თუ როგორ წავაგეთ ეს მატჩი. ბურთის ფლობის დაახლოებით 80 %-იანი მაჩვენებელი გვქონდა. ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით, მეტოქე კი ორჯერ აღმოჩნდა ჩვენს საჯარიმოში და ორი გოლი გაიტანა. თუმცა, ასე რომ ხდება, ეს არის პრობლემაა და მის მოგვარებაზე უნდა ვიმუშაოთ.
ბოლო სამი თვე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ველოდი. თამაშიდან თამაშამდე ფეხბურთელებს ვცვლით. თუმცა, მაინც ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რაც ასეთ მაღალ დონეზე უპატიებელია. ვფიქრობ, პრობლემა უფრო გლობალურია – როგორც ადრე აღვნიშნე, ყველანი კომფორტის ზონაში მოვექეცით, საიდანაც რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეთ. უფრო მეტი იმედგაცრუება გველის, თუ ჩვენს მენტალიტეტს არ შევიცვლით. შეცდომები, მათ შორის ამ მიდგომის ბრალია და ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ…
ვიცოდით, ჯგუფში, სადაც ესპანეთი და თურქეთია, ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დავნებებულიყავით. ერთი წლის წინ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მას შემდეგ გუნდის თითოეული წევრი რაღაცას ვაკლებთ. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა გვქონდა, რაც ძვირად დაგვიჯდა. საკმარისად არ ვიბრძოლეთ და ეს სულისკვეთება მარტში, ივნისში და მომდევნო ერთა ლიგაზე უნდა დავიბრუნოთ“…
სამწუხაროდ, არ გვყავს ბევრი ფეხბურთელი ტოპ ლიგებში. კვარა ტრავმის შემდეგ არ იყო ოპტიმალურ კონდიციაში, სხვა ტრავმირებულებიც გვყავდა, ქოჩორაშვილს კლუბში სათამაშო დრო აღარ ეძლევა…
ბოლო მატჩებში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით და უკეთესად ვითამაშებთ. გპირდებით, აუცილებლად ვიპოვნით გადაწყვეტას. ყველა იმედგაცრუებულები ვართ და გზა ყველამ ერთად უნდა ვიპოვნოთ. შემოდგომის მატჩების შემდეგ აუცილებელი იქნება ანალიზის გაკეთება და მარტში უკეთესები უნდა ვიყოთ”, – თქვა სანიოლიმ.
როგორც ფრანგი სპეციალისტის სიტყვებიდან ჩანს, სამი ჩაგდებული შესარჩევი ციკლის მიუხედავად, მუსიე ვილი მუშაობას აგრძელებს.