გამოგვიწერეთ

ნაკრები

ნემსაძის გუნდი ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები საფრანგეთში გასამართი ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი გუნდი 34-კაციანი შემადგენლობით, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შევიდა და დასკვნითი შეკრება დაიწყო.

შარშანდელის მსგავსად ფესტივალი წელსაც საკურორტო ქალაქ ვიშში გაიმართება და საქართველო სამ თამაშს გამართავს: 3 აპრილს მასპინძელ საფრანგეთთან; 7 აპრილს – ინგლისთან; 11 აპრილს – შოტლანდიასთან. მათ გარდა ფესტივალში ირლანდია, უელსი, იტალია და ესპანეთი მონაწილეობენ.

საქართველომ ფესტივალზე პირველად 2024 წელს ითამაშა და მაშინ საფრანგეთი 20:19 დაამარცხა, შოტლანდიასთან (14:22) და ინგლისთან (19:26) კი, წააგო. ტიერ 1-ის გუნდებს შარშანაც დიდი ბრძოლა გავუმართეთ, მაგრამ ფესტივალი მოგების გარეშე დავასრულეთ: იტალიასთან (24:37), უელსთან (10:17) და ირლანდიასთან (21:26) მცირედი სხვაობებით დავთმეთ.

წლევანდელ ფესტივალზე ჩვენი გუნდი განახლებული სამწვრთნელო შტაბით მიდის. გიორგი ნემსაძეის შტაბს შალვა მამუკაშვილი (აუტის მწვრთნელი) და ირაკლი ყიასაშვილი (შეტევის მწვრთნელი) დაემატნენ. გუნდთან ერთად რჩებიან შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე.

განვლილი პერიოდისა და მოლოდინების შესახებ გიორგი ნემსაძე საუბრობს:

„პირველ ეტაპზე ქუთაისში ორი სამდღიანი შეკრება გვქონდა, რომელიც სელექციას და ტაქტიკურ მომზადებას ემსახურებოდა. რის შემდეგ, ასევე ქუთაისში ოთხი ნაყოფიერი კვირა გავიარეთ, რომლის დროსაც უკვე სათამაშო სისტემებზე ვიმუშავეთ. მწვრთნელისთვის მოსამზადებლად დრო საკმარისი არასდროსაა, მაგრამ გარკვეული ეტაპები გადავლახეთ…

ბოლო ორი შეკრების მსგავსად, მზადებას 34-კაციანი შემადგენლობით ვაგრძელებთ. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ამხანაგური თამაშების ჩატარება ვერ ხერხდება და სპარინგ-მატჩების გამართვა ძირითადად ერთმანეთში გვიწევს. ასევე გვექნება მართვადი ვარჯიში 20 წლამდე ნაკრებთან. ვეცდებით აღმოვაჩინოთ ის „ჭანჭიკები“, რასაც უნდა გადავუჭიროთ და ვეცდებით ფესტივალზე მაქსიმალურად დახვეწილი გუნდით წავიდეთ…

სამწუხაროდ, ასაკობრივი გუნდების რაოდენობა მწირია და მორაგბეთა დიდი არჩევანი არ გვაქვს. ვისურვებდი, მეტი კონკურენცია იყოს. ჩემი, როგორც ნაკრების მწვრთნელის რჩევა იქნება, გუნდებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ტექნიკური უნარების დახვეწას. ძალიან გვიჭირს ხელის ტექნიკა და შეკრებისთვის გამოყოფილ მცირე დროში ამის დახვეწა ძალიან რთულია…

მიუხედავად ამისა, საფრანგეთში ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ და სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ. თამაში და არა ბურთის გადაგდება და მერე მიწოლა. როგორ გამოგვივა ამას ფესტივალზე დავინახავთ. სერიოზული მოწინააღმდეგეები გვეყოლება. საფრანგეთის ნაკრები კანდიდატებს 15-20 ათასი მოთამაშიდან არჩევს. შარშან სამხრეთ აფრიკაში ინგლისი (35:31) რომ დავამარცხეთ, მათმა მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, ეს ბიჭები 30 ათასი მოთამაშიდან შეირჩაო…

ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი მორაგბე აღვუზარდოთ. საფრანგეთში დავინახავთ, თუ სად ვართ ამ ეტაპზე და ამის მიხედვით მომავალში სიღრმისეულ სამუშაოებს ჩავატარებთ…

ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა. ჯერ კდევ გვაქვს იმედი, რომ ლუკა შულაია სასურველ კონდიციაში მოვა და მაღალი დონის თამაშების ჩატარების შესაძლებლობა ექნება. ამისათვის ჩვენი სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს და მათ მადლობას ვუხდი. საფრანგეთში 26 მოთამაშე წავა, ჯერ კიდევ კონკურენცია გვაქვს და შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე თანაბარ შანსს ინარჩუნებს“.

18 წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

საბა მერაბიშვილი, ლუკა ბარბაქაძე, ნიკოლოზ კახელი, სანდრო გამყრელიძე, ნიკოლოზ ჭეფხოძე, საბა გოგრიჭიანი, იაგო ღუდუშაური, გიორგი ბერძენიშვილი, გეგა გიორგობიანი, საბა ჯინჭველაშვილი, ნიკოლოზ დათუნაშვილი, ნიკოლოზ ფანცულაია, ნიკოლოზ ხარებავა, გიორგი ქევანიშვილი, მათე ბერუაშვილი, ნიკა ჯანგულაშვილი, გიორგი ბიზიკაშვილი, გიორგი სუთიაშვილი, ლუკა მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გვრიტიშვილი, ალექსანდრე გაგუა, გიორგი ხონელიძე, მათე მახარაძე, ნიკა ლიპარტელიანი, გოგა ბერიძე, მიხეილ მგალობლიშვილი, ალექსანდრე მამაიაშვილი, ბასილი მიქუჭაძე, ბართლომე ხამაშურიძე, გიორგი ლაგვილავა, ლუკა მუშკუდიანი, რეზო ცხვედიანი, გიორგი კუპრეიშვილი, ლუკა ჭაკუა.

18 წლამდე ნაკრები დასკვნით შეკრებაზე 28 მარტამდე დარჩება, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბი 26 მოთამაშეს შეარჩევს, ხოლო საფრანგეთში 31 მარტს გაემგზავრება.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები