დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალები. ფინალში გასულმა გუნდებმა სერია ერთნაირი ანგარიშებით დახურეს.
ორბი-თსუ 71:96
(16:26; 18:33; 15:19; 22:18)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ამბიციები და სუპერლიგის ნახევარფინალური სერია დამაჯერებლად დახურა. ტყიბულში გამართული სერიის მორიგი შეხვედრა სტუმრების სრული უპირატესობით წარიმართა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძელ ორბს შანსი არ დაუტოვა და სერია 3:1 მოიგო.
თამაში თბილისელთა მძლავრი შეტევებით დაიწყო და პირველივე პერიოდში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რის შემდეგ მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია და დიდ შესვენებაზე პრაქტიკულად გადაწყვეტილი ბედით გავიდნენ.
მესამე და მეოთხე პერიოდებში თამაშის სურათი არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ორბი თამაშში გარდატეხის შეტანას ცდილობდა, მეტოქის კლასმა და დისციპლინამ თავისი გაიტანა.
თსუ-ს შემადგენლობაში კურვოსიე მაკკოლმა 21 ქულა მოინაგრა; ალექსანდრე ფევაძემ 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა;
ქუთაისი-ბათუმი 70:83
(26:13; 23:21; 10:27; 11:22)
ფინალში გასულ თსუ-ს ბათუმი მიჰყვა, რომელმაც სერია იდენტური ანგარიშით მოიგო. არადა, ბათუმელებმა პირველივე მატჩი წააგეს, მოედნის უპირატესობა დაკარგეს, მაგრამ…
ბოლო მატჩი ნამდვილი თრილერი გამოდგა. ბათუმმა თამაში მძიმედ დაიწყო და 0:11 ჩამორჩენის შემდეგ სიტუაცია ვერც პირველი ნახევრის ბოლომდე გამოასწორა, რომელიც 34:49 წააგო. მესამე პერიოდის დასაწყისშივე ქუთაისის ლიდერობამ პიკს მიაღწია — გიორგი სულაბერიძის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 18 ქულა გახდა – 54:36.
სწორედ აქედან დაიწყო ბათუმელთა აღზევება და მესამე პერიოდის დასრულებამდე წამებით ადრე კი, ლევან ბაბილოძის სამქულიანმა ბათუმი მატჩში პირველად დააწინაურა – 61:59.
მეოთხე პერიოდში დემორალიზებულ ქუთაისს აღარაფერი გამოუვიდა. ბათუმელთა ლიდერობამ მალევე 10 ქულას გადააჭარბა და რიონისპირელებმა მატჩი ვეღარ შემოაბრუნეს.
ბათუმის რიგებში საუკეთესო მაირინ ტომასი იყო 22 ქულა, 12 მოხსნა; აკაკი დვალიშვილმა 14 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა; ლევან ბაბილოძემ 17 ქულა; ქუთაისის მხრიდან გამორჩეული 21 ქულით დეტრეკ ბრაუნინგი იყო.