
2017 წლის შემდეგ საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის მუდმივი გამარჯვებული იყო. თუმცა, წელს, ტიტულის ზედიზედ მეცხრედ მოგება აღარ გამოგვივიდა.
ალბათ ღირსებიც არ ვიყავით, რადგან მეტოქეს პატივი არ ვეცით. რაში გამოიხატებოდა ეს უპატივცემულობა? იმაში, რომ ფინალურ მატჩში მარტივი ქულების აღებაზე უარი ვთქვით, ჯარიმები კარში არ დავარტყით და მეტოქის დამარცხება ლელოების ხარჯზე მოვინდომეთ. კი ბატონო, გავიტანეთ კიდეც სამი ლელო და 17 ქულა ავიღეთ, მაგრამ პორტუგალიამ გაგვიტანა ერთი ლელო, ისიც მატჩის მიწურულს და ოთხი ჯარიმა. აიღო 19 ქულა და მოგვიგო.
არ შეიძლება მეტოქის დაუფასებლობა. ტიერ 1-ის გუნდებს არ უთაკილიათ ჩვენთან ჯარიმის კარში დარტყმა, ჩვენ რატომ ვითაკილეთ პორტუგალიასთან, გაუგებრად რჩება.
მეტოქე თამაშობდა პრაგმატულად, გეგმის მიხედვით და გამარჯვებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. ჩვენ გეგმა არ გვქონდა. უფრო სწორად, ერთი მარტივი პრინციპით ვითამაშეთ – მიაწექი, მეტოქეს ჯარიმა გამოტყუე, აუტში გადაიტანე და მოლით შეუტიე. სამჯერ გამოგვივიდა, მეტის უფლება მეტოქემ არ მოგვცა, რადგან ჩვენი გუნდი კარგად ჰყავდა შესწავლილი. არადა, ვერ ვიტყვით რომ დაცვაში კარგად იდგა – ბლომად ჯარიმები აიღეს, მაგრამ იცოდნენ კარში არ დავარტყამდით. ასეც იყო. თუმცა, გამოჩნდა რომ დამამთავრებელი ფაზა კატასტროფულად ცუდი გვაქვს. როდესაც მეტოქე თავს იცავს, ვერანაირ სიახლეს ვერ ვთავაზობთ, არანაირი ფანტაზია არ სჩანს. ასეთ დროს კი, შეცდომებს უკვე ჩვენ ვუშვებთ.
ფაქტობრივად, ტყუილად იდგა მოედანზე უკანა ხაზი, რომელმაც პორტუგალიელთა ხაზი ვერ გაჭრა, ნაპრალი ვერ ნახა, გასაღები ვერ მოუძებნა. ეს მაშინ, როდესაც 20 წუთი რიცხობრივ უპირატესობაში ვიყავით. მეტიც, მეორე ტაიმის დასაწყისში სულაც კაცნაკლული პორტუგალიელები გვიკონტროლებდნენ თამაშს.
არადა, პორტუგალიას პირველი ტაიმში არაფერი გაუკეთებია. ეგ კი არა, ჯარიმებიც ბლომად აცილეს. სამაგიეროდ, მეორეში დაგვჩაგრეს, თამაში წაგვიკითხეს და გვაჯობეს.
ერთადერთი, რაშიც მეტოქეს ვაჯობეთ, შერკინება იყო და ისიც მელიქიძის ხარჯზე, რომელიც ვიზავის ხშირად აჯარიმებდა. დანარჩენ კომპონენტებში პორტუგალია უკეთესი იყო, თასიც ალალად და უსაყვედუროდ დაიმსახურა.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სისტემური პრობლემები გვაქვს და სამუშაო ძალიან ბევრია. ეს მაშინ, როდესაც კონკურენტები უმატებენ, ჩვენ კი, უფრო რეგრესისკენ მივდივართ…
ჩვენ ექვს ერში შესვლას ვითხოვთ, ამ დროს კი, რაგბი ევროპის ჩემპიონატს ვაგებთ…
P.S. არც რაგბის ექსპერტობაზე ვდებთ თავს, არც რომელიმე მწვრთნელზე და სპეციალისტზე უკეთ ვიცით რაგბი. უბრალოდ, ვწერთ იმას, რასაც ვხედავთ…
იხილე მეტი
-
საქართველოს ჩემპიონატი
/ 7 საათის agoმესამე წრე ბევრი გოლით დასრულდა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. თუმცა, ერთი გადადებული მატჩი დარჩა – 4 ოქტომბერს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 8 საათის agoახალგაზრდები საკვალიფიკაციოს მატჩებისთვის ემზადებიან
გააზიარეთსაქართველოს 21 წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საბერძნეთთან საშინაო მატჩით განაახლებს,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 8 საათის agoსაქართველოს ნაკრებმა ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა UEFA-ს ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი