გამოგვიწერეთ

ნაკრები

როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლით გაგვახარეთ

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი გამართა და ისრაელის ნაკრებს 2:2 ეთამაშა. არადა, არ ვიქნებით მტყუანი, თუ ვიტყვით, რომ წაგებაც შეგვეძლო. და ეს იმის ფონზე, რომ ორბურთიანი უპირატესობით ვიგებდით.

მერამდენედ გვიწევს იმის თქმა, რომ ვილი სანიოლი არ არის მაღალი დონის მწვრთნელი და ეს ამ მატჩმაც დაამტკიცა. კი ბატონო, ამხანაგური მატჩი იყო და მწვრთნელი ექსპერიმენტებს არ უნდა მორიდებოდა, მაგრამ…

მეტოქემ გვაჯობა თითქმის ყველა კომპონენტში: ეს იქნება ბურთის ფლობა, კარისკენ დარტყმა, კარში დარტყმა თუ კუთხურები… ისრაელის ნაკრებმა გააკეთა 216-ით მეტი პასი ვიდრე ჩვენ, და პროცენტულადაც, ზუსტი მათი მეტი იყო… რაც მთავარია, მეტოქემ უფრო ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენი გუნდი კი, მოედანზე მხოლოდ იმის იმედად იდგა, როგორმე ბურთი არ გაეშვა, წინ კი ხვიჩა კვარაცხელია რამეს მოიფიქრებდა. ხვიჩამ ორჯერ კი მოიფიქრა, მაგრამ არ გვეყო…

მატჩის შემდეგ ფრანგმა სპეციალისტმა ყველაფერი ფეხბურთელებს დააბრალა. აქვე მისი სიტყვები:

„2:0-ის შემდეგ მეტი ფეხბურთელებს სიმწიფის გამოჩენა მართებდათ. სიჩქარე საჭირო არ იყო. სტრუქტურა უნდა შეგვენარჩუნებინა. გაკვირვებული ვარ, რატომ თამაშობდნენ სწრაფად, როდესაც უფრო მეტად ორგანიზებულად უნდა გვეთამაშა“.

ჩვენ დიდი ხანია გაკვირვებულები ვართ თქვენი მუშაობით და სულ მაგას გეკითხებით – თუ ეგ დაინახეთ, რამე შეცვალეთ თამაშის მიმდინარეობაში? ის თუ დაინახეთ რა გააკეთა მეტოქის მწვრთნელმა? ამხანაგური თამაში როგორც ჩვენთვის იყო, ისე იყო ისრაელის ნაკრებისთვის. მეტოქის მწვრთნელმა რვა შეცვლა გააკეთა, ჩვენ – ოთხი. ამ ოთხიდან ერთი იძულებითი იყო, ხოლო დანარჩენი სამი როდის გააკეთეთ? მართალი ხართ – 75-ე წუთზე… ჩვენც მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ დააგვიანეთ…

თამაშის წინაც ვწერდით, რომ სანიოლის ბევრი საფიქრალი ექნებოდა. სათამაშო სქემასთან ერთად, შემადგენლობაც უნდა გამოეცნო. აქაც მართლები ვიყავით. სამწუხაროდ, ვერცერთი ვერ გამოიცნო.

დაგეთანხმებით პრესკონფერენციაზე ერთ ნათქვამზე, რომ ეს ამხანაგური მატჩი იყო და შედეგზე არ უნდა ვკონცენტრირდეთ. თუმცა, არაფერი გითქვამთ უმთავრესზე, რასაც ხარისხი ჰქვია. ჩვენ რომ დაგვენახა ხარისხიანი ფეხბურთი, არაფერში აღარ მოგედავებოდით, მაგრამ ვერ დავინახეთ. ეს კი პირველი შემთხვევა არ არის… ამიტომ, მართლები ვართ, როდესაც არასწორ ნამუშევარს გიწუნებთ…

თუ თქვენ ყველაფერს ფეხბურთელებს აბრალებთ და ხედავთ არ შეუძლიათ, მაშინ რას აკეთებთ მის გამოსასწორებლად? ჩვენ ვხედავთ რომ ვერაფერს – ვერ იცნობთ სათამაშო სისტემას, შემადგენლობას, ვერ ცვლით თამაშის მიმდინარეობას, ხარისხი არ არის, აღარც შედეგი…

მადლობა ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის, მაგრამ ნუ დაგვამადლით. მით უფრო, რომ იქ მოხვედრისთვის დიდი წვლილი თქვენ ნამდვილად არ მიგიძღვით და უფრო იმ ფეხბურთელებს უმადლოდეთ, ვისაც დღეს აკრიტიკებთ.

ვფიქრობთ, თქვენი თავი საქართველოს ნაკრებში ამოწურეთ. დროა, როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლით გაგვახაროთ…

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები