გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

სტუმართა დღე და უხვგოლიანი მატჩები

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ოთხი მატჩი ჩატარდა და სატურნირო ცხრილში დაძაბული და საინტერესო სიტუაციაა.

კოლხეთი-იბერია 0:1

ერთადერთი გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა პირველი ტაიმის შუაში. კუთხურის შემდეგ მცირე არეულობა იყო და გოშთელიანმა თავურით გადაგზავნა ბურთი კარში.

იბერია ლიდერია და საკუთარ თავზეა დამოკიდებული: თუ დარჩენილ სამივე მატჩს მოიგებს, ჩემპიონი გახდება, რადგან იბერიელები კონკურენტ დილას ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან.

აი, კოლხეთი კი, ბოლო საფეხურზეა.

დინამო (ბთ)-დილა 1:2

ბათუმელებს შეეძლოთ იბერიელთათვის საქმე გაკეთებინათ, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაძლეს. ზღვუსპირელები პირველ ტაიმში ლევან ხოზრევანიძემ დააწინაურა, რომელიც შორეულ ძელთან ჩაუსაფრდა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს.

63-ე წუთზე საპასუხო გოლი დილამ ასევე კუთხურს მოაყოლა – ჟან-მარკ ტიბუემ ჩააწოდა და ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ თავურით გაიტანა.

მოგვიანებით ამ წყვილმა იმავეს გაკეთება კუთხურის გარეშეც მოახერხა – ტიბუეს ჩაწოდება და უატარას თავური.

დილა მეორე ადგილზეა, აი დინამო კი მეშვიდეზე. ბათუმელებს 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, აქედან ბოლო 5 მატჩი წააგეს.

დინამო (თბ)-გაგრა 2:4

გაგრამ დინამოს მოუგო, მეხუთე ადგილზეა და ექვსი ქულით გაუსწრო მერვეადგილოსან გარეჯს. ანუ, გაგრას ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებია ლიგაში დარჩენა, მაგრამ დიდი ნაბიჯი კი გადადგა.

გაგრა საბა ზოიძემ დააწინაურა, რომელმაც კონტრშეტევისას დავით მუჯირის დაბალი პასი გამოიყენა. მალევე, დინამოელმა თორნიკე მორჩილაძემ თავისივე მოპოვებული პენალტიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

მერე სამჯერ გაგრელებმა შეაგდეს: ჯერ მათე ცინცაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით ცხრიანში გაიტანა; მერე გიორგი ხარებაშვილის პასით დავით მუჯირმა; ბოლოს დავით გოცირიძის პირისპირ დარჩა ლორიასთან და 1:4.

დინამოელებმა სხვაობა ბოლოსღა შეამცირეს – აბდულაი იორომ შორიდან ტექნიკური დარტყმა შეასრულა.

გარეჯი-თელავი 3:3

უხვგოლიანი გამოდგა კახური დერბი. ამასთან, წინ ხან ერთი გუნდი იყო, ხანაც – მეორე.

მე-2 წუთზე თელაველთა შეტევას ბაჩანა არაბულის პასი და ნიკოლოზ ბაშელეიშვილის დარტყმა მოჰყვა; ტაიმის ბოლოს გარეჯის კაპიტანმა ლევან პაპავამ გაათანაბრა, მერე გარეჯი გიორგი გოგოლაშვილის გოლით დაწინაურდა; ზედ შესვენების წინ კი, მიხეილ ბაშელეიშვილმაც გაიტანა და გუნდები შესვენებაზე თანაფარდობით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში წინ ისევ თელავი გავიდა – ბაჩანა არაბულმა შეაგდო; გარეჯმა 84-ე წუთზე გაათანაბრა: თამაზ ცეცხლაძემ მასპინძლებს ქულა მოუტანა და შანსი დაუტოვა.

გარეჯი მერვე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება მეშვიდეზე მყოფ დინამო ბათუმს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი